Wednesday, November 17, 2010

ამერიკის ელჩი ფოთს სტუმრობდა

 

17 ნოემბერს, სენაკი-ფოთის გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა დაათვალიერა. მშენებლობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ოჯახებისათვის ელექტროენერგიასა და გაზზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამშენებლო ობიექტებზე შექმნილ ახალ სამუშაო ადგილებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონისთვის დახმარების გაწევა და ენერგოსექტორის მოდერნიზებაა.  

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან თანმშრომლობით, მიმდინარე პროექტის ხანგრძლოვობა 30 თვეა, მას  USAID 115 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს, რომლის განხორციელების შემდეგ ენერგია ფოთის, სენაკის, ხობის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მიეწოდება.

 ელჩმა ენერგეტიკის მინისტრთან, ალექსანდრე ხეთაგურთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულთან, ზაზა გოროზიასთან ერთად, გაზსადენის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. 

„პროექტს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ვახორციელებთ. პროექტის მნიშვნელობა დიდია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის გააუმჯობესებს ფოთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გაზრდის. ამასთან, როგორც მილსადენის მშენებლობის პროექტზე, ასევე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშიც, რომელსაც მილსადენი მიუერთდება,  იზრდება მოსახლეობის დასაქმების შანსი. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი ქართული ორგანიზაციები დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და მათ მიერ შესრულებული სამუშაო მაღალი ხარისხისაა. პროექტის სიკეთეებს სულ მალე მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს,“– განაცხადა ჯონ ბასმა.

ელჩი ვარშავის რეზოლუციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ რეზოლუციით ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, გამოხატავს სურვილს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებით აიღო. 

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ელჩმა მცირე ექსკლუზიური ინტერვიუ „თავისუფალ სიტყვას“ მისცა და  რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე  და გახმაურებული მესტიის სპეცოპერაციაზე (http://tavisupalisitkva.blogspot.com/2010/05/blog-post_04.html) დასმულ კითხვებზე გვიპასუხა:

-         მე ვფლობ ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რაც შეეხება, მესტიაში წინასაარჩევნოს მომხდარ შემთხვევას (რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ  წანასაარჩევნოდ მესტიაში ოპოზიციური კანდიდატების დასაშინებლად სპეცოპერაცია ჩაატარა–ავტ.) მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე და ჩემს ევროპელ კოლეგებს გვაქვს საუბარი საქართველოს მთავრობასთან და ვცდილობთ ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, რომ გაგრძელდეს ეს მიმდინარე გამოძიება და ბოლომდე იქნეს მიყვანილი ყველა საქმე, რომელიც შეეხება საარჩევნო კანონდმდებლობის დარღვევას წანასაარჩევნო პროცესში თუ თავად არჩევნებისას მომხდარ შემთხვევებს.

-         თქვენ გაქვთ რეგიონულ მედიაში მუშაობის გამოცდილება. დიპლომატიური საქმიანობის დაწყებამდე, ჟურნალისტი ბრძანდებოდით. რამდენად იცნობთ რეგიონული მედიის მუშაობას და ადგილობრივი ჟურნალისტების პრობლემებს?

-         საელჩო ბევრს მუშაობს საქართველოში პროფესიონალური ჟურნალისტიკისა და მედიის, როგორც ბიზნესის  განსავითარებლად და მხარდასაჭერად. როცა ვსაუბრობთ რეგიონულ ჟურნალისტიკაზე აქ არსებობს რიგი გამოწვევბი მედიის, როგორც ბიზნესისითვის და ჟურნალისტებისთვის თავისი საქმიანობის განსახორცილებლად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ხელისუფლებასთან გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა. ხელისფლების ყველა რგოლზე უნდა გაიაზრონ ის მომენტი, რომ მედიასთან ურთიერთობა, ესაა გზა, საშუალება საზოგადოების ინფორმირებისა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა. რეგიონული მედიისათვის განსაკუთრებით რთულია დინამიურობისა და  მდგრადობის შენარჩუნება ეკონომიკური მიზეზებით.  მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობა აშშ–შიც კი მუშა პროცესია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ესაა მათი პასუხისმგებლობა: ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოებასთან. ამის შემდეგ საქართველომ თვითონ უნდა მონახოს ბალანსი.“

 უახლოეს მომავალში ელჩი კიდევ ერთხელ ეწვევა ფოთს. ამჯერად, ის ჩვენს რედაქციაში სტუმრობასა და ჩვენი მედიასაშაულების მუშაობის უკეთ გაცნობას დაგვპირდა.

 ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment