ელისო ჯანაშია
ფოთის ნავხადგურის მოიჯარე ფირმების მუშებმა, დღეს, მერიისა და შემდგომ ნავსადგურის შენობის წინ, აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა კუთვნილი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და დასაქმება იყო. მათი თქმით, ფირმების: „ჯეესკოსა“ და „პრომედკო“ 400 თანამშრომელს რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუღია და ისინი, ხელმძღვანელობის მითითებით, უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან.
_„2 თვეზე მეტია, გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. გვითხრეს უფასო შვებულებაში გადითო და სამუშაო როცა იქნება, დაგიძახებთო. ზოგს სამი თვის ხელფასი აქვს ასაღები, ზოგს 5 და მეტისაც და არ გვაძლევენ. უფროსობა, რამდენი ხანია, არც გამოჩენილა, თუ გამოჩნდებიან, ახლოს არ გვეკარებიან, ადამიანებად არ გვთვლიან. ახლა უკვე ტერიტორიის შიგნითაც აღარ გვიშვებენ, რომ ვინმე არ შევაწუხოთ.
ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო ეს სამუშაო იყო. ჩვენს უკან ოჯახები დგას და დაგვტოვეს მშივრები. აქ მერთან შესახვედრად მოვედით, რომელიც 10 დღის წინ პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა. დღეს კი, საერთოდ არ დაგვხვდა. გევუბნებიან, ქალაქში არ არისო. რა ვქნათ? ვის მივმართოთ?“- მსგავსი განცხადებები ფოთის ადმინისტრაციული შენობის წინ დახლოებით 1 საათის განმავლობაში, აქციის 50-მდე მონაწილისგან ისმოდა. აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული შენობიდან მხოლოდ მერის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ია ტუღუში გამოეხმაურა და მათ დაშლისაკენ მოუწოდა, რადგან მერი ადგილზე არ იმყოფებოდა და მათ იქ დგომას აზრი არ ჰქონდა.
აქციის მონაწილეების პრეტენზია, ფირმების აღმასრულებელი დირექტორების: გოჩა კურდღელიასა და ლევან ჯღარკავას მისამართით ისმოდა. კურდღელიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის ფოთში არ იმყოფება, პრობლემას ასე ღრმად არ იცნობს და, ამდენად, პასუხს ვერ გაგვცემს. ხოლო ჯღარკავამ, აღნიშნული პრობლემის მიზეზად, ნავსადგურის მიერ მათთან გაწყვეტილი ხელშეკრულება დასახელა:
_“ ნავსადგურმა სრულიად უსამართლოდ გაგვიწყვიტა ხელშეკრულება. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ და პროცესს ველოდებით. ფირმა როცა გაკოტრების პირასაა, ყველა ქვეყანაში ასეა: ვიღაცები სამუშაოს კარგავენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება, ამ ადამიანების მოთხოვნას ხელფასებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანია და მათ აუნაზღაურდებათ სახელფასო დავალიანება. თუმცა, რამდენად გაააგრძელებენ მუშაობას ეს სასამართლოს შემდეგ გაირკვევა. მეც დაქირავებული მენეჯერი ვარ და მათ მსგავსად, მეც არ ამიღია რამდენიმე თვის ხელფასი და მეც ვკარგავ სამუშაოს.“
აქციის მონაწილეები, ვანო ჩხარტიშვილისთვის ხმის მიწვდენას ითხოვდნენ, რომელიც, მათი თქმით, აღნიშნული ფირმების დამფუძნებელია. მოთხოვნის კიდევ ერთხელ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ნავსადგურის რკინიგზის ბლოკირებითაც იმუქრებოდნენ, რასაც ყურადღების მიქცევის ერთადერთ გზად მიიჩნევდნენ.
აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი თანამშრომელი, შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. როგორც შემდგომ გაირკვა, ის ახლომდებარე სოფლიდან ჩამოსულა და დილიდან მშიერი იყო.
_“ ასე მშივრები დაგვტოვეს. რა ქნას ახლა ამ კაცმა? შიმშილს კიდევ ნერვიულობა დაემატა და გახდა ცუდად, აბა რა იქნებოდა?!“- ცხარობდნენ აქციის მონაწილეები.
ამის შემდეგ აქციამ ფოთის ნავსადგურის შენობასთან გადაინაცვლა, თუმცა, ნავსადგურის ადმინისტრაციიდან მათ არავინ გამოხმაურებია.
No comments:
Post a Comment