
ფოთში, დასუფთავების ქვითრის მიხედვით, გადასახდის გადახდა ოჯახების იმ წევრებსაც დაეკისრათ, რომლებიც ამჟამად იქ არ ცხოვრობენ.
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა, საკრებულოს დადგენილებით, 2011წლიდან მოსახლეობის ერთ სულზე 50 თეთრით განისაზღვრა. ურნების განთავსებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა-გაუნებელყოფის მომსახურეობისათვის გადახდილ თანხას, ბანკის მომსახურეობის ერთ ლარიც ემატება.
იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები ფოჩხუების ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც რეალურზე მეტი ოდენობის გადასახდი დაერიცხა. ოთხ სულიან ოჯახს მოსაკრებელი ხუთ წევრზე მიუვიდა. ოჯახის ერთი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ პერანიძეების ოთხსულიან ოჯახს კი, ქვითრის მიხედვით, გადასახადი ცხრა წევრზე დაერიცხათ.
ტენდერში გამარჯვებული შპს”ინფრასტრუქტურის” ადმინისტრირების განყოფილების უფროსთან, გოჩა ტუღუშთან გავარკვიეთ, რომ ტენდერში გამარჯვებამდე, ქვითრები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა დაარიგეს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის აღწერდნენ. როგორც გაირკვა, დასუფთავების სამსახური მონაცემთა ამავე ბაზას იყენებს, რომელიც არაზუსტ მონაცემებს შეიცავს. ამის გამო კი, მსგავსი პრობლემა, შესაძლოა, კიდევ ბევრ მოქალაქეს შეექმნას. ტუღუში განმარტავს, რომ შესწორება ქვითრის მიტანის დროს, ადგილზეც შესაძლებელია.
მოქალაქის ნათქვამის გადამოწმების რა მექანიზმი არსებობს, რათა გადასახადის დამალვის მიზნით, მოსახლეობამ ოჯახის წევრთა ვინაობა არ დამალოს, ტუღუშის თქმით, ამის მაკონტროლებელი ბერკეტი არ არსებობს და მოქალაქეს „სიტყვაზე უნდა ენდონ“.
ადგილობრივ ბიუჯეტში წლის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლიდან 313 ათასი ლარის მიღებაა დაგეგმილი. თუ რამდენ ადამიანს ეკისრება მოსაკრებლის გადახდა, რა მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავალი, განყოფილების უფროსისთვის ასევე უცნობია. ცნობილია მხოლოდ აღნიშნული მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხის რაოდენობა: მიმდინარე წლის, პირველ კვარტალში, დაგეგმილი 65 ათასის ნაცვლად, ბიუჯეტმა 90 ათასი ლარი მიიღო, ხოლო, ბოლო ოთხი თვის მონაცემებით -111ათასი ლარი.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment