ფოთში ქონების ახალი გადასახადი ამოქმედდება
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფოთში ქონების გადასახადის ოდენობა შეიცვალა. 31 მარტის მე-6 მოწვევის სხდომაზე ცვლილებები შევიდა 2010 წლის 29 დეკემბრის 15/50 დადგენილებაში და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდა საცხოვრებელ სახლზე, ავტოფარეხზე და მრავალბინიან სახლში ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
გაუქმდა ქალაქის ტერიტორიაზე უბნების მიხედვით მიწის ნაკვეთების ზონირების და ფასების ზონების მიხედვით დადგენის პრინციპი და ყველა უბნისათვის გადასახადის ერთნაირი რაოდენობა განისაზღვრა. ( ამ ცვლილებებამდე, ქალაქი სამ ზონად იყო დაყოფილი და ზონების მიხედვით გადასახადის ოდენობა 20-50 ლარის ფარგლებში მერყეობდა).
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური ოდენობა, შემდეგნაირად განისაზღვრა: სათიბი – 28 ლარი; საძოვარი – 22,50 ლარი; სახნავი – 85 ლარი; საკარმიდამო – 80 ლარი; სხვა მიწები, რომელიც კანონმდებლობით სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწად ითვლება– 90 ლარი.
ასევე, ყოფილ საკოლმეურნეო და საბჭოთა ტყეები – 30 ლარი; არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ერთი კვადრატული მეტრი – 0,34თეთრი.
რაც შეეხება, საწარმო–ორგანიზაციებს, მათთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი, დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%–ით განისაზღვრა. საწარმო–ორგანიზაციებისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადი განისაზღვრა ამ ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღრებულების 1%–ით.
40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახი გადასახადისაგან თავისუფალია, 40 000–დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახისათვის კი გადასახადი შემდეგნაირად განისაზღვრა: საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %.
საკრებულოს თვამჯდომარის, ივანე საღინაძის, განმარტებით, მითითება მიწის გადასახადის ოდენობის გასაშუალოებისა და ქალაქის მასშტაბით ერთი ფასის დადგენის შესახებ პირადად მხარის გუბერნატორისაგან, ზაზა გოროზიასაგან მიიღეს.
„ფოთში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწები დიდი რაოდენობით არაა, რაც შეეხება მიწების ხარისხის მიხედვით დაყოფას – კარგი თუ მწირი, არ არსებობს უწყება ან ინსტიტუტი, რომელიც მიწის ხარისხს განსაზღვრავს. ფოთში ყველა მიწა კარგი ხარისხისაა და ერთნაირი ფასიც მისაღებია.“– განაცხადა საღინაძემ.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment