

ფოთის მშენებარე თეატრის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 100 ათას ლარს, საკრებულოს სხდომაზე მიღებული ცვლილების შედეგად, ამდენივე დაემატა. საკრებულოს დღეს გამართულ თანხის დამატების აუცილებლობა თეატრის ფასადის მოპირკეთების აუცილებლობით აიხსნა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ეკონომია სხვადასხვა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებიდან გაკეთდა.
მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის, ირაკლი ნაჭყებიას განმარტებით, თანხა მხოლოდ ფასადების სარემონტო სამუშაოებს მოაკლდა. მისივე თქმით, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ნუსხიდან არც ერთი დაგეგმილი სამუშაოს ამოღება არ იგეგმება.
საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, არასაკმარისი თანხის გამო, თეატრის შენობის შიდა სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება, თუმცა ის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტს მაინც მისი ფასადის მოპირკეთებას ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის მშენებლობა 2005წელს, ყოფილი თეატრის შენობის ეპარქიისათვის გადაცემის შემდეგ დაიწყო. მაშინ პრეზიდენტმა ახალი თეატრის მშენებლობაში ფინანსური დახმარება ფოთელებს თავად აღუთქვა. მას შემდეგ მოყოლებული მშენებარე თეატრისათვის, ჯამში 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 500ათასი ლარი გამოიყო.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „კუნძული“ახორციელებს. ამ დროისათვის, ძირითადი კორპუსი აშენებულია და შენობა გადახურულია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარჩენილია 5 მლნ ლარამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება. რა ვადებში მიიღებს აღნიშნულ თანხას კომპანია და როდისთვის დასრულდება სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია. რეგიონული თეატრების ქსელმა ფოთის თეატრის მშენებლობის დაჩქარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფის თხოვნით პრეზიდენტს წერილობით გასულ წელს მიმართეს. თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.
ამჟამად, ფოთის თეატრი კულტურის სახლის შენობის ერთ დარბაზშია განთავსებული. თეატრის მმართველის, თენგიზ ხუხიას განცახდებით, შენობის არარსებობის გამო ბევრ საერთაშორისო პროექტზე უწევთ უარის თქმა.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment