Tuesday, February 1, 2011

ბურჯანაძის თანაპარტიელი ფოთის საკრებულოში “მრეწველების“ სიით შევიდა



"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოჩა დოლბაია ფოთის საკრებულოს წევრი გახდა. 27 იანვარს გამართულ სხდომაზე დოლბაიას საკრებულოს წევრად ცნობას, უმრავლესობამაც და ოპოზიციონერმა დეპუტატემაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელი, ფოთის საკრებულოს წევრი „მრეწველების“ სიით გახდა. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ჯემალ მიგინეიშვილმა საკრებულო საკუთარი განცხადებით დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის გაურესება დაასახელა. მაშინ, „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას მიგინეიშვილმა ვერ გაიხსენა, ვინ იყო მისი პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, თუმცა დასძინა, რომ თავისი გადაწყვეტილებით „ვიღაცას საკრებულოს წევრობა ლანგრით მიართვა.“

გოჩა დოლბაიამ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „მრეწველების“სიით მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნინო ბურჯანაძის პარტიამ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„მე არ დამიტოვებია ჩემი პარტია, უბრალოდ „მრეწველების“ საარჩევნო სიაში ჩავეწერე, როგორც უპარტიო“– ამ განცხადებით შემოიფარგლა დოლბაია წინასაარჩევნო კამპანიისას, თუმცა როგორ შეათავსა „უპარტიობა“ სხვა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობასთან, დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წინასწარი გარანტიების გარეშე, იგი პირველობას არავის დაუთმობდა, გოჩა დოლბაია, უკვე საკრებულოს წევრის ამპლუაში პასუხობს.

გოჩა დოლბაია, საკრებულოს წევრი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

„პრობლემას ვერ ვხედავდი ვერც მაშინ, და ვერც ახლა არჩევნებში სხვა პარტიის სიით მონაწილეობაში. რაც შეეხება ამ ჭორებს, გეტყვით, რომ გვქონდა გათვლა და რეალური შანსი საკრებულოში ორი ადამიანის გაყვანის, თუმცა როგორც ჩატარდა არჩევნები ვიცით და გავიდა მხოლოდ ერთი ადამიანი. სიმართლე გითხრათ, ასეთ შემოტრიალებას არ ველოდი, თორემ პოლიტიკაში ვრჩებოდი და გააქტიურებასაც ვგეგმავდი. იმ ამბების მერე რვა თვე გავიდა და თუ ფოთელებს ეს აინტერესებთ, ამაზე ჩემი პასუხი ასეთია.

რაც შეეხება საუბარს ჩემს პასიურობაზე, ჩემი სტილი ჯოხებით და თოფებით გამოსვლა არაა, მირჩევნია პრესით და ტელევიზიით ვუთხრა ადმიანებს რა ხდება და ადამიანებმა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება სამართლებრივია ეს თუ არასამართლებრივი. რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული ნიჰილიზმი, ეს საზოგადოების პრობლემაა, ადმიანები თვითონ უნდა გახდნენ აქტიური და მე ამაში ხელს შევუწყობ.“

როგორ გაგრძელდება ორი განსხვავებული პარტიის თანამშრომლობა? „ჩვენ ახლობლები ვართ, ნათესავებიც ვართ, ფოთელები ვართ და ჩვენს შორის თანამშრომლობა ყოველთვის იქნება“–აცხადებს დოლბაია, რომლის პოლიტიკურ ანგარიშზე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრობაა, ის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატიც გახლდათ, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

No comments:

Post a Comment