


ფოთში, წყლის დაბინძურების შესახებ, იმ წერილებიდან გახდა ცნობილი, რომლითაც მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსი, ბოლო რამდენიმე თვეა, რეგულარულად მიმართავს ფოთის „წყალმომარაგების სერვისცენტრს“.
სასმელ და რეკრეაციულ წყლებს შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“ რეგულარულად ამოწმებს და შედეგებს ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურს აცნობებს.
პირველი წერილი, რომლითაც „ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა“ ჯანდაცვის სამსახურს მიმართა მიმდინარე წლის 21 ივლისითაა დათარიღებული და მასში მითითებულია, რომ წყალი არასაკმარისადაა დაქლორილი, წყალში აღმოჩენილია ნაწლავის ჩხირი, სპორაწარმომქმნელი მიკროორგანიზმების მცოცავი ზრდა.
იგივე შინაარსისაა სამსახურისთვის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეებში მიწოდებული ინფრომაციაც. ამის შესახებ, ჯანდაცვის სამსახური წერილობით აფრთხილებდა ფოთის „წყალმომარაგების სერვისცენტრს“.
ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე(29 ნოემბერს), ქალაქის წყალმომარაგების მდგომარეობაზე სასაუბროდ მიწვეულ სერვისცენტრის უფროსს, ნუგზარ ფაცაციას საკრებულოს წევრებმა დაბინძურებულ წყალზე დაუსვეს კითხვები.
ნუგზარ ფაცაციამ, წყლის დაბინძურება ქალაქის შიდა ქსელის გაუმართაობით ახსნა. „სანამ სისტემა მწყობრში მოვა, უნდა როგორმე გავიტანოთ თავი, მილები დამპალი და ამორტიზირებულია, ხშირია დაღვრები. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ, მაგრამ, სანამ შიდა ქსელის სრული რეაბილიტაცია არ მოხდება ვითარება ვერ შეიცვლება.“- განაცხადა მან.
კითხვაზე, რატომ არ ხდება მოსახლეობის გაფრთხილება, სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევების გამოვლენისას, ნუგზარ ფაცაციას განცხადებით, სერვისცენტრი იზრუნებს ამ პრობლემის მოგვარებაზეც.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, დაბინძურებული წყლით გამოწვეული მწვავე გასტროენტერიტისა და ენტეროვირუსული ინფექციის შემთხვევებით, ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოს, 130-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
წყლის დაბინძურების ბოლო შემთხვევა, ნოემბრის თვის ბოლოს კუნძულის უბანში, თავდადებულის ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის ცენტრისაგან ამ დრომდე წყლის დაბინძურებაზე ინფორმაცია აღარ მიუღია. რაც შეეხება, სამსახურის მიერ მოსახლეობისათვის სიფრთხილის ზომების მიღებაზე ინფორმირებას, სამსახურში აცხადებენმ რომ მათი კომპეტენცია მხოლოდ სერვისცენტრის გაფრთხილებაა და არა მოსახლეობის, რადგან დაბინძურების ერთეული შემთხვევები არ შეიძლება მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზეზი გახდეს.
P.S.ფოთის მოსახლეობა მესამე წელია სამელ წყალზე გაზრდილ ტარიფს იხდის-0,55ლარს ერთ კუბურ მეტრზე. ტარიფის გაზრდა იმ 27-მლნ-იანი წყალმომარაგების პროექტის ნაწილია, რომელიც დასრულებულად ჯერ კიდევ 2009 წელს, ფოთში სპეციალურად ამის აღსანიშნავად ჩამოსულმა ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ეს იმ „უმაღლესი ხარისხის“ სასმელი წყლის ღირებულებაა, რომელიც ფოთელებს 24 საათის განმავლობაში, მარტვილის რ-ნის, სოფ. ბალდის სათავე ნაგებობიდან თვითდენით უნდა მიეწოდებოდეთ. (ამ პროექტის წარუმატებლობის შესახებ ადრე ვიუწყებოდით: „ფოთის 24–საათიანი წყალმომარაგება – თაღლითობა თუ ათასწლეულის პროექტი?“ http://tavisupalisitkva.blogspot.com/2010/07/24.html)
ქალაქის წყალმომარაგების ახალი პროექტი 20 მილიონიანია, რომლის მიზანიც ქალაქის გამრიცხველიანება და შიდა ქსელის სრული რეაბილიტაციაა. „წყალმომარაგების სერვისცენტრის“ ინფორმაციით, ამის შემდეგ ფოთში სასმელი წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. თუმცა, ამ დრომდე, მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს კვირაში სამჯერ(ზოგჯერ, კვირაში ერთხელ) რამდენიმე საათით მოსულ, ხშირად ჯანმრთელობისათვის საშიშ წყალში იხდის.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment