ნინო თუნთია
დღეს, ფოთში საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლებისა და ფოთელი მძღოლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებაა. ადგილობრივი ხელისუფლება, ტენდერის გზით ეცდება შიდასაქალაქო ტრანსპორტში არსებული ვითარება მოაწესრიგოს, მძღოლები შიშობენ, რომ ამ ცვლილებებს მათი სამუშაო ადგილები შეეწირება. შეთანხმების მიხედვით, აქციაში მონაწილეობა ათეულობით მძღოლს უნდა მიეღო, თუმცა დაგეგმილ დროს დანიშნულების ადგილას, მხოლოდ ათამდე ადამიანი შეიკრიბა.
ერთადერთი განცხადება აქციაზე, საქართველოს ტრასპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ლავრენტი ალანიამ გააკეთა.
ლავრენტი ალანია, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშრების თავმჯდომარე:
„ ფოთის ხელსუფლებამ შეამცირა მარშრუტების რაოდენობა, აპირებს აკრძალოს 2004 წელზე ქვემოთ გამოშვების თარიღის მქონე მანქანები. ხელისუფლებას, ჯერ ისიც კი ვერ გაურკვევია, რამდენი მძღოლი ჰყავს. ამ და სხვა პირობებიდან ჩანს, რომ მზადდება სცენარი ვიღაცისათვის ადგილის გასათავისუფლებლად, რომ ამ ადამიანებს სამუშაო ადგილები სახვეწარი გაუხადონ. ვერ ვხდები, ვის უნდა ჰქონდეს ისე პატარა ჭკუა, რომ 2004 ან 2010 წელს გამოშვებული მანქანა ჩამოიყვანოს ფოთში და თან მოგებაზე იფიქროს?!
ჩვენ გუშინ შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო საღინაძეს, მან გამოთქვა სიტყვიერი თანხმობა სატენდერო კომისიის მუშაობაში ჩართონ პროფკავშირისა და მძღოლების წარმომადგენლებიც. უახლოეს დღეებში ამას მივცემთ ოფიციალურ სახეს. საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვიერი დაპირებით, ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს ტენდერის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მძღოლები პორტის მანქანებზე და სხვაგან გადაანაწილოს.“
აქციაზე მისული რამდენიმე მძღოლიდან, ჟურნალისტებთან ურთიერთობა არავინ ისურვა. თუმცა ერთ–ერთმა მძღოლმა პირად საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად ქალაქის ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ისინი თითოეულ მძღოლთან შეთანხმებით მოქმედებენ, მძღოლებთან აზრის საკითხავად არავინ მისულა. მათ მხოლოდ განცხადებები დააწერინეს მძღოლებს, რომელშიც ისინი ხელისუფლების ინიციატივას ემხრობიან.
პროფკავშირების წარმომადგენლების განმარტებით, მძღოლებმა განცხადება კი არა, რეკომენდაცია დაწერეს, რომ მზად არიან სატენდერო პირობების შემუშავების პროცესში ჩაერთონ. შეხვედრას პროფკავშირების ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მართალია, ბათუმელი მძღოლების აქტიურობა, მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების წარმატებულ მაგალითად მოიყვანეს, თუმცა გაირკვა, რომ 700 დასაქმებული მძღოლიდან ტენდერის შემდეგ სამსახური, მხოლოდ 400–მა შეინარჩუნა.
No comments:
Post a Comment