Sunday, May 29, 2011

ბათუმში „ტვ-25“ სამი დღეა გათიშულია



აჭარის საკაბელო ტელევიზია “ერა”-მ, უკვე სამი დღეა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების გარეშე “ტვ-25” ქსელიდან გათიშა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ამის ოფიციალურ მიზეზად მათ ტექნიკურმა სირთულეები, კერძოდ, გადამცემი მოდულატორის დაზიანება დაუსახელეს, რომლის აღდგენაში დახმარება “ტვ-25“-მა „ერა“-ს პირველ დღესვე შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ამ დროისათვის ბათუმის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 საკაბელო ტელევიზია მაუწყებლობს. „ერა” ქალაქის თითქმის ნახევარს ემსახურება. მის მფლობელებად მთავრობასთან დაახლოებული პირები მოიაზრებიან.

„ტვ-25“-ის მმართველის, მერაბ მერკვილაძის განცხადებით, 27 მაისის შემდეგ საკაბელო ტელევიზიის ხელძღვანელობასთან შეხვედრას და სიგნალის გათიშვის რეალური მიზეზის გარკვევას ვერ ახერხებს, რის გამოც ის სხვა მიზეზებზე საუბრობს.:–„პირველ დღეს განაცხადეს, რომ დაზიანებული მოწყობილობა იმ დღესვე შეკეთდებოდა. შემდეგ კი მმართველებთან შეხვედრა აღარ ხერხდება. მათ ან ტელეფონი აქვთ გამორთული ან ადგილზე არ იმყოფებიან“, –აცხადებს მერაბ მერკვილაძე.

ტვ“ერა”-ს მმართველთან, გია მეტრეველთან ტელეფონით დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ჩვენც ამაოდ ვცდილობდით. ტელეფონი ქსელიდან იყო გათიშული. ამავე კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სულხან გოგიბერიძეს, უცხოეთში დავუკავშირდით: – „საქმის კურსში არ ვარ და არ შემიძლია ამ საკითხზე საუბარი. ალბათ ხვალ ჩამოვალ საქართველოში და ადგილზე გავარკვევ, რა მოხდა “, – აღნიშნა გოგიბერიძემ სატელეფონო საუბრისას.

”ტვ-25” დამოუკიდებელი არხია და მისი მაუწყებლობა აჭარის გარდა, გურიის რეგიონის ნაწილზეც ვრცელდება. მას დაახლოებით 300-ათასიანი აუდიტორია ჰყავს. ტელეკომპანიას პრობლემებს, თავის დროზე ხშირად ასლან აბაშიძეც უქმნიდა, რომელმაც შეძლო და მფლობელებს არხი რამდენჯერმე იძულებით დაუხურა, იძულებით გაასხვისებინა და ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმა კიდეც, რასაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხანგძლივი სასამართლო პროცესები მოჰყვა და არხი გაკოტრებას ძლივს გადაურჩა.

არხს რამდენიმე ტოქ-შოუ აქვს. ტელევიზია ხშირად უთმობს ეთერს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. მიმდინარე წლის 21 მაისს დაწყებული
აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „ტვ-25“ ტელეკომპანია, ნაციონალური არხებისგან განსხვავებულად აშუქებდა. 25 მაისის ღამის კადრებს კი მთელი ღამის მანძილზე აწვდიდა მოსახლეობას. რამდენიმე დღის განმავლობაში, “ტვ-25”-ის ეთერში მხოლოდ “მაესტრო” იყო ჩართული.

ამავე ტელეკომპანიამ ეთერში გადასცა აქციის დარბევის დროს
პოლიციელთა დაღუპვასთან დაკავშირებული ექსკლუზიური ვიდეო კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ახტებიან სპეცრაზმელები ოპოზიციის ესკორტის ერთ-ერთ ჯიპს, რის შემდეგაც ერთ ერთი თავს ვეღარ იმაგრებს, ვარდება და მას უკან მომყოლი მანქანა ეჯახება. აღნიშნილმა კადრებმა რუსთავი 2-ისა და “იმედის” მიერ გავრცელებული ვერსიებს გამორიცხავდა. იხ.ლინკი: http://www.tv25.ge/videoshow.php?id=FLV%2Fnews%2F5019.flv

ზურა ბაუჟაძე

No comments:

Post a Comment