Wednesday, January 26, 2011

ერთი დღით ადრე გამართული პრეზენტაცია, საკრებულოს თანამშრომლის “იღბლიანი ჩართვა“ და რიტორიკული კითხვა „ვინ იქნება შემდეგი?“







ფოთში მოსახლეობის გაზიფიკაციის დაწყების საზეიმო ცერემონიალი დაგეგმილზე ერთი დღით ადრე, 25–ის ნაცვლად 24 იანვარს გაიმართა. თუმცა ფოთში პრეზიდენტის შესაძლო სტუმრობის შესახებ, ინფორმაცია გაცილებით ადრე, 22 იანვარს გავრცელდა. „გაზიფიკაციის პროექტის პრეზენტაციაზე პრეზიდენტის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის“- განაცხადა თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ. ინფორმაცია არც გაზისა და ნავთობის კორპორაციაში დაადასტურეს. შეხვედრა რომ 22 იანვრისათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრეს ეს იმ ოჯახმა დაადასტურა, რომელსაც ქალაქის ისტორიაში პირველს უნდა მიწოდებოდა ბუნებრივი აირი. როგორც გაირკვა, ეს პატივი ნაბადაში, ჭავჭავაძის ქ. # 150–ში მცხოვრებ გვათუების ოჯახს ხვდა წილად. იღბლიანი აბონენტი, ფოთის საკრებულოს სოციალურ საკიხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, ილონა გვათუა აღმოჩნდა, რომელსაც „სოკარმა“უსასყიდლოდ შეუყვანა გაზი, დაუმონტაჟა მრიცხველი და საჩუქრად გაზქურაც გადასცა.

პრეზენტაციის ადგილზე პრეზიდენტს დღის პირველის ნახევარზე ელოდნენ. ამ დროისათვის ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში სრული მზადყოფნა იყო, ბანერები, გაზიფიკაციის გეგმა, ჩირაღდანი სიმბოლური ცეცხლით, „სოკარისა“ და გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მერია–საკრებულო თითქმის სრული შემადგენლობით. მოგვიანებით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჯარო სკოლების ოცამდე მოსწავლეც მოიყვანეს. და რა თქმა უნდა ადგილობრივი და ცენტრალური მედია.

პრეზიდენტმა ფოთში ვიზიტამდე ჯერ ხულო მოინახულა, ღონისძიების დაწყების დრომ რამდენიმე საათით გადაიწია. „სოკარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ბოდიშის მოხდით დაარიგა რუსულ ენაზე შედგენილი პრეს–რელიზები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „2011 წლის 25 იანვარს ფოთში ჭავჭავაძის ქუჩამდე გაზსადენის პირველი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისადმი მიძღვნილი გახსნის ცერემონია გაიმართება“. რატომ იმართებოდა ღონისძიება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე და საერთოდ, რატომ დასახელდა პრეზიდენტის ვიზიტის სამი სხვადასხვა თარიღი? ადგილზე მყოფთაგან ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გაგვცა. „ჩვენ 23–ში ჩამოვედით, რომ 25 რიცხვისთვის ყველაფერი მოგვემზადებინა. ამ დილით გვითხრეს, რომ პრეზიდენტი დღეს მოდიოდა და ყველაფრის ორგანიზება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა“–განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა, თამარ შოშიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე ჭავჭავაძის ქუჩაზე „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები მივიდნენ.

მაირ მამედოვი, „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალური დირექტორი:

„სენაკი-ფოთის გაზის ცენტრალური მილსადენის 32 კმ-იანი ხაზის მშენებლობის პარალელურად „სოკარ ჯორჯიამ“ დაიწყო ქალაქში გაზმომარაგების ქსელის მშენებლობა. ამ დროისათვის ჩვენ დავასრულეთ მილსადენის 6,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 9 საცხოვრებელ კორპუსს და კერძო საქტორსაც, სულ 707 აბონენტს.სულ ფოთში დაგეგმილია გაზსადენის 150 კმ-იანი ქსელის მშენებლობა, რომელიც გაზს 16 500 პოტენციურ აბონენტამდე, ასევე სხვადასხვა დანიშნულების 174 ობიექტამდე მიიყვანს. ესაა მასშტაბური სამუშაო, რომელიც ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მიწისქვეშა, პოლიეთილენის მილებით. ქალაქის სრული გაზიფიცირებისათვის სულ 13 მილიონიან ინვესტიციას განვახორციელებთ და 2012 წლის პირველ ნახევარში ქალაქი 100%-ით იქნება გაზიფიცირებული.“

ხულოდან ფოთში ჩამოსული პრეზიდენტმა სიმბოლური ჩირაღდანი პატარა ბავშვებთან და ენერგეტიკის მინისტრ,ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად აანთო და შემდეგ გვათუების ოჯახს მიაშურა, ქალაქის არსებობის ისტორიაში პირველად ბუნებრივი გაზმომარაგების ქსელზე მიერთებული გაზქურა სააკაშვილმა კამერების თანხლებით აანთო და „სოკარის“ პრეზიდენტთან ერთად ოჯახი დალოცა.

ამის შემდეგ პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრა, მასთან ერთად გაემგზავრა ოფიციოზის დიდი ნაწილიც. რამდენიმე წუთში ბანერებიც წაიღეს და ღონისძიების ადგილას მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები დარჩნენ, მთავარი და ჯერჯერობით უპასუხო კითხვით.

როგორ შეიყვანონ სახლებამდე ჭიშკრამდე მიყვანილი გაზი? რადგან, როგორც „სოკარის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონაძემ „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას განმარტა, მათი კომპანია ორიენტირებულია, გაყიდოს მეტი გაზი, შეღავათების დაწესება კი არც მათი პრეროგატივაა და არც მათ ინტერესებში შედის.

მაგული შუბითიძე, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრები:

„ჯერ არც კი ვიცით, რა დაჯდება სახლებში გაზის შეყვანა, იმედი გვქონდა, რომ ესეც უფასოდ მოხდებოდა, მაგრამ არ გაგვიმართლდა. ახლა თქვეს რომ 250 დან 700 ლარამდეო, ამ თანხის გადამხდელი ჩვენს უბანში ერთი-ორი ოჯახი თუ მოძებნება. უმუშევრობა აქ ყველას პრობლემაა. იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება ისევ მთავრობა."

P.S.მართალია, პრეზენტაცია ერთი დღით ადრე შედგა, თუმცა გაზმა მაინც დაიგვიანა, „სოკარის“ პრეზიდენტის დაპირების მიხედვით, ნაბადის უბნის მოსახლეობას სააახალწლო სადილი „სოკარის“ გაზზე უნდა მოემზადებინა. თუ ოჯახებში გაზის შეყვანისა და გამრიცხველიანების ღირებულებას გავითვალისწინებთ, ფოთელი დიასახლისები სოკარის გაზზე სადილს კიდევ დიდხანს ვერ მოამზადებენ.

No comments:

Post a Comment