Monday, May 10, 2010

მესტიის ინციდენტის გამო გოროზია “იძულებით” შვებულებაშია




ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სპეციალურად არჩევნების მონიტორინგისთვის შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, ნომერ პირველ დარღვევად სწორედ მესტიაში მომხდარი ფაქტი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ 5 მაისს მესტიაში სხვა მაღალჩინოსნებთან და შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად ჩასული სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზაზა გოროზია ოპოზიციონერ კანდიდატებს მუქარითა და ძალადობით კანდიდატურის მოხსნას აიძულებდა.

ჩვენი ინფორმაციით, სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ზაზა გოროზიას წინასაარჩევნოდ შვებულებაში გასვლისა და მისი საარჩევნო პროცესისგან ჩამოცილების შესახებ განაცხადა. ინფორმაცია სხდომაში მონაწილე ორგანიზაციის _“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის დირექტორმა, ნინა ხატისკაცმა დაგვიდასტურა: _“უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც სხვადასხვა უწყებათა მეორე პირებისა და არჩევნების მონიტორინგის განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაა დაკომპლექტებული, ნომერ პირველ საკითხად მესტიაში მომხდარზე რეაგირება დაისვა. საბჭოს შექმნის დანიშნულება სწორედ ამგვარ დარღვევებზე მყისიერი რეაგირებაა. გიგა ბოკერიამ მესტიაში მომხდარის შესახებ განაცხადა, რომ ფაქტი შესწავლის პროცესშია და იკითხებიან მოწმეები და მისივე თქმით, ყოველი შემთხვევისათვის, გოროზიას მიეცა რეკომენდაცია გავიდეს შვებულებაში და ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს,”_ განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინა ხატისკაცმა.

გუბერნატორის შვებულებაში გასვლის შესახებ, მის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ გოროზია შვებულებაში მართლაც გავიდა და პოსტს არჩევნების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გოროზიას შვებულებაში გასვლამდე სასწრაფო საკადრო ცვლილება განხორციელდა: ზუგდიდის საკრებულოს ექს-თავმჯდომარე, ვახტანგ ცხადაია, გუბერნატორის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა. ის, ამჟამად, გუბერნატორის მოვალეობას ასრულებს.

წინასარჩევნოდ გოროზიასთვის იძულებით დასვენების “მისჯა”, მართალია, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის არაადექვატური ფორმაა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან, გუბერნატორის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნაწილობრივი აღიარებად მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ახლა უკვე, გოროზიას გუბერნატორის თანამდებობაზე დაბრუნება უფრო მეტ ფასად მოუწევს და ის სამეგრელოში დიდი უმრავლესობით გამარჯვების მოპოვების პროპორციული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გოროზიამ სამეგრელოში მაღალი შედეგი უნდა აჩვენოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოროზია არჩევნებს არათუ ჩამოცილდება, არამედ პირიქით, მისი გააქტიურებაც კია მოსალოდნელი, მით უმეტეს, მაშინ, როცა შვებულებაში გასვლა საარჩევნო პროცესებში ჩარევის ამკრძალავი მექანიზმი სულაც არაა, პირიქით, კანონმდებლობით, შვებულებაში მყოფ საჯარო პირს არჩევნებში მონაწილეობა უფრო თავისუფლად_დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია. გოროზიას ე.წ. “დროებითი ჩამოცილება” კი, მხოლოდ საზოგადოების ზედმეტი გაღიზიანებისგან თავის არიდებით შიძლება აიხსნას.

ელისო ჯანაშია
პაატა ლაგვილავა

No comments:

Post a Comment