სამდღიანი ქარიშხლის შედეგად ფოთისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის, რომლის შემადგენლობაშიც ქალაქის პირველი პირები და ადგილობრივი სამსახურების ხალმძღვანელები შედიან.
25 მრავალსართულიანი სახლის, 40 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, მუზეუმის, სახელოვნებო სასწავლებლის შენობებს, ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის განმარტებით, აქედან რამდენიმე შენობისათვის მიყენებული ზიანი საკმაოდ სერიოზულია, თუმცა რამდენს შეადგენს ზარალი, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მოსახლეობისაგან განცხადებებს ამ დრომდე იღებენ. აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხები მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
ადმინისტრაციაში, არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაბადის უბანში ახალგაზრდა ქალბატონი სახურავიდან გადმოყრილმა „შიფერმა“ დააშავა და აცხადებენ, რომ ქარიშხლის შედეგად დაზიანებები არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია, მითუმეტეს, არც მსხვერპლი ყოფილა.
ინფორმაცია, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში დაადასტურეს. სამსახურის უფროსის, ლევან კაკულიას, განმარტებით ამ დღეებში გამოძახებების რაოდენობა არ გაზრდილა, რაც მოსახლეობაში პანიკის არსებობას გამორიცხავს. არც უბედური შემთხვევის დროს დაშავებულებს მიუმართავთ მათთვის.
მთავარი პობლემა, რაც ძლიერმა ქარმა შექმნა, ენერგომომარაგების შეზღუდვაა. ისედაც ავარიული ენერგოსადენებისა და ტრანსფორმატორების დაზიანების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
რიგ უბნებში, ენერგოშეზღუდვამ სასმელი წყლის პრობლემაც შექმნა. ქალაქს წყალი გრაფიკით, ყოველ მეორე დღეს, დილის საათებში მიეწოდება. მრავალსართულიანი სახლების მაღალ სართულებზე წყალი თვითდენით არ ადის. ელექტროენერგიის არ ქონის გამო მოსახლეობამ სასმელი წყლის მომარაგება ვერ შეძლო.
გამოყენებული ფოტო აღებულია მერიის ოფიციალური ვებ–გვერდიდან.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment