ზუგდიდში, 26 მაისი ღონისძიებისათვის მზადება დღეს დაიწყო. ამ წუთებში, ქალაქის ორ მთავარ ქუჩაზე, რუსთაველსა და გამსახურდიაზე, განათების ბოძებზე ეროვნულ დროშებს ამაგრებენ.
„ქალაქის გამგეობა ზუგდიდელებს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებას ჰპირდება,“ - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დარეჯან გაბედავა.
მისი თქმით, საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ ხეივანში, ხვალ, დილის 10 საათზე დაიწყება. ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვას, სამხატრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ღია ცის ქვეშ, ჭადრაკის სეანსები და ა.შ. ქალაქის სამხატვრო გალერეაში დაგეგმილია ზუგდიდელი მხატვრის ჯონი შონიას პერსონალური გამოფენა. საღამოს 18 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ბავშვთა ვოკალური ანსამბლის „ზუგდიდის“ კონცერტი, ხოლო 22 საათზე ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული მომღერლების საზეიმო კონცერტი იგეგმება, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკებით დასრულდება.
ღინისძიების ჩასატარებლად გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. გამგებლის მოადგილის, დარეჯან გაბედავას თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რის გამოც მან სატენდერო თანხის ოდენობა ვერ დაგვისახელა და განმარტა, რომ ეს ინფრომაცია ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
სოფო ხუბულავა
No comments:
Post a Comment