ყოფილი თავმჯდომარის ახალი სამსახური ფოთის საზღვაო ნავსადგურია
ნინო თუნთია
ზაალ კუჭუხიძემ ფოთის # 70 საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. იგი, რამდენიმე კვირის განმავლობაში უარყოფდა ხმებს, თნამდებობიდან წასვლის შესახებ. 27 აგვისტოს კი, სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ საუბრის მომენტში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად.
კუჭუხიძე საოლქო კომისიას ხუთ წელზე მეტი თავმჯდომარეობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა(და შედეგებმაც) მის ხელში გაიარა. კუჭუხიძის საარჩევნო მოღვაწეობას სკანდალები არ აკლდა. ლამის, ყოველი არჩევნების წინ ან შემდეგ ოპოზიცია მის გადაყენებას ითხოვდა. ეს უკანასკნელი კი, მუდამ უპრობლემოდ ინარჩუნებდა პოსტს. „თუ მომიყვანთ თუნდაც, ერთ ადამიანს ვინც ჩემზე უკეთეს შედეგს აჩვენებს ტესტირებაზე, დღესვე დავწერ განცხადებას,“ – ამ განცხადებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ხშირად უსვამდა ხაზს ოლქის თავმჯდომარის პოსტზე თავის უალტერნატივობას. თანამდებობის შენარჩუნებაში, კუჭუხიძეს, მმართველი პარტიის კეთილგანწყობაც ეხმარებოდა.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, ეს ურთიერთსიმპატია კიდევ უფრო აშკარა გახდა. ოლქის თავმჯდომარემ, ყველა შესაძლო მეთოდით დაიცვა მმართველი პარტიის ინტერესები.
ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე 9 საჩივარის ავტორი, გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი, ელისო ჯანაშია, რომელიც „თავისუფალი განვითარებისა და უფლებათა დაცვის ცენტრის“ დამკვირვებელი იყო, მთელი დღის განმავლობაში განიცდიდა ზეწოლას, არა მხოლოდ, საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარისაგან. მოგვიანებით, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას კუჭუხიძემ მას პოლიციის ძალით დაატოვებინა საოლქოს შენობა და საშუალება არ მისცა, საკუთარი საჩივრების განხილვას დასწრებოდა. ცხრიდან არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მას შემდეგ, რაც ჯანაშიამ მიმართა საპატრულო პოლიციას, ადგილობრივ შს სამმართველოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შსს სამინისტროს, რომ კუჭუხიძე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდა სხდომას, ოლქთან გამოცხადებულ ადგილობრივ სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ, თავმჯდომარე ნასვამობაზე არ შეუმოწმებიათ. მომდევნო დღეს კი, პოლიციაში ახსნა–განმარტების დასაწერად გაზეთის რედაქტორი დაიბარეს.
უშედეგოდ დასრულდა „ალიანსი საქართელოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზვიად შუბითიძის დაკარგული ხმებისთვის ბრძოლაც. შუბითიძე არ მალავდა, რომ საოლქო კომისიის ერთ–ერთ სხდომაზე საოლქოს თავმჯდომარემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
30 მაისის შემდეგ, კუჭუხიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩენას აღარ აპირებდა, თუმცა მხოლოდ 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ თანამდებობიდან წავიდა.
ქალაქში გავრცელებული ინფორმაციით, კუჭუხიძეს, საოლქო კომისიის ერთ–ერთი წევრი, ჯანო კვაშილავა ჩაანაცვლებს. კუჭუხიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კვაშილავა უკვე მილოცვებს იღებს. საოლქო კომისიაში კი, განმარტეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ, ოლქის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება და მომავალ თავმჯდომარეს კონკურსის წესით შეარჩევენ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, უმაღლესი განათლება, შესაბამისი სერტიფიკატი და საარჩევნო გამოცდილება. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას მოადგილე, სალომე როდონაია, შეასრულებს.
„თავისუფალ სიტყვასთან“ საუბარში ზაალ კუჭუხიძემ არ დამალა, რომ მისი ახალი სამუშაო ადგილი ფოთის საზღვაო ნავსადგურია, თუმცა, თანამდებობა არ დააზუსტა. „მე აღარა ვარ საჯარო მოხელე და შესაბამისად, არც ვარ ვალდებული რაიმე განმარტებები ვაკეთო,“–განაცხადა მან.
No comments:
Post a Comment