Wednesday, May 26, 2010

პოლიციელებმა ჟურნალისტები საჯარო სხდომაზე არ დაუშვეს




ზუგდიდში, მთავრობის გასვლით სხდომაზე, რუსთავი 2, ის, პირველი არხისა და იმედის, ადგილობრივი ტ/კ ოდიშისა და ადგილობრივი გაზეთ “ზუგდიდი”-ს ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიასაშუალებები:"სამეგრელოს ქრონიკა,""თავისუფალ სიტყვა,""პრესა.გე" და "ასავალ-დასავალის" სხდომაზე არ დაუშვეს. ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, რუსლან შომახიამ და მისმა მოადგილემ, პრესა.გე-ს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა, გამგეობის შესასვლელიდან, ძალის გამოყენებით, გარეთ გამოიყვანა.

რატომ შეეზღუდა თავისუფალ მედიას მთავრობის სხდომის გაშუქება, ამის გარკვევას ჩვენ პრემიერ მინისტრის პრესსამხურის უფროსთან, ნიკოლოზ მჭედლიშვილთან შევეცადეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე გაზეთებს და სააგენტოებს თბილისშიც არ უშვებენ. თუმცა, ვერ ახსნა ის ფაქტი, თუ რატომ გამოაძევეს მედია გამგეობის შესასვლელიდან, ან რატომ გამოიყენა პოლიციამ ძალა ჟურნალისტზე, მაშინ როდესაც ის წესრიგს არ არღვევდა ვინმეს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა.

პრემიერის პრეს-სამსახური “გარეთ გამოძევებულ” ჟურნალისტებს დაგვპირდა, რომ სხდომის დამთავრების შემდეგ, მინისტრების ჩაწერის უფლება მოგვეცემოდა, მაგრამ დაპირების მიუხედავად, ნაციონლაური არხების გარდა, არც კომენტარების ჩაწერის უფლება მოგვეცა, რადგან არც გამგეობის შენობაში შეგვიშვეს, სადაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები სხვა მედიასაშუალებებისთვის კომენტარს აკეთებდნენ. უფრო მეტიც, პოლიცია გამგეობის შენობის წინ დგომასაც გვიკრძალავდა და არც იმის საშუალება მოგვეცა, რომ მინისტრები შენობის გარეთ მაინც ჩაგვეწერა.

ჟურნალისტების გამგეობის შენობაში არშეშვების "ოპერაციას" პირადად სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან შამახია ხელმძღვანელობდნენ. რატომ გვიკრძალავდნენ ფოიეში შესვლას, ან რომელი ადმინისტრაციული კოდექსით ხელმძღვანელობდნენ მაშინ, როდესაც გამგეობის წინ დგომას გვიკრძალავდნენ, ამ კითხვებზე პასუხი არცერთ მათგანს არ მოუცია. შეგახსენებთ, რომ გუნავა, მ/წ 3 მაისს, გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან ერთად, მესტიის ე.წ. "სპეცოპერაციას" ხელმძღვანელობდა, სადაც ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ოპოზიციური კანდიდატები სახლებიდან და მათ კანდიდატურის მოსხნის განცხადებაზე ზეწოლითა და მუქარით მოაწერინეს ხელი.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, მთავრობა ზუგდიდში რეგიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხების განიხილეველად ჩამოვიდა. თუმცა, სხდომა სულ ნახევარი საათი გაგრძელდა და პრემიერი ნიკა გილაური სხდომაზე სულ 15 წუთი იმყოფებოდა.
ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაგვეგო თუ რა საკითხები განიხილებოდა მთავრობის 15 წუთიან სხდომაზე. ერთადერთი ვისი ჩაწერაც დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გარეთ გამოსვლისას მოვახერხეთ, ეს რეინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი იყო. თუმცა, მას თუ რა საკითხებზე იყო საუბარი სამთავრობო სხდომაზე კონკრეტულად, არ უთქვამს. მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. კომენტარი არც ჟურნალისტების დაყოფასა და მათთვის სხდომის გაშუქებაში ხელიშეშლის ფაქტზე გააკეთა, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ის “ჟურნალისტების მწყემსი და დაცვა არ არის”. კითხვა თემურ იაკობაშვილს 3 მაისის მესტიის ინციდენტზეც დავუსვით, თუმცა, მან მესტიაში მომხდარს ჭორი უწოდა და უმალ მანქანისკენ გაემართა. ჩვენს მორიგ კითხვაზე: რამდენად ადეკვატური “სასჯელია” მესტიის მოვლენების შემდეგ გოროზიას შვებულებაში გასვლა, იაკობაშვილმა მხოლოდ მანქანის კარის გაჯახუნებით გვიპასუხა.

პაატა ლაგვილავა

No comments:

Post a Comment