Monday, April 11, 2011

ალექსანდრე დიუმას ქანდაკებას ხელჯოხი მოპარეს?!



ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში, ალექსანდრე დიუმას ძეგლიდან ხელჯოხი დაიკარგა. დაზიანებული ქანდაკება „თავისუფალი სიტყვის“ ფოტოობიექტივმა 9 აპრილს, დღის პირველ ნახევარში დააფიქსირა.

ვის ბალანსზეა ქანდაკება და ვის ევალება მისი მოვლა-პატრონობა? ორშაბათ დილიდან „თავისუფალი სიტყვა“ ამ კითხვებზე პასუხს ეძებდა. მერიის საინფორმაციო სამსახურიდან ინფრასტრუქტურის სამსახურში, ინფრასტრუქტურიდან კულტურის სამსახურში, კულტურის სამსახურიდან კი საგამოფენო დარბაზში გადამისამართებულებს, იქ განგვიმარტეს, რომ ქანდაკება მათ ბალანსზე არ ირიცხება და არც არასოდეს ირიცხებოდა.

ედემი კოკაია, საგამოფენო დარბაზის თანამშრომელი:

„ დიუმას ქანდაკება, წლების წინ ფოთის საზღვაო ნავსადგურის შეკვეთით დაამზადეს და ნავსადგურის სამმართველოსთან, სკვერში დადგეს. იქ, სადაც ახლა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი დგას. მოგვიანებით, სკვერის კეთილმოწყობისას ქანდაკება ცენტრალურ პარკში გადმოიტანეს. პარკში დაგეგმილი რეკონსტრუქციის სამუშაოების დაპროექტების შემდეგ, ძეგლების განლაგების საკითხს სამხატვრო აკადემიის კათედრა გადაწყვეტს.“

კულტურის სამსახურში განაცხადეს, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ დაგვიკავშირდებოდნენ. მოგვიანებით, სამსახურის უფროსმა მერაბ ასანიძემ, განაცხადა, რომ ჯოხის დაკარგვა მათ 11 აპრილს, გვიან ღამით დააფიქსირეს, როცა კულტურის სამსახურის ძარცვის მცდელობის შემდეგ, პარკის ტერიტორიას ამოწმებდნენ. შესაბამისად, ძიებაში სამართალდამცავები არიან ჩართულნი და დამატებით ინფორმაციას ისინი ძიების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

ქანდაკებას ორი ავტორი ჰყავს, ჯუმბერ ჯიქია და ვალიკო ინაიშვილი. რაც შეეხება მასალას, ის სპილენძისგანაა დამზადებული. ასანიძჲს განცხადებით ქანდაკების დაკარგული ნაწილის აღდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.

No comments:

Post a Comment