Friday, May 6, 2011

ყაჩაღობა ხობის რაიონში

ხობის რაიონის, სოფელ პირველ მაისში, ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. გია ბუკიას, რომელიც საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა, 5 მაისს, გვიან ღამით, თავს ოთხი ნიღბიანი პირი დაესხა. წყაროს ცნობით, შეიარაღებული თავდამსხმელები ძვირფასეულობასა და ფულს ითხოვდნენ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 6 ათასი ლარის წაღება შეძლეს და მსხვერპლი სასტიკად სცემეს. დაზარალებული მრავლობითი დაზიანებით მეზობლებმა ხობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხობის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ვოვა ქანთარიასა და შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის, ბეჟან კანკიას განმარტებით, დაზარალებულს თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები თხემისა და ყბა-სახის არეში აღენიშნებოდა. ნაკერის დადებისა და ჭრილობის დამუშავების შემდეგ, ბუკია საავადმყოფოდან გაწერს და, ამჟამად, ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ხობის პოლიციის სამორიგეოში მხოლოდ ყაჩაღობის ფაქტი დაგვიდასტურეს. პოლიციის ინფორმაციით, საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება, ამ დროისათვის პოლიციას ეჭვმიტანილი არ ჰყავს.
" მე არ ვყოფილვარ შემთხვევის ადგილზე, მაგარამ სერიოზული დაზიანება არ აქვს. არაფერი ეტყობა და თავს კარგად გრძნობს",- განგვიცხადეს პოლიციაში, ხოლო შემთხვევის ადგილზე ნამყოფი პოლიციელების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე კატეგორიული უარი გვითხრეს. „ოქმში მომხდარი დაფიქსირებულია, როგორც “ძალადობის მუქარა“. ცემის კვალი, რომ ყოფილიყო მაშინ სხვანაირად ეწერებოდაო“,- განგვიმარტეს სამორიგეოში.


იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment