

კულტურისა და დასვენების პარკსა და ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარს შორის ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში „კოლხი დედის“ ძეგლი იდგა, ხელოვნების ცენტრი აშენდება.
პროექტის ერთი ვარიანტი უკვე არსებობს. ის ფოთელ არქიტექტორს, მამუკა ჩხაიძეს ეკუთვნის. განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და არქიტექტორ სტუდენტთა ჯგუფი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
„ჩხაიძის პროექტი, მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული, რომელიც ქალაქის ცენტრში, კლასიციზმის ფონზე ქმნის მოდერნისტულ ელემენტებს. ვერსალში დადგმულ შუშის პირამიდასაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ გამოჩნდა, რომ ესეც კლასიკაა, გარკვეულწილად. მაგრამ, ვფიქრობთ, სხვა ვარიანტსაც აქვს არსებობის უფლება, ამაზე ადამიანები მუშაობენ და ეს უნდა გახდეს შემდეგ განსჯის საგანი. შენობა შეავსებს იმ ჯიბეს, რომელიც პარკსა და ტაძარს შორისაა დარჩენილი. “ -განაცხადა ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ.
ტერიტორია, პარკისა და ტაძრის ღობეებს შორისა მოქცეული, ამიტომ პარკის ღობეს აიღებენ. თუმცა, ადგილზე დარჩება პიედესტალი, რომელზეც „კოლხი დედის“ ძეგლი იდგა.
კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ პიედესტალი, ახალი არქიტექტურული ნაგებობის შუაში განთავსდება(ანუ შენობა, მის გარშემო უნდა აშენდეს-ავტ.). ხელოვნების ცენტრი გახდება ნაწილი მთლიანობისა, რომელსაც პარკში მოწყობილი ღია გალერეა შექმნის. მომდევნო ათი წლის განმავლობაში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, დიპლომს ფოთში დაიცავენ, მათი სადიპლომო ნამუშევრები- ქანდაკებები კი, ქალაქის პარკს საჩუქრად გადეცემა. ხელოვნების ცენტრის პროექტებსა და სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრებზე მუშაობა, პარალელურად მიმდინარეობს.
რა თანხა დაჯდება ცენტრის მშენებლობა, უცნობია. მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ შენებლობისათვის თანხა ქალაქის 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, მას შემდეგ რაც მაისის თვის ბოლოს სასურველ პროექტს შეარჩევენ, თანხების მოძიებაზე კულტურის სამინისტრო იზრუნებს.
შერჩეულია „კოლხი დედის“ ძეგლის განთავსების ადგილი. ძეგლი ნავსადგურში, სამხრეთ მოლზე განთავსდება. ადგილი, სამი ვარიანტიდან(მოლო, მეშვიდე კილომეტრი, 9 ააპრილის ხეივანი) თავად ძეგლის ავტორმა, ვახტანგ დავითაიამ შეარჩია. მაღალ პიედესტალზე დადგმული ძეგლი ზღვისკენ იქნება მიბრუნებული.
ნინო თუნთია.
No comments:
Post a Comment