Thursday, January 20, 2011

უსამართლო გადასახადები და უუფლებო გადამხდელები


ელისო ჯანაშია


ფრანგი ეკონომისტი, კლოდ ფრედერიკ ბასტია, 1849 წელს, საფრანგეთის მესამე რევოლუციიდან ერთი წლის თავზე გამოქვეყნებულ ნაშრომში -„კანონი“-წერდა: სახელმწიფოს ადამიანები თავდაცვის ერთობლივი ორგანიზების მიზნით ქმნიან და მისი არსებობა გამართლებულია მხოლოდ მანამ, სანამ ის ამ ფუნქციას ასრულებს; კანონი ბუნებრივი წესრიგის მანიფესტაცია უნდა იყოს: ის სამართლიანია, თუკი ყოველი ადამიანის სიცოცხლეს თავისუფლებასა და საკუთრებას თანაბრად იცავს, ხოლო უსამართლოა, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს, სხვების ხარჯზე, პროტექციას უწევს; ყველას აქვს უფლება საკუთარი რისკით და ხარჯით იცხოვროს, მაგრამ არავის აქვს უფლება საკუთარი შეხედულებები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები სხვებს ძალით მოახვიოს თავს. ძარცვის დაკანონება ცივილიზაციას კრახს უქადის.

უსამართლო გადასახადებით შეწუხებული ადამიანებისგან, დღეს, ხშირად გავიგონებთ, რომ დღევანდელი საქართველოს საგადასახდო კოდექსი არ ითვალისწინებს გადამხდელის ინტერესებს და ის უბრალოდ, დაკანონებული ძარცვაა. ხელისუფლება კი პირიქით, მუდამ ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობაზე აკეთებს აქცენტს, რასაც შემდგომში მსოფლიო წამყვან რეიტინგებში მოსახვედრ ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად იყენებს.

რამდენად ლიბერალურია ან რამდენად „პირატულია“ ქართული გადასახადები?

ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირებული გადასახადების რაოდენობა და საგადასახადო განაკვეთი, ერთი შეხდვით, უნდა იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ გადამხდელს ტვირთი შეუმსუბუქდა, თუმცა, რეალური სურათი სულ სხვაა. 2005 წლის 1 იანვრიდან, არსებული 21 სხვადასხვა სახის გადასახადი, შემცირდა 11 სახეობამდე, ხოლო გადასახადის განაკვეთები შემცირდა: მოგების გადასახადზე, საშემოსავლო გადასახადზე, სოციალურ გადასახადზე და დამატებული ღირებულების გადასახადზე(დღგ). სოციალური გადასახადის საერთოდ გაუქმებამ, გააუმჯობესა დამქირავებელთა მდგომარეობა, მაგრამ მეორე მხრივ, ამან დააზარალა დაქირავებული, რადგან ამავდროულად 25%-მდე გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მასვე დაეკისრა. „აღნიშნული რეფორმით, დამქირავებლებს მოეხსნათ 20%-იანი სოციალური გადასახადი, ხოლო დაქირავებულებს გადასახადი გაეზარდათ 12%-დან 25%-მდე. ანუ, ფაქტობრივად, ეს არ ყოფილა გადასახდების შერწყმა, ვინაიდან თავისი ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ეს ორი გადასახადი ერთმანეთს შეერწყას - ერთი იყო დამქირაველის ტვირთი, ხოლო მეორე - დაქირავებულის,“- აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი, დავით ნარმანია.

რა შედეგი მოიტანა საშემოსავლო და სოციალური გადასახადების შერწყმამ და რეალურად რა შეცვალა დაქირავებულისთვის, ამ კითხვაზე აუდიტორი, ირაკლი შავიშვილი ამგვარად პასუხობს: „სოციალური გადასახადი ქმნიდა საშემოსავლო გადასახადის დუბლირებას და, უბრალოდ, მოხდა საგნისთვის საკუთარი სახელის დარქმევა. უშუალოდ მათი შერწყმის მომენტისთვის გადასახადის შემცირება ძალიან მცირე და არაარსებითი ზომით მოხდა. მაგალითზე ეს უკეთ გამოჩნდება: თუ მანამდე პირს ჰქონდა 100 ლარის ხელფასი, მის დამქირავებელს ეს უჯდებოდა 120 ლარი, რადგან სოციალური გადასახადის სახით მას 20 % (ხელფასის ზევით) უნდა გადაეხადა ბიუჯეტში. თავად დაქირავებული კი ხელზე იღებდა 88 ლარს, რადგან 100 ლარიდან მას უკავდებოდა 12 % საშემოსავლო გადასახადის სახით. ამდენად, ხელფასზე ჯამური საგადასახადო ტვირთი შეადგენდა 26,7 %-ს [(20+12):120*100]. ეს ტვირთი შემცირდა 25 %-მდე ანუ - 120 ლარის ხელფასიდან პირი ხელზე მიიღებდა 90 ლარს, 88 ლარის ნაცვლად“.

დანარჩენი გადასახადებიც ერთმანეთში ტრანსფორმირდა ან გადასახადი გადაიქცა მოსაკრებლად. მაგალითად, ქონების გადასახადად ტრანსფორმირდა საკუთრივ ქონების, მიწისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადები, გადასახადი ქონების გადაცემისთვის „გადანაწილდა“ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებში, სოციალური გადასახადი ტრანსფორმირდა საშემოსავლო გადასახადში. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადები გადაიქცა ამავე სახელწოდების მოსაკრებლებად, თან ისე, რომ მათი გადახდის წესი არ შეცვლილა. გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალბების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის“ 2010 წლამდე გაუქმებული იყო, მაგრამ 28 ივლისიდან ამოქმედდა ე.წ. „გზათსარგებლობის საფასურის“ სახით.

რაც შეეხება, დასაბეგრი ბაზის გაზრდას, მაგალითად, მიწა დამატებლი ღირებულების გადასახადით საერთოდ არ იბეგრებოდა, ახლა კი თუ მასზე მცირე შენობა მაინც დგას, მისი გაყიდვა უკვე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა.

არაადექვატურად დამძიმებული სანქციები

სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველწლიურად მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა თანხების მაქსიმალურ მობილიზებას გადამხდელთა ჯიბეებიდან ახდენს, რასაც სხვადასხვა ე.წ. ფიქსირებულ გადასახადებთან ერთად, მოსახლეობიდან თანხის ამოღების სხვადასხვა მეთოდის სისტემატური გამოგონებით ცდილობს. რევოლუციის შემდეგ, წლიდან წლამდე, ბიუჯეტი მართლაც შთამბეჭდავად იზრდება, მაშინ, როცა მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა ამ წლების მანძილზე არ გაუმჯობესებულა. სავალდებულო გადასახადთან ერთად, სისტემატურად გამოგონილი და დაკისრებული ჯარიმები მოქალაქეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს. არაადექვატურად დამძიმებულ სანქციებზე საუბრობენ ექსპერტებიც. „არსობრივად უმნიშვნელო დარღვევისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ჯარიმებია დაწესებული და, რაც მთავარია, ამ ჯარიმების დაკისრება და ამოღება კონსტიტუციური უფლებების დარღვევით ხდება. გაიზარდა დისპროპორცია საგადასახადო ადმინისტრაციის უფლებებსა და გადასახადის გადამხდელის უფლებებს შორის. თუ წინა კოდექსში ფორმალურად მაინც არსებობდა ნორმა - ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების დაგვიანებისთვის ხელისუფლებისთვის საურავის დაკისრების შესახებ, დღეს ასეთი ნორმა საერთოდ აღარ არსებობს და თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელისუფლება გადამხდელის წინაშე აღარაფრით აგებს პასუხს. ეს მაშინ, როცა ყველასთვის ცნობილია მეთოდები, რომლებითაც ხელისუფლება უზრუნველყოფს გადამხდელისგან გადაუხდელი გადასახადის ამოღებას“, -აცხადებს ირაკლი შავიშვილი.

რა უფლებას ანიჭებს კანონი გადამხდელს და რატომ არ/ვერ იყენებს ის ამ უფლებას?

მეწარმეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა, უარესის შიშით, ღიად ამაზე არ საუბრობენ: „რომ ვთქვათ, საგადასახადოს კიდევ უფრო გავაბრაზებთ და მეორედ უფრო მეტად დაგვაჯარიმებენ. მე შენ გეტყვი და სადმე იპოვი სამართალს?!“-განაცხადა ერთ-ერთი დაჯარიმებული მაღაზიის მეპატრონემ ჩვენთან საუბრისას.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ საგადასახადოს თანამშრომელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ მეწარმეზე თვითნებურად შური იძიოს, რის გამოც მოქალაქეს აქვს აბსოლუტური უსამართლობისა და დაუცველობის განცდა, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. პრობლემის უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის, მოვიყვან მაგალითს: მ/წ აგვისტოს თვეში, ფოთში, ერთდროულად 50-60 მაღაზია დაილუქა. როგორც მაღაზიის მეპატრონეებმა ამიხსნეს, ჯარიმები კოლოსალური იყო და დაახლოებით 3-5-ჯერ მაინც აღემატებოდა მათ წლიურ მოგებას. სამეგრელოს რეგიონში, მსგავსი შემოწმებების შედეგად, ერთი და იმავე პერიოდში, 500-ზე მეტი მცირე მეწარმე დაჯარიმდა. საქონლის ზეპირი ინვენტარიზაციის მოთხოვნით დალუქული მაღაზიების მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, საქონელი ზეპირად აღეწერათ, რამაც საკმაოდ მაღალი ცდომილება გამოიწვია. „საგადასახადომ ეს ცდომილება გაგვიმრავლა ხუთზე და ჯარიმა ასე დაგვიანგარიშა, თუმცა მას აქვს უფლება ორზეც გაამრავლოს,“-აცხადებენ მაღაზიის მეპატრონეები. კომპიუტერიზებული მაღაზიები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ყოველდღიურ აღრიცხვას აწარმოებდნენ, თუმცა, ჯარიმები მათაც დაეკისრათ. არც ერთ მეწარმეს, უარესის შიშით, დაკისრებული კოლოსალური ჯარიმის გასაჩივრება არ უცდია, რისი კანონიერი უფლებაც გააჩნდა და პროტესტი მხოლოდ პირადის საუბრებით შემოიფარგლა. თუ რატომ არ მიმართავენ მეწარმეეები სასამართლოს, ამას შიშთან ერთად, სხვა მიზეზებიც აქვს.

როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახდო კოდექსისი მიხედვით, უკანონოდ დაკისრებული გადასახადის გასაჩივრებისა და დავების განხილვის წესი არც ისე მარტივია: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადი გადასახდელად სავალდებულოა მაშინაც კი, როცა ის სადავოა. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ გადასახდის გადამხდელმა უჩივლოს საგადასახადო ადმინისტრაციას უკანონოდ გადასახადის დარიცხვაზე, მან ის უნდა გადაიხადოს ან უნდა წარადგინოს ქონებრივი თუ ფინანსური გარანტიები დაკისრებულ თანხაზე. ხოლო თუ მას არც შესაბამისი თანხა აქვს და არც ქონება, სასამართლო მის სარჩელს, უბრალოდ, არ მიიღებს. ხოლო თუ ვინმემ გამონახა მსგავსი გარანტიები და დაიწყო დავა, თუ მერე გამართლდება, უფლება აქვს თანხა დაიბრუნოს კოდექსით გათვალისწინებული წესით.

დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, გასაგებია თუ რამდენად ექნება მეწარმეს საქმის მოგების იმედი, რაზეც, ფაქტობრივად, არარსებული დავებიც მიუთითებს, ხოლო ისინი, ვინც შედავება გაბედა, დღეს ან ციხეშია, ან ქვეყნიდანაა გაქცეული და ქონება ჩამორთმეულია.

საგადასახადო ინსპექტორის გაზრდილი უფლებები

ახალ საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ინსპექტორის როლი და უფლებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, მას აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ასევე გამოიყენო სანქცია იმ გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნვეყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღო გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა;

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ გადამხდელს სასამართლოს წვდომა შეზღუდული აქვს, გამოდის, რომ ინსპექტორის დისკრეციის უსაზღვრო საშუალება აქვს.

ახლახან შემოსული ნორმის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გადამხდელის მიმართ სანქციის სახით გამოიყენოს გაფრთხილება. ექსპერტების თქმით, ეს არის უფლება და არა - ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლება აქვს, გამოიყენოს და უფლება აქვს, არც გამოიყენოს, რაც პრაქტიკაში ეს ასეთ სახეს მიიღებს - გადამხდელი, რომელიც ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, გაფრთხილდება, ხოლო გადამხდელი, რომელიც ნაკლებ ლოიალურობას გამოიჩენს - დაჯარიმდება. ეს კი ეწინააღმდეგება კონკურენციის კონსტიტუციურ პრინციპს.

კარგზე მეტი ცუდი ცვლილებები

ახალი საგადასახადო კოდექსში კარგ ცვლილებებად ექსპერტები მიიჩნევენ ელექტრონული სისტემების დანერგვას გადამხდელთა აღრიცხვასა და დეკლარირებაში. ასევე იმ რამდენიმე მუხლს, რომელიც, წინა კოდექსთან შედარებით, აუმჯობესებს გადამხდელის მდგომარეობას, მაგალითად, ნორმა ძირითად საშუალებათა ე.წ. „100-პროცენტიანი ცვეთის“ შესახებ ან დივიდენდის დაბეგვრის წესის ცვლილებას.

კარგ ცვლილებად ექსპერტები ასევე ასახელებენ, საგადასახადო დავის განხილვაში კერძო არბიტრაჟების დაშვებას, თუმცა, ეს ნორმა მისი ამოქმედებიდან 3 თვეში გაუქმდა. დავით ნარმანია დამქირავებლისთვის სოციალური გადასახადის გაუქმებას და ამით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარგ ცვლილებად მიიჩნევს, თუმცა ამავე ცვლილებას ყველაზე ცუდს უწოდებს დაქირავებულთა მდგომარეობის გაუარესების კუთხით.

არსებობს მუხლები, რომელიც უსამართლობის კლასიკური ნიმუშია. მაგალითად, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ე.წ. „დაუბეგრავი მინიმუმის“ არარსებობა საშემოსავლო გადასახადში, პირდაპირ კავშირშია (არა თანხობრივად, არამედ - უფლებრივად) ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან. მუხლების მთელი რიგი ეწინააღმდეგება საკუთრების, ბინადრობის, კონკურენციის კონსტიტუციურ უფლებებს. მაგალითად, არსებობს ნორმა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ გადამხდელის ქონება არ გაიყიდება აუქციონზე, იგი პირდაპირ გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით“. თუმცა, დღეს ძნელია იმის განსაზღვრა სად არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“, „სასამართლოს გადაწყვეტილება“, „ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა“ ან „წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება“?

„ამას გარდა, აღნიშნული ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად საგადასახადო კოდექსის სხვა მუხლს, რომლის მიხედვითაც გადასახადი არის ფულადი (მხოლოდ!) შენატანი ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში კი, გადასახადის გადახდა ქონებით ხდება“- აცხადებს ირაკლი შავიშვილი, რომელსაც სრულიად არაადეკვატურ ნოვაციად ეჩვენება ასევე ნორმა, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირის ქონების დაბეგვრა ხდება არა ამ ქონების ზომის, არამედ მისი მესაკუთრის შემოსავლის მიხედვით. -„ქონების გადასახადის არსი არის - საფასური სახელმწიფოს მიერ ამ ქონების დაცვისთვის. ახლა კი რა გამოდის? - თუ, ვთქვათ, პირს თბილისში, ვაკეში აქვს 5-სართულიანი სახლი, მაგრამ არ აქვს 40.000 ლარის შემოსავალი, იგი ქონების გადასახადს არ იხდის, ხოლო პირი, რომელსაც აქვს, ვთქვათ, ერთოთახიანი ბინა გლდანში, მაგრამ თავისი აქტიურობით მიიღო 40.000 ლარზე მეტი შემოსავალი, გადაიხდის ქონების გადასახადს. რას ვახალისებთ ამ ნორმით - სიზარმაცეს? თუ შემოსავლის დაბეგვრა გვინდა, ამისთვის არსებობს საშემოსავლო გადასახადი. ამდენად, ამ სახით, აღნიშნული ქონების გადასახადი სინამდვილეში ფარულ საშემოსავლო გადასახადს წარმოადგენს და არა - ქონების გადასახადს“, - აღნიშნავს ის.

ექსპერტები ასევე უსამართლოდ მიიჩნევენ, გადასახადის წინასწარ აკრეფას ე.წ. „საავანსოების“ სახით, როდესაც ხდება ისეთი გადასახადების ამოღება, რომლებიც მომავალში შეიძლება, არც კი წარმოიშვას. თუ ეს ნორმები აქამდე მოქმედებდა მხოლოდ მოგების/საშემოსავლო და ქონების გადასახადებში, ახალი კოდექსით „საავანსო“ დაბეგვრა დაიწყება დღგ-ითაც.

გადასახადების დაკისრების ძირითადი გამართლება გადასახადსა და მიღებულ სარგებელს შორის პროპორციაში მდგომარეობს. თუმცა, როცა სახელმწოფო ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა და არსებობს დახურული ფონდები, რომლის ხარჯვის მიზნობრიობა არავინ იცის, გაბერილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხელფასები და პრემიები, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული მანქანების შეძენაში, მივლინებებსა და ულიმიტო სატელეფონო საუბრებში იხარჯება, უხარისხოდ დაგებული გზები და შეღებილი ფასადები კი, ძალიან მალე ფუჭდება, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გადასახადიდან მიღებულ სარგებელზე, რომლის გარეშეც ადამიანებს აქვთ იმის განცდა, რომ მას ძარცვავენ. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ იმ პირობებში, როცა დასაბეგრი ბაზა არ გაზრდილა და მთლიანი შიდა პროდუქტი წელს მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, საგადასახადო შემოსავლები თითქმის სამჯერ - 16-17%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ტვირთი კიდევ უფრო მძიმედ დააწვათ მოქალაქეებს.

----------------------------

„არაფერი არ უქადის საზოგადოებას უფრო დიდ ბოროტებას და ცვლილებებს, ვიდრე კანონის ძარცვის იარაღად გადაქცევა...უპირველეს ყოვლისა, ის თითოეულის გონებაში სამართლიანობასა და უსამართლობას შორის განსხვავებას შლის.

...კანონის არსი სამართლიანობის დაცვაში მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ ადამიანთა გონებაში კანონის და სამართლიანობის არსი ერთი და იგივეა. ყველა ადამიანს აქვს მიდრეკილება ირწმუნოს, რომ ის, რაც კანონიერია, ასევე სამართლიანია. ამის რწმენა იმდენად გავრცელებულია, რომ ბევრი რაღაცას შეცდომით სამართლიანად მიიჩნევს, რადგან ის კანონითაა განსაზღვრული

აქედან გამომდინარე, ძარცვა კანონიერი და ხელშეუხებელი რომ გახდეს, აუცილებელია, კანონმა სათანადო გადაწყვეტილებები ასახოს და ნება დართოს.“ (კლოდ ფრედერიკ ბასტია).

No comments:

Post a Comment