

ფოთში, „სახალხო კრების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ სამეგრელოს მოედანზე, „გამაფრთხილებელი აქცია“ გამართა. აქციას მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები და ტაქსის მძღოლებიც შუერთდნენ. ტრიბუნის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდები, კრების სიმბოლიკიანი დროშების ფრიალითა და შეძახილებით - „სამართალი მოდის“, მოსახლეობას „ხელისუფლების დამთავრებისკენ“ მოუწოდებდნენ.
შეკრებილებს ტრიბუნიდან საყვირის საშუალებით, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთაინი საქართველოს“ სამეგრელოს კოორდინატორმა, გოჩა დოლბაიამ მიმართა. მან ხელისუფლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუმპირებულობაში დაადანაშაულა, თუმცა, კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია. „ ხელისუფლებას ყველა ამ ნაბიჯისათვის პასუხი უნდა ვაგებინოთ“,- მოუწოდა შეკრებილებს დოლბაიამ, რომელიც ადრე „კონსერვატიული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯოდმარე, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ამჟამად,ის „მრეწველთა პარტიის“ სიით შესული საკრებულოს წევრია.
აქცია ერთ საათში დასრულდა, რის შემდეგაც „სახალხო კრებამ“ ადგილობრივ ხელისუფლებას „მმართველ გუნდთან გამიჯვნის“ შესახებ გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა.
საკრებულოსა და მერიაში წერილზე კომენტარი არავის გაუკეთებია. წერილის გაცნობისას, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, სულხან თოლორდავამ, მხოლოდ გულიანად გაიცინა.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment