„ქართული პარტიის“ ზუგდიდელი ლიდერი კახა მიქაია და პარტიის სხვა წევრები დაშავებულები არიან.
„ დარბევისას საშინელ ჭყლეტაში მოვყევით. მომხვდა ხელკეტი და რეზინის ტყვიები. მხუთავი აირის გაშვების შემდეგ, ვინ სად გარბოდა არავინ იცოდა. მე ღობეებს გადავახტი და ერთ-ერთი სახლის სახურავზე აღმოვჩნდი. იქ გავატარე მთელი ღამე.“ - ამბობს კახა მიქაია. დარბევაში მოყვნენ, ასევე „ქართული პარტიის“ სხვა ზუგდიდელი წევრებიც, თუმცა ისინი მიქაიასგან განსხვავებით, სპეცრაზმმა დააკავა. – „ ალექსანდრე გეთია, დათო თორია, საშკა მოლაშხია და სხვები დააკავეს. ისინი დარბევის დროს დაშავდნენ, შემდეგ სამმართველოშიც სცემეს. განთავისუფლების შემდეგ მიიყვანეს საავადმყოფოში. ყველას აღენიშნება მოტეხილობა და დაჟეჟილობა.“ „ქართული პარტიის“ ზუგდიდელი წევრები, ამჟამად სახლებში არიან და მკურნალობას განაგრძობენ. მიქაიასვე თქმით „ქართული პარტიის“ არც ერთი ზუგდიდელი წევრი არა არის დაკარგული.
„სახალხო კრების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა კი, მეორე დღეა შვილს უშედეგოდ ეძებს. თბილისში, მომიტინგეების დარბევის შემდეგ, ელგუჯა დარასელიას ადგილ-სამყოფელი დღემდე უცნობია.
ზამირა ღადუა კიდევ ერთ დაკარგულს, დემნა კვარაცხელიას ეძებს, რომელიც სავარაუდოდ 26 მაისის ღამეს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დააკავა.
„ წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება იყოს ჩემი შვილი. გუშინ მითხრეს დაკავებულია და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესო, დღეს კი მითხრეს ერთთვიანიო. ასევე, ვეძებ მეორე დაკარგულს, დემნა კვარაცხელიას. მამამისმა მითხრა, ბოლნისში უნდა იყოს გადაყვანილიო. სხვა არაფერი არ ვიცი მის შესახებ.“ -ამბობს ღადუა.
No comments:
Post a Comment