

ფოთის წყალსადენის სარეაბილიტაციო 27-მილიონიანი პროექტის დასრულების მიუხედავად,ფოთში, წყალმომარაგება კვლავ პრობლემად რჩება. მოსახლეობას გაურკვველი ხარისხის წყალი კვლავ ყოველ მესამე დღეს 2-2- საათით მიეწოდება, ხოლო რის მიხედვით ანგარიშობს შპს „ფოთის წყალკანალი“გადასახადებს, გაურკვეველია.
მაგალითად, მრავალსართულიანი კორპუსების მოსახლეობა, მრიცხველების არარსებობის გამო, წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის. საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც საერთო მრიცხველებია დამონტაჟებული, თანხა ოჯახების მიხედვით, თანაბრად ნაწილდება, რაც, გახარჯული წყლის მეტ-ნაკლებობის გამო, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ზოგიერთ კორპუსში, შპს „ფოთის წყალკანალმა“ „დაზიანების“ გამო, მრიცხველები აიღო და აღარ დააბრუნა. ასეთ კორპუსებში წყლის გადასახდები, ერთ სულზე, სხადასხვა უბანში, სხვადასხვა ოდენობისაა. მაგალითად, კუნძულის უბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ სულზე- 2.05 თეთრი, ცენტრის უბანში, ჭანტურიას ქუჩაზე -1.60 თეთრი, ხოლო რკინიგზის უბანში, რუხაძის ქუჩაზე ერთ სულზე -1.40 თეთრი.
ჭანტურიას №9-ში მდებარე მრავალსართულიანში მცხოვრებ 6 წევრიან ოჯახს, რომელიც წყალს მაღალ სართულზე, დაბალი წნევის გამო ვერ იღებს და თავად ეზიდება ვედროებით, ქვითრის მიხედვით, ერთ თვეში 9,60 ლარის გადახდა დაეკისრა. -„ასე მომდის ქვითარი და ვიხდი. არადა წყალი ორ დღეში ერთხელ 2-3 საათით მოდის და იმასაც ჩვენ ვეზიდებით. მრიცხველი რომ მქონდეს, ამდენს ხომ არ დაწერდა? “-აცხადებს ოჯახის წევრი ქალბატონი.
გადასახადის ოდენობის დაწესების პრინციპი ყველა ოჯახისთვის უცნობია. საკრებულოს დადგენილების თანახმად, ფოთში, წყლის ტარიფი ტონაზე 55 თეთრითაა განსაზღვრული. ამავე დადგენილების მიხედვით, წყლის საფასურის გადახდა სულადობის მიხედვით არ განისაზღვრება და, შესაბამისად, მოსახლეობის ერთ სულზე გადასახდის ოდენობა დაწესებული არაა. ამ შემთხვევაში, მით უფრო გაურკვეველი ხდება, რის მიხედვით აწესებს გადასახადებს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ფოთის სერვისცენტრი".
სერვისცენტრის უფროსის, ნუგზარ ფაცაციას განცხადებით, განმარტებას ვერც ერთ საკითხზე ვერ გააკეთებს. „ვწუხვარ მოსახლების პრობლემების გამო, ვიცი, რომ ჩემი კომპეტენციაა, მაგრამ პრესასთან ურთიერთობისა და კომენტარების გაკეთების უფლება არ მაქვს“- განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment