Monday, February 14, 2011

კრიზისი - „ეროვნული“ თუ „იმპორტული“?


ელისო ჯანაშია

“ახლა კრიზისია... მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა და რა ქნას ამ მთავრობამ, სამუშაო როგორ მოგვცეს?!“- შემომჩივლა მეზობელმა, რომელიც თურქეთში სამუშაოს საძიებლად წასვლის აუცილებლობის ახსნას ცდილობდა. ბოლო პერიოდში, საქართველოს ბევრი მოქალაქე, მათ შორის, ჩემი თანაქალაქელი (ძირითადად, ქალი) თუ ნაცნობი გაუყვა მეზობელი ქვეყნის გზას, იმ იმედით, რომ მოხუცის მომვლელისა და მოსამსახურის ადგილს მაინც იშოვნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება მსგავსი მძიმე სამუშაოსათვის ძალიან დაბალია( თვეში საშუალოდ 300-500 ამერიკული დოლარი), ისინი მაინც მიდიან... ყოველ სამ თვეში, ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე დღით ჩამოდიან და ისევ უკან ბრუნდებიან აქ, სამუშაოს შოვნაზე საბოლოოდ ხელჩაქნეულები და იმედგაცრუებულები. თურქ დამქირავებელს როტაციის დიდი საშუალება აქვს, თუმცა, ისინი მაინც მიდიან იქ, სადაც მათ იქ არავინ ელოდება - იქნებ, გაუმართლოთ... ბედისანაბარად დარჩენილი, უმუშევარი ან დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის ეს უკანასკნელი იმედია, რადგან საკუთარი ქვეყანა,ზოგადად, კრიზისის დეკლარირებისა და დენის 20-ლარიანი ვაუჩერების გარდა, რაც ექსპერტთა თქმით, ინფლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობს.

უმუშევრობის ზრდა ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომია და ამის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არავინ იცის, მხოლოდ ჩვენს ირგვლივ ამგვარი დაკვირვების შედეგად თუ გავაკეთებთ დასკვნას, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია და კიდევ უფრო იზრდება.

მსოფლიო ბანკების წამყვანმა ექსპერტებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირება მსოფლიოში 46 მილიონ ადამიანს სიღატაკის პირას მიიყვანს.

გლობალური კრიზისი და საქართველო

„დიდი დეპრესიის“ სახელწოდებით ცნობილი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 1929 წლიდან დაიწყო და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მან უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა შესაძლებელი ინდუსტრიული წარმოების, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წელს არსებულ მაჩვენებლამდე აყვანა.

ეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერების საერთო მოსაზრებით „დიდი დეპრესიის“ მიზეზი, ძირითადად, მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.

არსებობს მოსაზრება, რომ 1929 წელს, საფონდო ბაზრის კრახი არ ყოფილა დიდი დეპრესიის პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა. როგორც ცნობილია, დღეისთვის, ყველაზე მიღებულია პეტრე ტემინის თეორია: დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო(დეფლაცია ეწოდება პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიან პროცესს).

მსოფლიოში ამჟამადაც კრიზისია. ამით ხელისუფლება ბევრი რამის ახსნას ცდილობს, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო კრიზისს მხოლოდ მცირედი გავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკაზე. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან კრიზისის მაჩვენებლები გაცილებით უსწრებს სხვა ქვეყნების ამავე მაჩვენებლებს. ასე,მაგალითად: ფასების ზრდის ტემპით პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილზე ვართ . ბელორუსული სააგენტო "ბელაპანი", სტატისტიკის ეროვნული ორგანოს მიერ ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით, აქვეყნებს სტატისტიკას: ფასების ზრდის ტემპით, პირველ პოზიციაზეა ყირგიზეთი (ფასები 19,2%-ით გაიზარდა), მას მოსდევს საქართველო (ფასები 11,2%-ით გაიზარდა).შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ: ბელორუსი – 9,9%, ტაჯიკეთი – 9,8%, სომხეთი – 9, 4%. აღნიშნულ ხუთეულს ფასების ზრდით მოსდევს უკრაინა – 9, 1%; შემდეგ რუსეთი – 8,8% და მოლდოვა – 8,1%; ყაზახეთი– 7,8%, აზერბაიჯანი – 7,6%, უზბეკეთი – 7,3%, ესტონეთი – 5,7%, თურქმენეთი – 4,8%, ლიტვა – 3,8% და ლატვია – 2,5%.

რაც შეეხება დოლარის კურსის ზრდის ტემპს, როგორც სააგენტო წერს, მიმდინარე წლის იანვარში დოლარი სწრაფი ტემპით საქართველოსა და უზბეკეთში ძვირდებოდა.

ანალიტიკური სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებიდან, სადაც დოლარი გაძვირდა, პირველ პოზიციაზეა საქართველო. ქვეყანაში დოლარის კურსი თვის განმავლობაში 2,04% -ით გაიზარდა. შემდეგი ქვეყანაა უზბეკეთი – 0, 66%; მათ მოსდევენ: ბელორუსი – 0, 37% და ყირგიზეთი – 0, 36%.

ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისზე მიუთითებს მსხვილი ფინანსური კომპანიების დანაკარგები, უმუშევართა რიცხვის ზრდა ყოველდღიურად, საბიუჯეტო დეფიციტი, სხვადასხვა ცნობილი მწარმოებლების გაკოტრება და ა.შ. მაგ: კომპანიებმა: “ჰონდა“ და „ნისანი“ - წარმოება 35 %-ით შეამცირეს. 2009 წელს, ექსპერტების ანტიკრიზისული საბჭოს სამიტზე, ბრიუსელში ევროპელ ავტომწარმოებლებს მოუწოდეს, რომ მათ ავტომობილების წარმოების მოცულობა 1/3-ით შეემცირებინათ, ანუ 18 მილიონი ერთეულის ნაცვლად, წელიწადში 12 მილიონი გამოეშვათ. გერმანული ავტოკომპანია ვოლკსვაგენიდან წარმოების შემცირების გამო, სამუშაოდან გათავისუფლდა 16 ათასზე მეტი თანამშრომელი.

კრიზისი საქართველოში

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, სიღატაკის ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის დამატებითი 25 მილიარდი დოლარის გამოყოფა გახდება საჭირო არსებული კრიზისის დასაძლევად. აქედან, 22 სახელმწიფო, დონორი ქვეყნების დახმარებას უთუოდ საჭიროებს, ხოლო დანარჩენ 26 ქვეყანას, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ფულადი სახსრების გამოყოფა ჯერ არ სჭირდება,“- მიაჩნია მსოფლიო სავალუტო ფონდს.

როგორც რუსეთის აგრესიისგან დაზარალებულმა ქვეყანამ, საქართველომ საერთაშორისო გაერთიენებისაგან 4,5 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო. სწორედ ამას ასახელებენ ექსპერტები კრიზისის დროებით შემაკავებელ ფაქტორად. ავდაპირველად კრიზისი საქართველოს მართლაც არ შეხებია. ამ ფაქტს, ეკონომიკური ექსპერტი, ლადო პაპავა „ომის პარდოქსით“ ხსნის: „საქართველოში ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტები ბევრად უფრო საგრძნობი იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ფინანსური დახმარება საქართველოსთვის, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულიმხარისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ომი თავისი არსით უარყოფითო მოვლენაა, თუმცა საქართველოსთვის მას თავისი თუ შეიძლება ითქვას, დადებითი მხარეც ჰქონდა, რაც ამ ფინანსური დახმარებით გამოიხატა. შედეგად მივიღეთ ე.წ. „ომის პარადოქსი,“ როცა ომი უარყოფით შედეგებს იწვევს, მაგრამ ზოგიერთი დადებითი ეფექტიც ახლავს.“(„ეკონომისტი“ #4)

თუმცა, დახმარებებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აღმოაჩნდა. მთავრობამ უკვე აღიარა რომ კრიზისია. რიგითი მოქალაქისათვის კრიზისი - პროდუქტი გაძვირება, წამლებისა და მკურნალობის ხელმიუწვდომობა, სამუშაოს არქონა, შემოსავალზე მეტი ხარჯის არსებობაა... ექსპერტები კი კრიზისს იმ სიტუაციას უწოდებენ, როცა მთლიანი შიდა პროდუქტი, წარმოების მოცულობა და ინვესტიციების მოცულობა მცირდება, ბანკები კრედიტს არ გასცემენ, უმუშევართა რაოდენობა იზრდება და ა.შ. ექსპერტები მას, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მიერ მცდარი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გატარებას მიაწერენ, ამიტომაც ხელისუფლებებს კრიზისის აღიარება ყოველთვის ძალიან უჭირთ.

ექსპერტი ლადო პაპავა, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზად ადგილობრივ საფუძველს ასახელებს, რაც მისი თქმით, განპირობებულია პოსტრევოლუციური მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომებით. ამასთან ის ასახელებს იმ სამ ძირითად მიზეზს, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოში კრიზისის დაწყებას:

1.„საქართველოში პირდაპირი და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაკადი კონცენტრირებული იყო პრივატიზაციასა და უძრავი ქონების შეძენაში, რამაც აშკარა დისბალანსი გამოიწვია, როცა ფინანსური რესურსების ნაკადის ზრდის ტემპი ქვეყანაში საგრძნობლად აღემატებოდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის ტემპს;

2.მთავრობის მხრიდან „წაყრუების“ პირობებში, სამშენებლო ბიზნესში „ფინანსური პირამიდები“ გაჩნდა;

3.ბანკები თავიანთ საკრედიტო რესურსებს, ძირითადად, ევროპის ფინანსურ ბაზრებზე შედარებით იაფი რესურსების ხარჯზე ავსებდნენ, ხოლო ეს კრედიტები, უმთავრესად, მშენებლობისა და იმ სამომხმარებლო საყოფაცხოვრებო საქონლის შეძენის მიზნით გაიცემოდა, რომელიც მთლიანად იმპორტირებულია საქართველოში. ამრიგად, იმპორტირებული საკრედიტო რესურსების ხარჯზე ფინანსდებოდა „ფინანსური პირამიდებით“ დასნეულებული სამშენებლო ბიზნესი და სამომხმარებლო საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ვერანაირად ვერ აისახებოდა დადებითად“.

საქართველოში ყველაფერი მუდამ სხვა, გარეფაქტორებს ბრალდება: მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი - მტერს, საწვავის გაძვირება - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას, ინფლაცია, შიმშილი და უმუშევრობა-ჩინელებს და ა.შ. მიზეზები არ ილევა. თუმცა, როცა მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები ეცემა, ჩვენთან ის მაინც ძვირია, როცა სხვა ქვეყნებში ეკონომიკური აღმავლობაა, ჩვენთან რიგით მოქალაქისთვის მაინც არაფერი იცვლება.

პრეზიდენტმა ერთ ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, ინფლაცია და კრიზისი იმ ფაქტორს დააბრალა, რომ „ჩინელებმა დაიწყეს ჭამა“. თუმცა, მან პირობა დადო , რომ კრიზისი არ გაღრმავდება: „ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში არ გვექნება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, საქართველო განვითარდეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ისინი ვითარდებიან, ვინც გამოიწვია ინფლაცია,-“ განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა, ის თავდაპირველად აცხადებდა, რომ მსოფლიო კრიზისი ჩვენ არ შეგვხებია, მაგრამ მოგვიანებით, მთავრობა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე ალაპარაკდა, რაც, ბუნებრივია, საჭიროა მაშინ, როცა კრიზისია. მართალია, კრიზისს ამგვარი ორიგინალური ფორმით აღიარებს მთავრობა და ანტიკრიზისულ ღონისძიებებსაც გვთავაზობს, თუმცა, მისი უკუშედეგები, როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, კრიზისის შედეგების მსგავსად, სავარაუდოდ, კვლავ „სხვებს“ დაბრალდებათ. ვინ იქნება ხელისუფლების მორიგი „ჩინელი“, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment