28 აპრილს, ფოთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფოთის მეექვსე საჯარო სკოლის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. სკოლის დირექციის ინფორმაციით, მოზარდი დღეს სკოლაში სასწავლო პროცესის მსვლელობისას დააკავეს. ის ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. მას ბრალად სკოლაში, მანდატურის ოთახიდან კომპიუტერის, ვიდეოთვალისა და ჩამწერი მოწყობილობის მოპარვა ედება. ძარცვის ფაქტი ,19 აპრილს დილის საათებში დაფიქსირდა.
შსს ფოთის პოლიციის სამმართველოში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. სამმართველოს მორიგემ „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამმართველოს ხელმძღვანელობისაგან აკრძალული აქვს ამ ფაქტზე საუბარი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
„თავისუფალი სიტყვა“ დაუკავშირდა ფოთის განათლების რესურსცენტრის დირექტორს, გოჩა ქორქიას. სატელეფონო საუბრისას, ქორქიამ დაადასტურა, რომ იცოდა სკოლის ძარცვის შესახებ, თუმცა მოზარდის დაკავებაზე საქმის კურსში არ იყო. „რამდენიმე წუთში დამირეკეთ, მანდატურის სამსახურის უფროსის ნომერს მოგცემთ. ის დაზუსტებით გეტყვით ყველაფერს“- განაცხადა მან, თუმცა რამდენიმე წუთში „თავისუფალი სიტყვის“ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
No comments:
Post a Comment