Tuesday, May 24, 2011

ფოთში ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა ინგრევა







ფოთში აკაკის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა ინგრევა. ნაგებობას სახურავი თითქმის გადახდილი აქვს, მთელს შენობაში იატაკი აყრილია, ჩამსხვრეულია მინები და ზოგ ადგილას კედლებიც ჩამონგრეულია. ფოთის მერიის ქონების მართვის განყოფილებაში, აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ტექნიკუმმა, სამი წლის წინ, ფუნქციონირება შეწყვიტა, მიტოვებულ შენობას, მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად ანგრევს.

ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი, ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი საშუალო სპეციალური სასწავლებელი იყო. 1933 წელს,კოლხეთის ჭაობების ამოშრობის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისში არსებული ამიერკავკასიის ჰიდროტექნიკუმი ფოთში გადმოიტანეს და სპეციალურად ტექნიკუმისათვის ახალი შენობა ააგეს. ბოლოს, სარემონტო სამუშაოები ნაგებობას გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.
ფოთის მერიის ქონების მართვის განყოფილების ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ფოთის მერია და საკრებულო უნდა განთავსდეს. რადგან ნაგებობა ქალაქის ბალანსზე არ არის, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. რამდენიმე წელია, ტექნიკუმის შენობა ეკონომიკის სამინისტროდან ფოთისთვის გადმოცემის სტადიაშია.
ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ, დანგრევის პირას მისული შენობის ღობე ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტმა შეღება რადგან, მათი განმარტებით, ღობე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზეა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ დუნდუას განმარტებით, ამ სამუშაოებზე ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა.

No comments:

Post a Comment