Friday, May 28, 2010

ლემონჯავას ფენომენი ფოთის პოლიტიკაში





ფოთის პოლიტიკური ცხოვრება აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, ფოთს ცენტრიდან კარტბლანშირებული პირები მართავდნენ, მაშინ მოსკოვიდან, ახლა –თბილისიდან და ზუგდიდიდან. ფოთელები მუდამ ცენტრის დანიშნულს ეძახდნენ „ბაბაიას“, თუმცა, ფოთში არაფოთელის დანიშვნას კომუნისტებიც კი გაურბოდნენ, რადგან ეს ფოთელებისთვის მაშინაც და ახლაც ძალიან მტკივნეული თემაა. ფოთელებმა (ალბათ ორიოდ გამონაკლისის გარდა) შეიძლება აიტანონ მათი ბიუჯეტის უაზროდ ფლანგვა, კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, უსამართლო ჯარიმა, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება, ბიზნესის ჩაძირვა, ნარკოტიკის ჩადება და უკანონოდ დაპატიმრებაც კი, მაგრამ, ხმამაღლა თუ არა, პირად საუბრებში მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას ჩამოსულთა დაწინაურების შესახებ.

რაც თავი მახსოვს, ამ ქალაქში რაიმეს მიმართ დიდი პროტესტი არასოდეს გამოთქმულა. ეროვნული მოძრაობის პერიოდში, როცა საქართველო კომუნისტურ რეჟიმს აპროტესტებდა, ფოთში, იმჟამინდელი თეატრის წინ მიმდებარე მოედანი, მხოლოდ სანახევროდ თუ ივსებოდა პროტესტანტებით. სწორედ მაშინ შეარქვეს ფოთს „პენსიონერთა ქალაქი“. მსგავს ინდიფერენტიზმს რამდენიმე ახსნა ჰქონდა: „ფოთი მუშათა და ინტელიგენტთა ქალაქია“,– კომუნისტებისდროინდელ ამ შეფასებას ახლაც ხშირად იმეორებენ ფოთელები და ყოველთვის გიჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება მუშას ან ინტელიგენტს რაიმეზე განსხვავებული აზრი, ან პროტესტი გაუჩნდეს და გამოთქვას ის ხმამაღლა?
ინერტულობის კიდევ ერთ ახსნად მიჩნეულია „ინტრიგნის“ იარლიყის თავიდან აცილება, რაც თავისუფალი აზროვნების დეფიციტზე მიუთითებს. საკუთარი ან სხვათა უფლებების დაცვა, საპირისპირო მოსაზრების გამოთქმა, ხელისუფალთა სამოხელეო დანაშაულში მხილება, საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებულ ხელისუფალთათვის გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოთხოვნა ან, უბრალოდ, თავის არმოტყუება ინტრიგნობად ინათლება და ეს წოდება თითქმის იმავე სიმძიმისაა, როგორც ტოტალიზატორში „პოსლეზე“ წაგებულისთვის „ფუფულოს“ შერქმევა, რასაც ზოგიერთებმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება ამჯობინეს.

„ხმამაღლა ვერ ვიტყვი, ინტრიგანს დამიძახებენ,“– ხშირად გამიგია უსამართლობით და საკუთარი უფლებების უხეშად შელახვით შეწუხებული ადამიანებისაგან. ეს კი იმის ბრალია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნიშან–წყალი ფოთში არ შეინიშნება.
ერთმა ამერიკელმა სტუმარმა, რომელმაც ჩვენთან მოსვლამდე, სწორედ დემოკრატიის ხარისხის შესწავლის მიზნით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი შემოიარა, მითხრა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, ფოთში ამ მხრივ არსებული სიტუაცია მას ძალიან აგონებს აზერბაიჯანს, სადაც, როგორც ცნობილია, დემოკრატიის ხარისხი საშინლად დაბალია.
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასთან ერთად, მოსახლეობისთვის ზუსტი, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროება, რადგან მისი უფლებაა იცოდეს სიმართლე და რაც, არსებული მედიასაშუალებებით, მას არ ეძლევა. ინფორმირებული და საკუთარ უფლებებში გარკვეული მოქალაქე ადვილად გააკეთებს ანალიზს და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, როცა მიხვდება, რომ ატყუებენ. არადა, მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებენ; ატყუებენ ყოველი არჩევნების წინ, როცა ეუბნებიან, რომ ხელისუფლებამ მათთვის ყველაფერი გააკეთა და გააკეთებს; ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეული ადამიანები ჰყავთ სიებში, რომ ყველა მათგანმა თავისი ცოდნა-გამოცდილებით დაიმსახურა ყოფილიყვნენ მათი წარმომადგენლები საკრებულოში – ორგანოში, სადაც ადამიანები სწორედ ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურების მიხედვით უნდა აირჩიონ.

დასაწყისში კომუნისტებისდროინდელი ერთპარტიული მმართველობის პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია. მას ჩვენს თანამედროვეობასთან ბევრი მსგავსება აქვს. ფავორიტიზმი და ნეპოტიზმი ერთპარტიული და ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. დღეს, ფოთშიც გვაქვს ამისი მკაფიო მაგალითი, თუნდაც ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა ლემონჯავას, სახით, რომელსაც ფოთში მხოლოდ თავისი თანაპარტიელი აქტივისტები თუ იცნობენ, ისიც იმ ნიშნით, რომ ის ცნობილი ახალაიების წარმომადგენელი და მათ მიერ ხელდასმულია. ამ არჩევნებით მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, გოჩა ლემონჯავას (რომელიც ქალაქის მმართველის ფუნქციას დე-ფაქტო აქამდეც ითავსებდა), ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს.

ვინ არის ფოთის დე-ფაქტო და სავარაუდოდ დე-იურე მერი და რა ნიშნით უნდა გახდეს ის ამ ქალაქის მმართველი?

ლემონჯავა ინტერვიუზე ჯიუტად არ გვთანხმდება, არადა, წესით, ჩამოსულ კაცს, რომელსაც ქალაქში მართლა არავინ იცნობს, მის შესახებ ჩვენი მკითხველებისთვის, იგივე მისი ამომრჩევლებისათვის, ინფორმაციის მიწოდებით თავადვე უნდა იყოს დაინტერესებული, თუმცა, პირიქითაა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ცნობადობის ამაღლება მისთვის გამარჯვების საწინდარი არაა და ის სხვა ფორმით აპირებს გამარჯვებას.

პროფესიით ექიმი (როგორც შევიტყვეთ, მის დარგში პროფესიონალი) გოჩა ლემონჯავა ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეს მკვიდრია და სულ ორიოდ წელიწადია ფოთის სინამდვილეში გამოჩნდა. 2007 წელს ის ჩხოროწყუს ასოცირებული საკრებულოდან ფოთის მერის მოადგილედ დაინიშნა. დანიშვნისთანავე მკაფიოდ იგრძნობოდა მისი გავლენა ფოთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, მათ შორის ტენდერების განაწილებაში, ბიუჯეტის დაგეგმვა-განაწილებაში, კადრების მოხსნა-დანიშვნაში და ა.შ. გადაჭარბებულ აქტიურობაში გამოიხატებოდა. საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ერთხელ ასეთი რამ მითხრა: „ყველა ჩამოსულთაგან კიდევ ლემონჯავა სჯობს ყველას: მიმწოლია, სხვებს ხმის ამოღებაც არ შეუძლიათ, მას შეუძლია ცენტრში ვიღაცებთან დალაპარაკება და რაღაცის მოთხოვნა, რადგან „კრიშიანიაო“. ამის მთქმელს, ბუნებრივია, თავად თვითმმართველობის არსზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, გულწრფელია. სწორედ ამგვარი, ცენტრის მითითებებზე ცეკვით დაასრულა საკუთარი 4-წლიანი მოღვაწეობა ფოთის ყოფილმა საკრებულომ. კანონით გარანტირებული, დამოუკიდებელი თვითმმართველობის განხორციელების შესაძლებლობის არქონის გამო, პროტესტი არავის გასჩენია. აქაოდა, ინტრიგანს დამიძახებენო და იმით შეშინებულს, რომ მას სოლიდარობას არავინ გამოუცხადებს და, შესაძლოა, წინააღმდეგობის გაწევისთვის ციხეშიც კი აღმოჩნდეს, ხმას არ ან ვერ იღებს. მსგავსი ანგარიშსწორების ნათელ და აშკარა მაგალითად საკრებულოს ექს-თავმჯდომარის, დავით შურღაიას დაკავებაც კმარა.
სწორედ „დაკრიშვის“ წყალობით, ლემონჯავას საკარიერო აღმასვლა ძალიან ადვილად წარიმართა. მერის მოადგილეობის შემდეგ ის იმ ნავსადგურის მთავარ მენეჯერად დაინიშნა, რომელიც თანამშრომლებისგან პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვას ითხოვს, მაგრამ ეს შეზღუდვა, როგორც ირკვევა, სახელისუფლებო პარტიაში აქტიურობას არ შეეხება. ამაზე და ლემონჯავას განუსაზღვრელ გავლენაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის საკრებულოში მოსვლას ორ თანამშრომელთან ერთად აპირებს, რომლებიც მასთან ერთად არიან მმართველი პარტიის სიაში: კახა გუგუჩია, რომელიც ფოთელებისთვის ასევე უცნობია და გარდა მოძრაობა „კმარას“ აქტივისტობისა და აქედან გამომდინარე, გიგი უგულავასთან ნაცნობობისა, მისი მოღვაწეობა საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია და მაგდა მენაბდე, ლემონჯავას მეორე თანამშრომელი, რომელიც მანამდე ტ/კ„მეცხრე ტალღის“ ჟურნალისტი იყო.
ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ლემონჯავას შერჩევა პროფესიონალური ნიშნით მოხდა და ჩხოროწყუელ ექიმს (თუნდაც მის სფეროში წარმატებულს) ფოთის მმართველობაში რაიმე გამოცდილება ან საზღვაო-სანავსადგურე სფეროში შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და კომპეტენცია ჰქონოდა და ფოთში შესაბამისი სპეციალისტი ვერ მოიძებნა.
 
ნაციონალების სიის გაცნობისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თვითმმართველობას კი არა, ცენტრის მორჩილ შემსრულებლთა გუნდს გვთავაზობენ და ფოთის ადმინისტრაციას სამხარეო პროკურატურის ერთ-ერთ განყოფილებად გადაქცევა ემუქრება, თუმცა, ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობა, არც აქამდე იგრძნობოდა. 
თავად ყოფილი მერის, ვანო საღინაძისა (ის, ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრება) და გოჩა ლემონჯავას არაფოთელობის ფაქტი, რაზეც ოპოზიციურად განწყობილნი გამუდმებით აპელირებენ, მხოლოდ ფოთელთა შორის არაპროფესიონალთა დეფიციტზე არ მიუთითებს და ეს იმ გამეფებულ ნეპოტიზმსა და კლანურობას უკავშირდება, რომელიც რეგიონში, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ გავლენიანთა ცვალებადობის მიხედვით იცვლება. ასე, რომ, აქ მთავარი პრობლემა ჩამოსულის ფაქტორი სულაც არაა, რადგან ახალაიას მიერ დანიშნული ნებისმიერი ფოთელიც იმავეს გააკეთებდა და ეს სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ სამეგრელოში განუსაზღვრელი ძალაუფლებისა და გავლენის მქონე სამხარეო პროკურორმა ადგილობრივებში დასაყრდენი ან სანდო ადამიანი ვერ იპოვა. უბრალოდ, მისთვის, ამ ეტაპზე, ლემონჯავა უფრო სანდო და მისაღები აღმოჩნდა, ლემონჯავასთვის – გუგუჩია და მენაბდე და ა.შ. 
ამიტომაც აქ, ჩამოსულის ფაქტორზე გაცილებით დიდი პრობლემა იკვეთება, და ამას, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან, ფასეულობების აღრევა ჰქვია და ეს კანონის უზენაესობის იგნორირება, განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობა, მონობასთან და უსამართლობასთან შეგუება, ნიჰილიზმი და გულგრილობაა...

ხოლო ისეთ საზოგადოებას, რომელსაც ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი „ინტრიგნის“ იარლიყის შიშით არ უჩნდება, „ფუფულო“კი მისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი წოდებაა, სადაც არ არსებობს სოლიდარობის განცდა, უსამართლობის მიმართ გულგრილი და მონური დამოკიდებულებაა და „ოღონდაც მე კარგად ვიყო“– განწყობაა, სანამ 1 კგ. შაქარზე ამომრჩევლის გადაბირება მარტივია, დემოკრატიული არჩევნები და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება დიდხანს ეღირსება, რადგან, როგორც ჟან ჟაკ რუსო ამბობდა: „თავისუფლებაზე მსჯელობა მონების საქმე არაა“...

ელისო ჯანაშია

No comments:

Post a Comment