Tuesday, May 24, 2011

მესტიაში ოთხი ავარიული კოშკი სარესტავრაციოთა სიაში ვერ მოხვდა





ძეგლთა დაცვის სააგენტო მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფელში, 25 სვანური კოშკის რესტავრაცია გეგმავს. სარესტავრაციო კოშკების სიაში ვერ მოხვდა ლატალში, მულახსა და ეცერში მდებარე ოთხი კოშკი, რომელთა რესტავრირებასაც, რამდენიმე თვეა ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც კოშკებით სარგებლობენ. მათი თქმით, კოშკებიდან ჩამოცვენილი ქვები მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. უპასუხოდ დარჩა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მათ მიერ გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნებიც.

კოშკების რესტავრაციის პროცესში, ჩართული არ არაა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური. სამსახურის უფროსის, მაია კახიანის თქმით, იმ სოფლების სია, რომლებშიც კოშკების რესტავრაცია იგეგმება, მას ძეგლთა დაცვის სააგენტოდან მიაწოდეს.

„შერჩეული კოშკები მდებარეობს სოფლებში მულახი, ეცერი, იფარი და უშგული. მესტიაში ჩამოსულმა კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის ჯგუფმა სოფლები პირადად დაათვალიერა, თუმცა, რა კრიტერიუმით შეარჩია კონკრეტული კოშკები, ჩვენთვის უცნობია. ვიცი, რომ ამ 25 კოშკთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია და წელს ამ სიაში კოშკების დამატება შესაძლებელი არ არის, “- განაცხადა „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას მაია კახიანმა.

კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის, უფროსის ნათია მურაჩაშვილის განმარტებით, სვანეთში კოშკების რეაბილიტაცია 2004 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს და ყოველწლიურად, კოშკისთვის პრიორიტეტის მინიჭება მისი მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება, რაზეც სპეციალისტების მიერ ანგარიში მხოლოდ ადგილზე ჩასვლის შემდეგ მზადდება.მურაჩაშვილმა კონკრეტული კოშკების ჩამონათვალის მიწოდება გვთხოვა და იმ მიზეზების დადგენას დაგვპირდა, რომელთა გამოც აღნიშნული კოშკები სარესტავრაციო სიაში ვერ მოხვდა.

ინფორმაციის მიღებისთანავე „ თავისუფალი სიტყვა“ თემას განაგრძობს.

ლონდა ხორგუანი

No comments:

Post a Comment