Monday, November 15, 2010

„თავისუფალი სიტყვის“ რედაქციის საკეტი უცნობმა პირმა წებოთი ამოგმანა





      15 ნოემბერს, დილით, თავისუფალის სიტყვის” რედაქციაში მისულმა ჟურნალისტმა  კარი ვერ გააღო, რადგან საკეტის ბუდე გაურკვეველი ნივთიერებით  საგულდაგულოდ იყო დაფარული. დასვრილი იყო კარის სახელურიც, თუმცა ნივთიერების კვალი არ აღინიშნებოდა იატაკსა და კედლებზე. 

      შემთხვევის ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ადგილის ზედაპირული დათვალიერების შემდეგ,  საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, შსს-ს ფოთის სამმართველოს ჯგუფი გამოიძახეს. ადგილზე გამოცხადებულმა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა, მალხაზ კვაშილავამ, კარი დაათვალიერა და საკეტიდან და სახელურიდან შიშველი ხელით დაიწყო ნივთიერების მოცილება, რომელიც მისი განმარტებით წებო „მომენტი“ იყო. ამის შემდეგ მან საკეტს გასაღები მოარგო და რამდენიმე მცდელობის შემდეგ კარი გააღო. „ესაა ვიღაცის სპეციალურად გაკეთებული, რაღაც მათხოვრული საქციელი. ალბათ, ვიღაცაზე რაღაცა მიწერეთ-მოწერეთ, გამწარდა და ასე გადაგიხადათ სამაგიერო,“- დაასკვნა კვაშილავამ. მისი თანმხლები კი ვარაუდებში კიდევ უფრო შორს წავიდა და ეჭვი ოფისის თანამშრომლებზე მიიტანა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს პოპულარობისა და ყურადღების მიქცევის მიზნითაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

     რედაქციაში პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოჩა ჭუმბურიძეც მოვიდა. ის ძირითადად გაზეთის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო ჯანაშიას ადგილსამყოფელითა და ქალაქში მისი დაბრუნების შესაძლო თარიღით დაინტერესდა.

-„თქვენ მაინც რას ფიქრობთ? მაინც ვისზე გაქვთ ეჭვი? კარები ხომ ნამდვილად არ იყო ნაწვალები, უბრალოდ წებო ესვა?“- დაახლოებით ამ შინაარსის კითხვების დასმის შემდეგ, სამმართველოს თანამშრომლებმა ნახევარ საათში  დატოვეს რედაქცია.

მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში კრიმინალისტები გამოჩნდნენ და თავიანთი კოლეგების ნამოქმედარით აღშფოთებულნი დარჩნენ.

-„ჩვენს გარეშე კარი არ უნდა გაეღოთ. პრაქტიკულად აღარავითარი კვალი აღარაა. მაგრამ ადგილი მაინც უნდა დავასურათოთ და კარის საკეტი ამოვიღოთ“- განაცხადა კრიმინალისტმა ლელა მანიამ.

     კრიმინალისტთა განმარტებით, საკეტის წებოთი დაფარვას შეიძლება კონკრეტული მიზეზი ჰქონდეს. ამ გზით საკეტის მცირე ზომის ნაწილები რბილდება და ზემოქმედებას იოლად ექვემდებარება. მისი თქმით, აღნიშნული  მეთოდით მძარცველები ხშირად სარგებლობენ.

      კრიმინალისტების თქმით, ფაქტზე საქმე სავარაუდოდ არ აღიძვრება, რადგან მათ პრაქტიკულად შესასწავლი აღარაფერი დახვდათ(მათივე კოლეგების დაუდევრობის თუ მიზანმიმართული საქციელის გამო) და რედაქციის თანამშრომლებმა ვერც შესაძლო ეჭვმიტანილი დაასახელეს(?!)

ელისო ჯანაშია, გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ დამფუძნებელი და რედაქტორი: 

-“ეს არ არის რიგითი ხულიგნური ფაქტი, როგორც ამის წარმოჩენას ახლა ცდილობენ პოლიციელები. ამავე სადარბაზოში განთავსებულია, ვიცე-მერის, მამუკა ბაბილუას ოფისი და 15-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუ ეს შემთხვევითობაა, რატომ არ მოხდა ასევე „შემთხვევით“, მისი ოფისის ან ხვა რომელიმე მეზობლის საკეტის ამოქოლვა?

     მას შემდეგ, რაც გამოვაქვყნეთ ორი ჟურნალისტური გამოძიება: „ყალბი პირადობებით მოგებული არჩევნები“და “მაგრად“ შემოჭერილი ქამრები“(www. tavisupalisitkva.blogspot.com), რომელიც არჩევნების გაყალბების შესახებ უტყუარ ფაქტებსა და ბიუჯეტის ფლანგვის შესახებ მტკიცებულებებს შეიცავს, ბუნებრივია, ვიღაცას არ მოეწონა. ეს შესაძლოა, მივიჩნიოთ გაფრთხილებად ან პროტესტის გარკვეულ ფორმად იმათი მხრიდან, ვისაც ჩვენი საქმიანობა არ მოსწონს. პოლიციელების მიერ, ნაადრევად გამოტანილი დასკვნა „ვინმე გამწარებულის მიერ შურისძიების“ შესახებ, ზუსტად ასახავს რეალობას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია დამნაშავეს არ გამოავლენს და ამის მიზეზად "წაშლილ კვალს" და მოწმეების არარსებობას დასახელებს. ეს არაა ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის პირველი გაუხსნელი ფაქტი, ამიტომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ განვიხილავ მას რიგით ხულიგნობად ან ბავშვის ანცობად.“

 

ნინო თუნთია

 

No comments:

Post a Comment