
„შემდგარი სახელმწიფოს ქმედება“,- ასე უწოდა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე საღინაძემ აქციის დასაშლელად პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას.- „სიტყვისა და დემონსტრაციების თავისუფლება კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სახელმწიფო გადატრიალებისთვის გამოყენება,იგეგმებოდა რუსეთის ჯარის შემოყვანა და არეულობის გამოწვევა“ -, აცხადებს ის. როგორც თავად ამბობს, ამის თქმის საფუძველს შსს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოპერტიული მასალა და ვიდეო ჩანაწერები აძლევს.
საღინაძის თქმით, ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ აქციის მონაწილეები რუსეთის ძალებისათვის მუშაობდნენ. მისივე თქმით, აქციის დაშლისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას, თუმცა, რა სახის გადამეტება იყო გამოძიება დაადგენს. „მსხვერპლი კი, ბურჯანაძის ესკორტით იყო გამოწვეული,“- აცხადებს საღინაძე და ამ საქმეში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს გამორიცხავს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა ცხადაიას თქმით, 26 მაისის მოვლენები იყო იმის დასტური, რომ სახელმწიფო ფეხზე დგას „ყველა თავის ატრიბუტიკით, რომელიც უნდა აკონტროლებდეს სიტუაციებს ასეთ დროს.“ ცხადაიას განცხადებით, ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მიზნით შეკრებილი მომიტინგეების „ჩვეულებრი დაშლა“. ცხადაია დარწმუნებით ამბობს, რომ მოქალაქეები პოლიციის მხრიდან არ დაღუპულან.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებსა და ჩანაწერებში ეჭვი არც საკრებულოს ერთ-ერთ წევრს, დარეჯან ცხვიტარიას შეაქვს. „გრუ-ს“ ჯარს რომ დაასახელებს ადამაინი და საკუთარ ჯარს „ლაჩარს“ უწოდებს,იმას გამართლება არ მოეძებნება. ეს იმის ნიშანია, რომ გადატრიალების გეგმა მზადდებოდა.“ ცხვიტარიას თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობდა. ხელისუფლება კი, თავდაცვითი ღონისძიებას ატარდებდა. „როცა მოდიან დუბინკით, თავს გესხმიან და მანქანებს ამტვრევენ, თავი უნდა დაიცვა“,-აცხადებს ის.
დაშლის სპეცოპერაციას იწონებს საკრებულოს წევრი, ბიზნესმენი, დავით ბაბილუა. სახელმწიფო გადატრიალების გეგმის არსებობაში ისიც დარწმუნებულია. საფუძველი, ტელევიზიებით გავრცელებული ვიდეომასალებია. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, აქციას დარბევად არ აფასებს.
საკრებულოს წევრის, ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, მაგდა მენაბდეს შეფასებით, ადგილი ჰქონდა ქვეყნის მტრის მიერ დაგეგმილ სამხედრო გადატრიალებასა თუ სამოქალქო ომის პროვოცირებას. მისი თქმით, „ასეთ დროს სახელმწიფო ვალდებულია სწორად განახორციელოს ამ მოვლენების აღკვეთა.“ როგორც იგი ამბობს, იყო საუბარი „მოლოტოვის კოქტეილზე“ , აქციის მონაწილეების ხელკეტებით, დუბინკებითა და სხვა მძიმე საგნებით შეიარაღებაზე, რაც ადასტურებს, რომ გადატრილება მზადდებოდა.“ მისი თქმით, როცა ადამინები ჯგუფებად, ერთად მოძრაობს იქ შეიძლება უბრალოდ ვიღაც წაიქცეს ან სხვა სახის ტრამვა მიიღოს. მენაბდეს თქმით, დაშავებულები ორივე მხარესაა და „აქციის პერიოდში ეს ჩვეულებრივი მომენტია“.
საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ დარცმელიძე მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ძალოვანების მხრიდან ძალის გადამეტებას. მისი თქმით, აღლუმის ჩატარებისთვის ხელი, რომ არ შეეშალათ და სხვა ადგილას გადასულიყვნენ, დარბევას თავიდან აიცილებდნენ. გადატრიალების მცდელობას ისიც იზარებს. აქციის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის შესახებ კი ამბობს, რომ ამის დასამტკიცებლად ოპერატიული მასალები კიდევ ბევრი ექნებათ და როცა საჭიროდ ჩათვლიან გამოაქვეყნებენ და საქმესაც მისცემენ მსვლელობას.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment