Thursday, February 17, 2011

ფოთელი ქრისტიან–დემოკრატები დანგრეული ავტოფარეხებისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვენ.


ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაცია ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მოქალაქეებისათვის, დანგრეული ავტოფარეხების საფასურის ანაზღაურებას ითხოვს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა, ლაშა ბერაიამ შესაბამისი განცხადება, 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ლაშა ბერაია, საკრებულოს წევრი:

„2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ჩვენ მოვითხოვეთ ფოთის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ კომპენსაციის თანხა, თუ დღის წესრიგში დადგებოდა კერძო საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟის საკითხი.კონსტიტუციის 21–ე მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს კერძო საკუთრების გადაცემას სახელმწიფოსთვის, აუცილებელია, მოქალაქემ მიიღოს სათანადო და სამართლიანი კომპენსაცია. ჩვენი მოთხოვნაა, სათანადო კომპენსაციები იქნეს გაცემული, უკვე დემონტირებული ავტოფარეხების სანაცვლოდ. ასევე განისაზღვროს სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა, დაკანონებული ვტოფარეხებისთვის, რომელთა დემონტაჟიც მომავალში განხორციელდება.“

ბერაია აპირებს საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენოს და ვარაუდობს, რომ ჯანსაღი აზრის არსებობის შემთხვევაში, კოლეგები მხარს დაუჭერენ მის ინიციატივას.

„ხელისუფლება აპელირებს იმით, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ხელით დაანგრიეს ნაგებობები, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან – დაიცვას კონსტიტუცია.“–აცხადებს ბერაია.

No comments:

Post a Comment