ნინო თუნთია
რატომ არემონტებენ ნაჩუქარ ბინებს დევნილები ხელახლა?
ხსენებული პროგრამის ფარგლებში ფოთში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე ჩატარდა და შესახლების პროცესიც დაიწყო.
რა პირობები დახვდათ დევნილებს ახალ, ახლა უკვე მათთვის საკუთრებაში გადასაცემ ბინებში და რამდენად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს მათი საცხოვრებელი გარემო? ამის გამოსარკვევად, დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ვადევნებდით თვალს დევნილთა შესახლების პროცესს.
ეპიზოდი პირველი: „ლუწი თუ კენტი?“- ბინების განაწილება საბავშვო თამაშის პრინციპით.
ოჯახები რამდენიმე კრიტერიუმით შეარჩიეს: აფხაზეთში მებრძოლთა, ინვალიდთა და მეომართა ოჯახები, ისინი, ვინც წლებია ქირით ცხოვრობენ და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები.
17 აგვისტოს, ბინების განაწილების პროცესი ტაბიძის ქუჩიდან დაიწყო. ობიექტზე სპეციალური კომისია მუშაობდა, რომლის შემადგენლობაშიც დევნილთა სამინისტროს სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელი, გოჩა ელერჯია, ფოთის მერი მოადგილე, ავთანდილ ბაბილუა და ფოთის მერიის დევნილთა სამსახურის უფროსი, ვიოლეტა ჯღამაძე შედიოდნენ. კომისიას დევნილთათვის მოსაწონი და მისაღები განაწილების ფორმის მოძებნა გაუჭირდა. ბოლოს, ყველაფერი საბავშვო თამაშის, „ლუწი თუ კენტის“ მსგავსი პრინციპით გადაწყდა: ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების ნომრები ორ სხვადასხვა ყუთში მოათავსეს. დევნილთა სამსახურის სიაში შეყვანილი პიროვნება საკუთარი სურვილით ირჩევდა სასურველ ყუთს და თავისი ხელით იღებდა ნომერს. მაგრამ ამან სიტუაცია ვერ განმუხტა. კომისიის დასახმარებლად ქალაქის მერი, ვახტანგ ლემონჯავაც მივიდა. ”ადამიანებს სრული ობიექტურობის შეგრძნება აქვთ. განაწილება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”-განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქალაქის მერმა, თუმცა სიტუაციის გასაკონტროლებლად მას ყვირილი და ადგილზე დაცვის პოლიციის ორი წარმომადგენლის დახმარება დასჭირდა. პირველ სართულზე საცხოვრებლად შესვლა არავის სურდა.
”საშინელი ნესტია. აქამდე სტამბის შენობაში ვცხოვრობდით არაადამიანურ პირობებში. გვეგონა აქ მაინც გვეშველებოდა, მაგრამ აქაც პირველი სართული შეგვხვდა”- წუხდა ასაკიანი ქალბატონი, მიმოზა შაკაია და ცრემლებით ცდილობდა კომისიის წევრთა გულის მოლბობას.
ვიოლეტა ჯღამაძე, თვითმმართველი ქალაქ ფოთის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი:
”მესმის იმ ადამიანების მდგომარეობა, ვისაც წლების განმავლობაში საკუთარი ჭერი არ ღირსებია, მაგრამ ადამიანები ამით სპეკულირებებნ. სამსართულიან სახლში როგორ შევასახლოთ ყველა მესამე სართულზე ? თავიანთი ხელით იღებენ ყუთიდან ნომრებს და მაინც უკმაყოფილონი არიან. არის შემთხვევებიც, რომელსაც კომისია შესწავლის გარეშე ვერ გაიზიარებს.”
ბინების განაწილება კომისიას აღარ დაუსრულებია. დარჩენილი ოთახები მოგვიანებით, პირველ დღეს არ გამოცხადებულ, ასევე თბილისიდან იძულების წესით გამოსახლებულ ოჯახებზე გადანაწილდა.
ავთანდილ ბაბილუა, ქალაქ ფოთის მერი მოადგილე:
”ამ შენობაში 53 ოჯახი შესახლდა. მათი ძირითადი ნაწილი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებიდან გამოვასახლეთ, ესაა: სტამბის შენობა თამარ მეფის ქუჩაზე, ე.წ. ”პეემკას” შენობა ფალიაშვილის ქუჩაზე, ”სამოქალაქო თავდაცვის” ყოფილი შენობა გორგასლის ქუჩაზე. ეს ობიექტები დაცლილია. ყველა სადავო შემთხვევა შესწავლილი და გადაწყვეტილია. დევნილები დაბინავებულია. რაც შეეხება შენობებს, ისინი საპრივატიზაციო ნუსხაშია და მათი გაყიდვიდან მიღებული თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს შეავსებს.”
ეპიზოდი მეორე: ხელისუფლების ”უწყინარი” ტყუილი?!
მაშინ როცა, ვიცე-მერის მტკიცებით სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიდან გამოსახლებული დევნილები ახალ ბინებში თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ, ”დაბინავებული დევნილები”, ისევ დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ.
”სამოქალაქო თავდაცვის” სამსახურის ყოფილ შენობაში, რამდენიმე ოჯახი კვლავ გაურკვეველ სიტუაციაში ცხოვრობს. რატომ ვერ მოხვდნენ ეს ადამიანები ”დასაბინავებელთა” სიაში? ამ კითხვაზე მათ პასუხი არა აქვთ. თითოეული მათგანის საკითხი განსხვავებულია.
”ნეტავ ერთნაირი პრობლემა მაინც გვქონდეს, რომ დავდგებით და ერთნაირად მოვითხოვთ რაღაცას. ყველას სხდასხვა რამე გვიჭირს და იძულებული ვართ ცალ-ცალკე ვიბრძოლოთ”- ამბობ სამი შვილის დედა, ალინა ჩიტაია. აფხაზეთიდან დევნილობის პირველივე დღეებში რეგისტრაცია გალში გაიარა. მერე ფოთში გათხოვდა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. მეუღლეს საკუთარი სახლი არ ჰქონდა, ცხოვრობდნენ ქირით.მეუღლე ახალგაზრდას გარდაეცვალა. სამივე შვილი ფოთშია დაბადებული და დევნილადაც ფოთშია რეგისტრირებული. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, ესეც ფოთში. ამის მიუხედავად, ახალი ბინა არ მისცეს. ”მაიმედებენ, ალბათ ახალ უბანს რომ ააშენებენ იქ შემასახლებენ, მაგრამ იქაც რომ ვერ მოვხვდე?ეს ჩემი გალში მიწერის ბრალია. თვრამეტი წელია აქ ვცხოვრობ და სადღა წავიდე?”-დაპირებებს ეჭვით უყურებს ალინა ჩიტაია.
50 წლის მერაბ მაშავა, კი თავს ჩინოვნიკთა შეცდომის მსხვერპლად.
”აფხაზეთიდან წამოსული, რუსეთში ვცხოვრობდი. ფოთში, უფროსი ძმის გარდაცვალების გამო დავბრუნდი. განერვიულებულს, აღების დროს ყურადღება არ მიმიქცევია რა ეწერა მოწმობაში. მერე კი ვნახე, რომ მისამართი არ მქონდა. ამის გამო ვერც სამსახურს ვშოულობ, ვერც დევნილისთვის განკუთვნილ დახმარებებს და შეღავათებს ვიღებ. ჩემი და და დედა ტაბიძის ქუჩაზე, ერთ ოთახში შეასახლეს. მე ჰაერში დავრჩი. მითხრეს შეცდომით ჩაგიწერეთ მისამართის გარეშეო. გამოდის, რომ ვიღაცის შეცდომის მსხვერპლი ვარ? ეს შენობა გასაყიდია და დევნილებისაგან დავცალეთო რომ ამბობენ, მოვიდნენ და ნახონ როგორაა დაცლილი. ერთი ოთახი მაქვს და ადამიანის საცხოვრებელს ძლივს დავამსგავსე. აქედან ცოცხალი არ გავალ და მკვდარს თუ გამიტანენ არ ვიცი.”- აცხადებს ის და ვერ გაუგია რაში დასჭირდა ქალაქის ხელისუფლებას ტყუილი.
დანარჩენ ოჯახებში ზედმეტი საუბრისაგან თავს იკავებენ. ”ახლა რაღაცას მაინც გვპირდებიან და რომ ვილაპარაკოთ, იმასაც არ მოგვცემენო”-იმართლებენ თავს.
ხელისუფლება კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ სტრატეგიული ობიექტები დაცალა და ყველა ოჯახი დააბინავა.
ახალმოსახლე დევნილები კი, ბინების მიღებიდან დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, ახალ პრობლემებს ეჭიდებიან. თითქმის ყველა ოჯახს, ერთნაირი პრობლემები აქვს: მოშლილი საკეტები, დაობებული და დაბზარული კედლები, ნესტი, უხარისხოდ დაგებული იატაკი, ასევე უხარისხოდ დამონტაჟებული გაყვანილობა, მორყეული უნიტაზები და ონკანები, ყველაზე მთავარი კი სამელი წყლის არ ქონაა.
სალიების ოჯახი თბილისიდან გადმოსახლდა. როგორც ამბობენ, მათ ბინას საკეტი თავიდანვე არ ჰქონდა, აბანოში იატაკი ისეა დაქანებული, რომ ტრაპის ნაცვლად წყალი მისაღებ ოთახში გამოდის, კედლები დაობებულია, წყლის მილები კი უბრალოდ შეჩრილია კედელში, თორემ სისტემასთან მიერთებული არ არის. შენობის იმ ნაწილში, სადაც სალიების გარდა 20-მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყალი საერთოდ არაა.
ლანა ბოკუჩავა ახალ ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დევნილთა დახმარების იმედად ცხოვრობს. მეუღლე არა ჰყავს. მარტოს ბავშვების რჩენა უჭირს. იმის გამო, რომ წიგნები და სხვა სასკოლო ნივთები არა აქვთ ლევანი, ლიკა და ანა სკოლაში ვერ დადიან. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მათი ახალი სახლი ქალაქის გარეუბანშია. აქ საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს, სკოლა, ბაღი, თუ ბაზარი კი შორსაა. წვიმის დროს და შემდეგაც ეზოში იმხელა გუბეები დგება გადაადგილება ჭირს, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი, ლამის მუდმივად დატბორილია.
ლანა ბოკუჩავა, დევნილი:
”რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის წარმომადგენელი გვესტუმრა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ნანახით კმაყოფილი დარჩა. ისინი მილიონებს იხდიან ჩვენი პირობების გასაუმჯობესებლად და ალბათ, არც ელოდა ასეთი რამ თუ დახვდებოდა. დაგვპირდა, რომ ყველაფერში გაერკვევა და რითიც შეძლებს დაგვეხმარება. ვნახოთ, მალე გამოჩნდება სანდოა თუ არა მისი დაპირება.”
ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სასწავლო ცენტრისა და გორგასლის ქუჩაზე მდებარე ვეძისის ტიპის ხუთსართულიანი სახლის სარემონტო სამუშაოები ერთმა ფირმამ ”დასავლეთსაქგაზმშენმა” ჩაატარა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2009 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა და ერთ ლოტად გამოტანილი ორი ობიექტის, ანუ 98 ბინის (საერთო ფართობით 4 290 კვადრატული მეტრი) საცხოვრებელ პირობებთან ადაპტირების ვალდებულება სამშენებლო ფირმას, შპს „დასავლეთსაქგაზმშენს“ დააკისრა. სამუშაოები, საბოლოო ღირებულებით 1 063 378 ლარი, „დასავლეთსაქგაზმშენმა“ 2010 წლის 24 მაისს ჩააბარა.
სამუშაოებს, ფონდიდან მივლინებული თამაზ ნაფეტვარიძე ზედამხედველობდა. მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, კონსტანტინე მგელაძე და „დასავლეთსაქგაზმშენის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ფილიპია აწერენ, წერია, რომ ფონდმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაო ხელშეკრულების მიხედვით და თვლის, რომ ის პასუხობს მოქმედ სამშენებლო ნორმებს. თუმცა ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, სამუშაოების ჩაბარებიდან(24.05.2010) 12 თვის განმავლობაში ფირმას საკუთარი სახსრებით მათი გამოსწორების ვალდებულებაც დაეკისრა.
რატომ ჩათვალა ფონდმა სტანდარტების შესაბამისად სამუშაო, როცა შენობის კედლებზე ნესტის ლაქები და ბზარები ჯერ კიდევ დევნილთა შესახლებამდე, გარე დათვალიერებითაც ეტყობოდა, საკეტები მოშლილი, წყალ-კანალიზაციის სისტემები კი გაუმართავი იყო?
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირთ. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ფონდში დავუკავშირდით, ტექნიკური განყოფილების წარმომადგენელი, ზაზა ფირცხალაიშვილია. მისი განმარტებით, ახალმა ხელმძღვანელობამ რეორგანიზაციის მიზეზით, ფონდიდან 20-მდე ადამიანი დაითხოვა, მათ შორის, თამაზ ნაფეტვარიძეც, ვინც ფოთში ობიექტებზე იყო მიმაგრებული. ხოლო, სანამ ახალი ხელმძღვანელობა დეტალებში არ გაერკვევა და რეორგანიზაცია არ დასრულდება, ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება გაგვიჭირდება.
დღეების განმავლობაში ვცდილობდით დაკავშირებას „დასავლეთსაქგაზმშენის“ ხელმძღვანელთან, ზურაბ ფილიპიასთან მის პირად ტელეფონზე. მამაკაცი, ვინც ბოლოს სატელეფონო ზარს უპასუხა, ფილიპიას ნათესავად გაგვეცნო. მისი თქმით, ფილიპია საქართველოში არ არის, ის თურქეთშია და მისი დაბრუნების თარიღი უცნობია, მას სამშენებლო ფირმასთან არავითარი კავშირი არა აქვს და არც რაიმე საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
ხსენებული ობიექტების რეაბილიტაციის პროცესში, ფოთის მალთაყვის უბნის მართვის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, რომეო ჩაჩხიანი სამუშაოებზე კოორდინატორად იყო მიმაგრებული. ის არ უარყოფს, რომ სამუშაოებში ხარვეზები ჯერ კიდევ, დევნილთა შესახლებამდე აღმოაჩინეს.
რომეო ჩაჩხიანი, ფოთში დევნილთა კოლექტიური ცენტრების სარებილიტაციო სამუშაოების კოორდინატორი:
„ ორივე ობიექტი თითქმის ვადების დარღვევის გარეშე ჩაბარდა. მართალია, რომ აქ სარემონტო სამუშაოები გარკვეული ხარვეზებითაა ჩატარებული, მაგრამ ჩვენ მიღწეული გვაქვს შეთანხმება ფირმასთან და რამდენიმე დღეში ისინი დაიწყებენ მათ გამოსწორებას. თუმცა, როცა საუბარი იატაკის გამოცვლაზეა, არა მგონია, რომ ეს მოხდეს.“
ავთანდილ ბაბილუა, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე:
”ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა მთელს ამ განსახლების პროცესიში მინიმალურია. მთელის სამუშაო სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაგვარეს. ისიც კი არ ვიცი, რომელმა ფირმამ იმუშავა და რა დაიხარჯა. რაც შეეხება, რემონტის ხარისხს, იდეალური არ იყო, ერთი შეხედვითაც ჩანდა. ვმუშაობთ, რომ რისი გამოსწორებაც შეიძლება, მაქსიმალურად გამოსწორდეს. არ ვიცი რისი ბრალია, ადგილობრივი კლმატი არ გაითვალისწინეს თუ არასათანადოდ ომუშავეს, მაგრამ ხარვეზები არის და ამის უარყოფა შეუძლებებლია.”
სანამ სახელისუფლებო შტოები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამშენებლო ფირმა და ფონდი ერთმანეთში შეთანხმდებიან, ლიკა, ანი და ლევანი ისევ ვერ ივლიან სკოლაში, რადგან სკოლა მათი სახლიდან შორსა, წიგნები კი ძვირია. დროს ვერც ეზოში გაატარებენ, წვიმის შემდეგ კვირაობით აქ იმხელა გუბეებია, სათამაშო ადგილიც აღარ რჩება.
გართობისათვის არც შაკაიების ოჯახის პატარა წევრებს სცალიათ, ნაჩუქარ ბინაში დაობებულ კედლებს ხელახლა ღებავენ. აყრილი იატაკი თავიდანაა დასაგები, მაგრამ ამისათვის ფული არა აქვთ და ავეჯი, პირადი ნივთები და სათამაშოები დერეფანში, ისევ ყუთებში აწყვია, საპირფარეშოთი სარგებლობაც არ შეუძლიათ, საუბრისათვის უხერხული თემაა, მაგრამ მაინც არ მალავენ, უნიტაზი ისეა დამონტაჟებული, რომ სითხე ჟონავს.
დატბორილი ეზო, იქვე მიტოვებული, ჩამონგრევის პირას მისული უსახური ნაგებობა, მობალახე ძროხები - ამ უღიმღამო პეიზაჟის შემხედვარემ, ძნელია დაპირებული „ევროსტანდარტების შესაფერისი სპორტული მოედანი, სალონი, მაღაზიები და საცხოვრებელ პირობებთან მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო“ წარმოიდგინო. ”აფხაზეთს მაინც ვერაფერი შეგვიცვლის”- ამბობენ ისინი, ვისაც საკუთარი სახლის ყოველი კუთხე ჯერ კიდევ სრული სიცხადით ახსოვს. ”ამბობენ, მალე ყველაფერი გექნებათო, ბაღიც იქნება და მოედანიცო. მაგრამ ჯერ ერთი მაღაზიაა და იქაც ისე ცოტა რამე იყიდება, ვერაფერს ვერ ამოარჩევ”-ჩივიან ისინი, ვისაც მშობლიური სახლ-კარი და კუთხე თვალითაც არ უნახავს.
No comments:
Post a Comment