Monday, January 24, 2011

პრეზიდენტი ფოთში




ნინო თუნთია

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს, ფოთში, გაზსადენის პირველი მონაკვეთის გახსნას დაესწრო. ღონისძიება, ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ოჯახში გაზქურა საკუთარი ხელით აანთო. ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელი იმრან აივაზოვი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი, ოვგან აბდულაევი ესწრებოდნენ.

ამ დროისათვის „სოკარმა“ 6,8კმ-იანი ხაზის მშენებლობა დაასრულა, რომელიც 9 მრავალსართულიან კორპუსს და ათობით კერძო სახლს მოიცავს, შედეგად, 707 პოტენციურ აბონენტს საშუალება ეძლევა გაზმომარაგების ქსელში სურვილისამებრ დღესვე ჩაერთოს.

„რამდენიმე წელიწადში, ფოთში, მოსახლეობის რაოდენობა 100 000მდე გაიზრდება. ეს ქალაქი სადაც ნიკო ნიკოლაძის შემდეგ არც ერთ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუდვია, უნდა განვითარდეს. ჩვენ შემოვიყვანეთ გაზი, წყალი, დენი და ყველაფერი კეთდება, რომ ფოთი გახდეს წამყვანი ინდუსტრიული ქალაქი“-განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ფოთიდან ბათუმში მორიგი ეკონომიკური ზონის გასახსნელად გაემგზავრა.

გაზის მილსადენის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან თანმშრომლობით მიმდინარე პროექტის ხანგრძლოვობა 30 თვეა, მას USAID 115 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს, რომლის განხორციელების შემდეგ ფოთის, სენაკის, ხობის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის 100%-იანი გაზიფიცირება უნდა მოხდს

მას შემდეგ რაც სენაკი-ფოთის ცენტრალური მილსადენის 30კმ-იანი ხაზის მშენებლობა დასრულდა, პროექტში „სოკარ ჯორჯია- გაზი“ ჩაერთო და ქალაქის გაზიფიკაციის სამუშაოები დაიწყო.

ფოთში „სოკარი“ 150 კმ-იანი გაზსადენის ხაზის მშენებლობას და 17 000 აბონენტისა და სხვადასხვა დანიშნულების174 ობიექტის ქსელში ჩართვას გეგმავს.


No comments:

Post a Comment