Saturday, February 12, 2011

დავით აღმაშენებლის ხიდი ფოთში


ხიდს, რომელიც აღმაშენებლის ქუჩას რუსთაველის რკალთან (პორტის უბანს ცენტრის უბანთან) აკავშირებს, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. ტრაფარეტი, შესაბამისი წარწერით რამდენიმე დღეა ხიდის ორივე ბოლოში დგას. მერიის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ხიდისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ, საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ მიიღო. საუბარია, დროებით სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ფოთის საკრებულოში 2010 წლის ივლისის თვეში შეიქმნა: თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, მოედნების, პარკების და სკვერების სახელდებისა და ნუმერაციის მოწესრიგების მიზნით. ჯგუფმა მუშაობა იმავე წლის ნოემბრის თვეში დაასრულა, თუმცა მის მიერ საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილ ნუსხაში, აღმაშენებლის ხიდის შესახებ ინფორმაცია არ არის.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის განმარტებით, ხიდისათვის სახელის მინიჭება გასული საუკუნის 90–იან წლებში მოხდებოდა, როცა მიმდებარე ქუჩას ლენინის სახელი აღმაშენებლით შეუცვალეს. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღება ვერც აქ მოხერხდა.

P.S. ზემოხსენებული კომისიის რეკომენდაციით, გასულ წელს ქალაქის მასშტაბით 24 ქუჩას შეეცვალა სახელი, აქედან ცამეტს, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისას ფოთში დაღუპული ახალგაზრდების სახელი ეწოდა.

No comments:

Post a Comment