Wednesday, March 2, 2011

რატომ არ შეიძლება პრეზიდენტის გადაღება?


იზა სალაყაია

პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი ფოთში, ცენტრალურმა ტელევიზიებმა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, არაერთჯერ გააშუქეს. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებთან შეხვედრა კი, პირდაპირ ეთერში გადაიცა.

მაშინ, როცა ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტები ობიექტებზე („თეგეტა მოტორსი“-ს ფილიალის გახსნა, კომპანია“ვისოლის“ მიერ კინოთეატრისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნა) ჯგუფებად ”სასათბურე” პირობებში მუშაობდნენ, „თავისუფალი სიტყვის“ ჟურნალისტის გადაადგილება პრეზიდენტის გარემოცვის კონტროლზე იყო აყვანილი.

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ შონიამ 28 თებერვალს დილის საათებში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ვერტმფრენი ფოთის აეროპორტში 6სთ-ზე დაეშვებოდა, სადაც პრეზიდენტი რადარს დაათვალიერებდა და ჟურნალისტებისათვის პირველ კომენტარს გააკეთებდა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა „თეგეტა მოტორსის“ ოფისი და აცხადებდა, რომ პირველ განცხადებას პრეზიდენტი მათი სერვის–ცენტრის გახსნაზე გააკეთებდა.

აეროპორტში მაინც წავედი... მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებსაც მოგვიანებით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ადგილზე შევიტყვე, რომ პრეზიდენტი აეროპორტში გაჩერებასა და ჟურნალისტებთან შეხვედრას არც გეგმავდა. მერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რაც მაღალი ალბათობით, გამიზნული სიცრუე არ იქნებოდა.

თუ რომელ ობიექტს ესტუმრებოდა პირველად, მაინც ვერ დავაზუსტე. გადავწყვიტე აეროპორტში დავრჩენილიყავი და პრეზიდენტის ესკორტს აქედან გავყოლოდი, ჩანაფიქრი ჩანასახშივე ჩამეფუშა. ახალგაზრდა მამაკაცმა (დაცვის ან უშიშროების თანამშრომელმა) ჩემი აეროპორტში ყოფნით გაკვირვებულმა და საკმაოდ გაღიზიანებულმა, დაკითხვისა და პირადობის მოწმობის შემოწმების შემდეგ(თავად, ვინაობა არ დაუსახელებია, არც რაიმე დოკუმენტი წარმოუდგენია) ტერიტორიის დატოვება მომთხოვა. მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა...

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქუჩებში მანქანების გადაადგილება შეზღუდული იყო, ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ტაქსის გაჩერების იმედი გადაიწურა, თავპატიჟი აღარ გამომიდია, „თეგეტა მოტორსამდე“ ვიცე–მერის, მამუკა ბაბილუას მანქანით ვიმგზავრე. აქვე საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე: თუ როგორ ეშინიათ ადგილობრივ ჩინოვნიკებს ქვეყნის პირველი პირის თვალში არასათანადოდ წარმოჩენის და შედეგად, საკმაოდ კომიკურ სიტუაციაშიც ვარდებიან. მერია–საკრებულოს რიგითი თანამშრომლები, ისევე, როგორც, პრეზიდენტის ყოველი ვიზიტისას, ახლაც საკუთარ პოსტებზე იდგნენ და მოთმინებით ელოდნენ...

ვიცე–მერი „პერიმეტრზე“ მოძრაობდა, თან ტელეფონით იბარებდა ანგარიშს იმის შესახებ, რომ „ყველაფერი კარგადაა“. ბეზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს არ გაუმართლათ: ტრაფარეტი დაუწუნეს და მოახსნევინეს. მსგავსი შენიშვნა კიდევ რამდენიმე ობიექტმა მიიღო. ვიცე–მერს, "ასისტენციას" ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსი, ირაკლი დუნდუა უწევდა. გაფრთხილებების სერია წინა დღის დაწყებული იყო: ზოგს საძოვარზე საქონლის გაშვება აეკრძალა, ზოგს სამსახურში დაგვიანება(რაც სხვა დღეებში ჩვეულებრივი მოვლენაა) და ა.შ. რამდენიმე საათის მანძილზე დაცარიელებულ ქუჩებში საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამსახურის და მერიის თანამშრომელთა მანქანები მოძრაობდა.

პრეზიდენტი, ერთ საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა, აეროპორტში მხარის რწმუნებული, ზაზა გოროზია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ წურწუმია, ქალაქის მერი, ვახტანგ ლემონჯავა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო საღინაძე და საჯარო მოხელეები დახვდნენ. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ დუნდუა და მისი რამდენიმე ხელქვეითი, საკრებულოს აპარატის, მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და თითო–ოროლა წვრილი მოხელე მერიის თითქმის ყველა სამსახურიდან, რომლებმაც სამუშაო დღის ბოლო საათი აეროპორტში, პრეზიდენტის მოლოდინში გაატარეს.

პრეზიდენტის პირველი გაჩერება, „ეგეტა მოტორსი“ აღმოჩნდა, სადაც ჟურნალისტთა კორპუსი კამერებისა და მიკროფონების თანხლებით ელოდა. სააკაშვილმა ფირმის სერვისის, დასაქმებულთა რაოდენობისა და ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელ პირისაგან შეიტყო. ამის შემდეგ, მის გარემოცვას თვალში ჩემი ფოტოაპარატი მოხვდა. ცენტრალური ტელევიზიების კამერები და ფოტოგრაფები შეუფერხებლად მუშაობდნენ. მე კი, „აკრძალულ ზონაში“ მუშაობის გამო, რომელიღაც ფოტოგრაფმაც „გამაკრიტიკა“ და საკუთარი უპირეტესობა მაგრძნობინა: „არ იცი, რომ ჩემზე წინ არ უნდა წახვიდე?!“,-შემომიბღვირა.

პრეზიდენტი უკვე ტოვებდა ”თეგეტა მოტორსს”, როცა ჩემი ვინაობით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. მოთხოვნა - სურათები მეჩვენებინა, თანდათან კატეგორიულ ბრძანებაში გადადიოდა. ჩემს სიტყვიერ განმარტებას, რომ იგივე გადავიღე, რაც ”კურიერისა” და ”ქრონიკის” კამერებმა, მოჰყვა ის, რომ ამ ადამიანმა მკლავში ხელი წამავლო და ამიხსნა, რომ კარები ყველა ჟურნალისტისთვის ღია არ იყო. პრეზიდენტის მიერ დათვალიერებულ შემდეგ ობიექტზე მისვლა რომ მიმესწრო, „დამკითხველს“ ხელიდან დამნაშავესავით დავუსხლტდი.

„ხომ გითხარით, ფოთი მაგარი ქალაქი იქნებაო?!“ – „სმარტის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გახსნისას, იქვე მდგომთ მიმართა პრეზიდენტმა და მანქანაში ჩაჯდა, რომელმაც, ერთ დროს მის მიერ დაწუნებული, რკინიგზის სადგურის ახალი შენობისაკენ აიღო გეზი; შენობასთან პრეზიდენტი მანქანიდან არ გადმოსულა, რის შემდეგაც, სავახშმოდ, რესტორან „კვიპაროსში“ გადაინაცვლა. ვიდრე პრეზიდენტი ვახშმობდა, ადგილობრივი საჯარო სამსახურის თანამშრომლები: მერიის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მერიის ადმინისტრაციის უფროსი და სხვები, ერთგულად ელოდებოდნენ ქუჩაში. . . რესტორანთან.

მეც, მათთან ერთად, იძულებული გავხდი დავლოდებოდი, სანამ პრეზიდენტი გაფორმების ეკონომიკური ზონისაკენ(გეზ-ი) არ გაეშურებოდა.

გეზ-ში პრეზიდენტის გამოსვლისას, მაშინ, როცა ცენტრალური არხები შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, შესასვლელში ჩემს ვინაობას არკვევდნენ. დარბაზში, სადაც პრეზიდენტმა საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციაზე, გამარტივებულ საბაჟო პროცედურებსა და ბიზნესისათვის პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა, მხოლოდ მას შემდეგ შემიშვეს, რაც დეტალურად დამკითხეს და გამჩხრიკეს კიდეც.

„ჩვენ ვართ იმ გზაზე შემდგარი, რომ სხვა ქვეყნებისთვის ვიყოთ მაგალითი, რომ გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, საწარმოები და ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს“–განაცხადა პრეზიდენტმა და „ეკონომიკური სიძლიერის სიმბოლოდ" ფოთი დაასახელა.

სიტყვის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრთან ერთად მწკრივში მდგარ ახლადდასაქმებულებს მიესალმა და ფოთის აეროპორტის მაკეტს გადახედა. ამ კადრების გადაღებისას უცნობმა, ისევ დამნაშავესავით წამავლო ხელი და გასასვლელისაკენ წამიყვანა, სადაც ჩემი თავი „კოლეგებს“ გადააბარა (ვინაობას აქაც არავინ ასახელებდა და ვარაუდით ვხვდებოდი, რომ ისინი პრეზიდენტის გარემოცვიდან იყვნენ) „ადგილობრივი პრესის წარმომადგენელია, სურათები გადიღო, აქაც „თეგეტაში“ , პრეზიდენტის განცხადებებიც მოისმინა, ახლა ხელი არ გაანძრევინო,“- დაავალა ერთმა მეორეს და პრეზიდენტის პრესცენტრის უფროსის მოსაყვანად წავიდა. სანამ მე „პატიმრობაში“ ვიყავი და პრეზიდენტის პრესმდივანს, ნათია ბანძელაძეს იმის ახსნა–განმარტებას ვაძლევდი, რომ გადავიღე და ჩავიწერე ის, რაც ყველა ტელევიზიამ, „რუსთავი2“–ის კორესპოდენტი პრეზიდენტის კომენტარს წერდა. როცა სააკაშვილი გასასვლელისკენ დაიძრა, ვისარგებლე შემთხვევით და უკვე მეორედ დავუსხლტი ხელიდან საკმაოდ გაღიზიანებულ გარემოცვას.

როგორც შემდეგ აგავრკვიე, პრეზიდენტის პრეს–მდივანი, სხვადასხვა არხებით არკვევდა, თუ რა ტიპის გამოცემაა „თავისუფალი სიტყვა“, როგორია მისი პოლიტიკური კურსი და ა.შ. ჯერჯერობით, უცნობია, რა ინფორმაციის „შეგროვება“ მოახერხა მან, თუმცა, რატომ აღიზიანებს ჟურნალისტის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულება, გაუგებრად რჩება. პრეზიდენტისადმი, როგორც საჯარო პირისადმი ხომ საზოგადოებრივი ინტერესი მუდამ მაღალია, ხოლო ჟურნალისტიკა სხვა რაღაა, თუ არა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება, სიმართლის ამსახველი ფაქტებით და არა იმ ილუზიებით, რომლითაც ცენტრალური, სახელისუფლებო არხები დიდი ხანი მათ კვებავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახელისუფლებო ვიზიტების გაშუქებისას ადგილობრივ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან. თუმცა, გაურკვეველია, რატომ? იგივე შეხვედრას ცენტრალური არხები ხომ პირდაპირ ეთერში გადასცემენ? ადგილობრივი მედიისადმი დაუფარავი აგრესიას, ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლას, და საერთოდ, ქვეყანაში ადგილობრივი მედიასაშუალებების როლის დაკნინებას, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს.

No comments:

Post a Comment