Monday, February 7, 2011

„ფასების ომი“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე


ელისო ჯანაშია


2011 წლის 25 იანვარს, სატელევიზიო პროექტში "ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი", მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტების მაღალ ფასებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები დღესაც დაუშვებლად მაღალია და რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, საქართველოში წამლები ხელოვნურად იყო გაძვირებული, შარშან კი ხელისუფლებამ ფასები შეკავება შეძლო. პრეზიდენტის განცხადებით, სიტუაციას ადრე მონოპოლისტები მართავდნენ, ახლა კი ცალკე სააფთიაქო ქსელი შეიქმნა და ერთი და იგივეს ხელში აღარ არის აფთიაქები.

რა იგულისხმება „ფასების შეკავებასა და ცალკე სააფთიაქო ქსელის შექმნაში“?

2009 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის ძირითადი მიზანია, “გამარტივდეს ფარმაცევტული პრეპარატების შემოტანისა და გასაღების პროცედურა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას“. ამან საშუალება მისცა მცირე კომპანიებს, არ ყოფილიყვნენ ისეთ მსხვილ იმპორტიორებზე დამოკიდებულნი, რომლებსაც ექსკლუზიური ურთიერთობა აქვთ მწარმოებლებთან. პარალელური იმპორტის დაშვებით, მსგავსი ექსკლუზივების არმქონე კომპანიებს საშუალება მიეცათ, მომწოდებლის გარეშე, პარალელურ რეჟიმში, განახორციელონ მედიკამენტების იმპორტი. წვრილი კომპანიები მომწოდებლებთან გასვლას, ქართული ფარმაკომპანიების მიერ მოპოვებული ექსკლუზიური უფლებების გამო, ვერ ახერხებდნენ და ამასთან დომინანტი კომპანიების მიერ შემოტანილი პროდუქციის გაყიდვის საშუალებაც არ ეძლეოდათ. ამის ნათელი მაგალითია, „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელი (სავარაუდოდ, ამ ქსელს გულისხმობდა პრეზიდენტი), რომელსაც ქართული ფარმაკომპანიების მიერ იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვის საშუალება არ ეძლევა. „ჩვენს ქსელში სხვა იმპორტული მედიკამენტები არ არის გაყიდვაში. ვინაიდან „ავერსი“,“პსპ“ და „ჯი პი სი“ ზღუდავს თავის იმპორტირებული და შეფუთული პროდუქციის გაყიდვას, როგორც ჩვენს, ასევე ყველა სხვა კომპანიაზე, დროდადრო ფიქსირდება ზოგიერთი მედიკამენტის ნაკლებობა“, - აცხადებენ „ფარმადეპოში“.

დაშვებული პარალელური იმპორტის რეჟიმი, დადებითი გამოდგა მცირე კომპანიებისთვის წამალზე ფასის დამოუკიდებლად, სხვა კომპანიებთან შეუთანხმებლად დაწესების თვალსაზრისით, რის საფუძველზეც ბაზარზე შემოსულმა ახალმა მოთამაშემ - „ფარმადეპომ“ წამლების ფასი კიდევ უფრო გააიაფა. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთს მიაჩნია, რომ აღნიშნულმა კანონმა, ბაზარზე ფალსიფიცირებული მედიკამენტის მოხვედრის შანსი უფრო მეტად გაზარდა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ფარმაცვეტული ბაზრის კვლევის შედეგებში მითითებულია ის საფრთხეები, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეიცავს: „ახალი ცვლილებების თანახმად, ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია ახალი პრეპარატის რეგისტრაცია მწარმოებელთან შეთანხმების გარეშე. ეს ყოვლად დაუშვებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) თუ პრეპარატის მომწოდებელს არ ექნება მწარმოებლის თანხმობა ახალი პრეპარატის რეგისტრაციაზე, მაშინ ეს მწარმოებელი არ იქნება პრეპარატის ხარისხზე პასუხისმგებელი.

ბ) თუ ფარმაცევტულმა კომპანიამ რაიმე მიზეზის გამო "უკან გამოიძახა" ჯანმრთელობისთვის საშიში რომელიმე პრეპარატი ან პრეპარატის კონკრეტული პარტია, ეს გამოძახება საქართველოს არ შეეხება, რადგან მწარმოებელს არ ეცოდინება, რომ პრეპარატი საქართველოში შემოვიდა,“- წერია დასკვნაში.

ფასების ვარდნის ტენდენცია, 2009 წლიდან, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სააფთიაქო ქსელის - „ფარმადეპოს“ გამოჩენის მერე დაიწყო, რომელიც თავიდან სუპერმარკეტებში “სუპერფარმის“ სახელწოდებით და საავადმყოფოებში – „ეი-ბი-სი“-აფთიაქის სახელწოდებით არსებობდა. ბოლო 2 წელია, ის „ფარმადეპოს“ სახელითაა ცნობილი. ერთი და იმავე დასახელებისა და წარმოების მედიკამენტების, კონკურენტების აფთიაქებთან შედარებით სიიაფეს „ფარმადეპო“ ასე ხსნის: – „ჩვენ ქსელში ფასის უპირატესობა განპირობებულია ისეთი ზედმეტი ხარჯების არარსებობით, როგორიცაა ფართომასშტაბიანი რეკლამა. მოგეხსენებათ, რა ძვირია სატელევიზიო რეკლამის დრო. ასევე დაგროვებითი ბარათები და სხვა და სხვა ტიპის გათამაშებები, რასაც ემატება პერსონალის, სოფტის, ასევე ამ აქციის რეკლამირებისა და სხვა ხარჯები. ყოველივე ზემოაღნიშნული აისახება მედიკამენტის თვითღირებულებაზე და შესაბამისად, ის ძვირდება და მომხმარებელი იხდის არა მარტო წამლის ღირებულებას, არამედ მასზე დამატებული სააფთიაქო ქსელის რეკლამისა და სხვა ზედნადები ხარჯის ფულს. მოგეხსენებათ, რომ წამალი არის გასაჭირში მყოფი ადამიანის საჭიროების საგანი და მასზე ზედმეტი რეკლამირების განხორციელება არა მარტო არაეთიკურია, მარკეტინგული თვალსზრისითაც არც არის გამართლებული“.

კანონმდებლობის კავშირი ფასდაკლებებთან

მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის ბაზარზე რა ხარისხის წამლები იყიდება, რადგან არ ხდება მისი სრულყოფილი შემოწმება სახელმწიფოს მხრიდან, ფარმაცევტულ ბაზარზე ფასთა ომი გრძელდება. უკვე რამდენიმე თვეა, „ავერსი“, „PSP“ და „GPC“ ფასდაკლებებში ერთმანეთს ეჯიბრება. ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ რეკლამა, რომ თითქოს მას კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებამ მისცა ფასდაკლების საშუალება, თვეების მანძილზე ყოველდღიურად გადიოდა ნაციონალურ არხებზე. რომელ კანონმდებლობაზეა საუბარი და რამდენად გაიაფდა წამლები? კომპანიის პიარმენეჯერმა, ლალი გაფრინდაშვილმა თავდაპირველად სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ფასების შემცირება ზოგადად ახალმა კანონმა გამოიწვია, თუმცა, სახელდობრ რომელმა მუხლმა, ვერ დაგვიკონკრეტა. ხოლო კითხვაზე, ხომ არ განაპირობა ეს პარალელური იმპორტის რეჟიმის შემოღებამ, პიარმენეჯერი დაგვეთანხმა. თუმცა შემდეგ გვთხოვა, რომ ეს არ მიგვეჩნია პასუხად და კითხვები წერილობით მიგვეწოდებინა, რაზეც რამდენჯერმე შეხსენების მიუხედავად, პასუხი არ მიგვიღია.

პარალელური იმპორტის რეჟიმმა, მხოლოდ მცირე კომპანიებს მისცა მომწოდებლის გვერდის ავლით მედიკამენტის იმპორტის, და შესაბამისად, მსხვილი იმპორტიორების დამოუკიდებლად ფასების დაწესების საშუალება, რაც მსხვილი კომპანიებისთვის ფასების დაწევის მიზეზად ვერანაირად ვერ ჩაითვლება.

რამდენად უკავშირდება ფასდაკლებების აქციები კანონში აღნიშნულ ცვლილებას?

ეს სარეკლამო რგოლი უფრო ხელისფლების პიარ აქციას უკავშირდება, ვიდრე კანონის მიერ წამლის გაიაფების შესაძლებლობას. წამლების გაიაფების ერთადერთი რეალური გზა სრულყოფილი ინფორმაციაა. ახალი კანონი ითვალისწინებს, რომ წამლები გარდა აფთიაქებისა, შეიძლება სუპერმარკეტებშიც გაიყიდოს. ამ შესაძლებლობას პრაქტიკულად არ იყენებენ სუპერმარკეტები, რაც ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მათი შესვლა შეზღუდულია. რაც ზღუდავ კონკურენციას. ამასთან იმპორტიორებიც რეალურად საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ“, აცხადებს ეკონომიკური ექსპეტრი, ნოდარ ხადური.

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა

ბაზარზე ახლადშემოსულ „ფარმადეპოს“ ხან ივანიშვილის, ხანაც ბენდუქიძის აფთიაქს ეძახიან. არავინ იცის ვინ დგას ამ კომპანიის უკან, ან საერთოდ დგას თუ არა ვინმე, მაგრამ ფაქტია, რომ მონოპოლისტების მხრიდან სხვადასხვა მიღებული თუ მიუღებელი ხერხით დაპირისპირების მოგერიება, საქართველოში, „მფარველის“ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. „ფარმადეპოს“ ხელმძღვანელის, მიშა აბრამიძის განცხადებით, გავრცელებული ხმები კომპანიის მფარველთა შესახებ, ტყუილია. ის მიიჩნევს, რომ ბაზარზე მათი დამკვიდრების მთავარი მიზეზი სიიაფეში მდგომარეობს: “ჩვენს ქსელში დაბალი ფასების შენარჩუნება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: ცვლილებები წამლის კანონში, რომლის მეშვეობითაც გამარტივდა მედიკამენტების რეგისტრაცია და იმპორტი განვითარებული ქვეყნებიდან (აშშ, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები), რაც ჩვენს კომპანიას უკვე დაწყებული აქვს 2009 წლის ბოლოდან. წამლის ფასის შემცირება ალბათ კონკურენციის გაზრდითაც არის განპირობებული. შესაბამისად, თუ მანამდე მედიკამენტების ფასს კარნახობდა ბაზარზე არსებული და ერთმანეთში შეთანხმებული 3 მონოპოლისტი/იმპორტიორი კომპანია, ამ კანონის მეშვეობით ყველა საშუალო თუ მცირე მებითუმეს და თუნდაც თვითონ აფთიაქს, შეეძლება თვითონ განახორციელოს მედიკამენტების იმპორტი ამ ქვეყნებიდან, რაც, შესაბამისად, იწვევს ფასის დაწევას”.

ფარმაცევტული კომპანიების მიერ, ერთი და იმავე მომწოდებლისგან, სხვადასხვა გზებით შემოტანილი მედიკამენტების ფასებს შორის მკვეთრი სხვაობა სახეზეა. მაგალითად: ოქსიბრალი (მწარმოებელი: გლაქსოსმითკლაინი, ეგვიპტე; 30მგ 20 კაფსულა) „ავერსსა“ და პსპ-ში ღირს 20,70 ლარი, ხოლო „ფარმადეპოში“ 13,60 ლარი. ფარმადეპოს აღნიშნული პრეპარატი შემოაქვს სომხეთიდან, პარალელური იმპორტის რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მასში იხდის დამატებული ღირებულების გადსახადსაც (დღგ), რომელიც სომხეთში მედიკამენტების იმპორტზეა დაწესებული. ჩვენთან, წამლის იმპორტზე აღნიშნული გადასახადი მოხსნილია, ანუ ქართველი მსხვილი იმპორტიორები აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან, თუმცა, მათ ქსელში წამალი მაინც გაცილებით ძვირია. შეგვიძლია მეორე მაგალითის მოყვანაც: პრეპარატი ალბუმინი (მწარმოებელი: ბაქსტერი, ავსტრია; 20% საინფუზიო ხსნარი 100მლ; 1 ფლაკონი) „ავერსის“აფთიაქებში ღირს 210 ლარი, ხოლო 140 ლარი ღირს იმ 20 აფთიაქში, რომლებიც კონკურენტებს „ფარმადეპოს“ გვერდით აქვთ გახსნილი. „ფარმადეპოში“ კი, იგივე პრეპარატის ფასია 139 ლარი.

ამასთან, ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციებით, სატელევიზიო არეკლამო რგოლებით გამოცხადებული ფასდაკლებები, ამ სამი დომინანტი კომპანიის მხოლოდ ნაწილში ვრცელდება. მაგალითად, „ავერსის“ პსპ-ს და ჯიპისი-ს ქსელებში პრეპარატი კლოპიდონი (მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო; 75მგ. 10 აბი) ზოგან 29 ლარი ღირს, ზოგან კი 47ლარი; კორსიზი (მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო; 100 აბი) ზოგან 0,80 ლარი ღირს, ზოგან - 1,05 ლარი; ენოზიტ H - ზოგან - 5,48 ლარი, ზოგან კი - 6,85 ლარი.

ფასდაკლებები, ძირითადად, „ფარმადეპოს“ გვერდზე, კონკურენტების მიერ გახსნილ „ფარმაცენტრის“ აფთიაქებში ვრცელდება, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც ჯერ „ფარმადეპო“ არ შესულა, ფასები უწინდებურად მაღალია. მსხვილი კომპანიების მიერ, მხოლოდ „ფარმადეპოს“ გვერდზე გახსნილ რამდენიმე აფთიაქში გამოცხადებული 20-30-50 %-იანი ფასდაკლებები, 100-დან 1000%-იანი ფასნამატების გათვალისწინებით, აშკარად მიზერულია, რაც კომპანიებს კვლავ უზარმაზარ მოგებას უტოვებს, ხოლო მომხმარებლისთვის აღნიშნული დიდი ვერაფერი შეღავათია. ალაგ-ალაგ გაიაფებული მედიკამენტები, კომპანიების მხრიდან ფასების დაწევის მცდელობად და მომხმარებელზე ზრუნვის გამოხატულებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რადგან ქსელის სხვა აფთიაქებში ფასები მუდმივად მაღალია. „ინფორმაციის ნაკლებობა გვისპობს საშუალებას ვიმსჯელოთ, რეალურად რამდენად არის „გაბერილი“ წამლის ფასები. არადა, გაბერილი რომ არის, ნათელია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების აფთიაქები იქ, სადაც ახლოს კონკურენტები საქმიანობენ, მათთან მიახლოებულ ან უფრო დაბალ ფასადაც ყიდიან წამლებს, სადაც კონკურენტების აფთიაქები არ არის, მაქსიმალურად მაღალი ფასებს აწესებენ. სამაგიეროდ, ამ დაბალ ფასებს დიდი ზედმეტობით აკომპენსირებენ მაღალი ფასებით იმ ადგილებში, სადაც მათ აფთიაქებს კონკურენტი საერთოდ არ ჰყავთ ან კონკურენციის გავლენა მინიმიზებულია“,- აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი. მისივე თქმით, ერთი და იმავე კომპანიის სააფთიაქო ქსელში ერთსა და იმავე წამლებზე ფასებს შორის დიდი სხვაობა (ერთი წამლის ერთგან - 29 ლარად, მეორეგან კი 47 ლარად გაყიდვა) ნათლად ადასტურებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნის საკითხი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა და ფარმაცევტული კომპანიების ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებას ემყარება. „ამ მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა ვითარების გამოსწორება, თუ ბაზარზე კონკურენციამ არ იმატა და ფარმაცევტული სექტორი გამჭვირვალე არ გახდა“, - აცხადებს ის.

ეკონომიკური ექსპერტის ნოდარ ხადურის აზრით, ეს .. "საფასო დისკრიმინაცია", რეალურად მხოლოდ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და დისკრიმინაციაა, რადგან მომხმარებელმა არ იცის, რომელ აფთიაქში რა ღირს წამალი და შესაძლოა, გაცილებით ძვირი გადაიხადოს ერთ აფთიაქში, ვიდრე მეორე, თუნდაც იმავე ქსელის აფთიაქში ღირს. არასრულყოფილი და არასრული ინფორმაციის მიწოდებით კი სოციალურად დაუცველი ფენა კიდევ უფრო ზარალდება.

ხელისუფლებაზე დამოკიდებული ბიზნესი

გამოდის, რომ კონკურენტებს შორის არსებული ე.წ. „ფასთა ომი“, სულაც არაა კანონმდებლობაში რაიმე სასიკეთო ცვლილებასთან კავშირში, არამედ აქამდე არსებული „იდილიის“ დარღვევა, მხოლოდ ერთი კომპანიის გამოჩენამ და მის მიერ წამლების გაიაფებამ გამოიწვია. სამწუხაროა, რომ მსხვილი კომპანიები ჩვენთან ურთიერთობას თავს არიდებენ და არ გვპასუხობენ დასმულ შეკითხვებზე: რატომ არ აიაფებენ წამლებს მსხვილი იმპორტიორები, რაც თურმე სავსებით შესაძლებელია შედარებით პატარა ახლადდაფუძნებული კომპანიისთვის, რომელიც დამატებით გადასახადებსაც იხდის და პირდაპირი ურთიერთობა არ აქვს მომწოდებელთან? რატომ შეჰყავთ შეცდომაში მომხმარებელი კოლოსალურად ძვირი სატელევიზიო რეკლამებით, რომ მედიკამენტები გააიაფეს, როცა ეს აქცია კონკურენტის ჩასაძირად, მხოლოდ მათ გვერდზე სახელდახელოდ გახსნილ რამდენიმე აფთიაქში ვრცელდება? რა ხარისხის წამლებს გვთავაზობენ კომპანიები? სად ხდება მისი საფუძვლიანი შემოწმება? და ა.შ.

ასევე საინტერესოა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების ფრაზა: “ხელისუფლებამ ფასების შეკავება შეძლო“, რაც შინაარსობრივად ძალიან წააგავს თავად კომპანიების სარეკლამო რგოლებს. თუ ბიზნესი დამოუკიდებელია, ხელისუფლება ფასებს ვერ უნდა აკავებდეს და თუ მას ეს შეუძლია, ე.ი. ეს ბიზნესი თავისუფალი არაა, რაც შემდგომ სწორედ მონოპოლიების არსებობასა და არაკონკურენტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რაც დღეს ასე აშკარაა.

No comments:

Post a Comment