"სახალხო კრების" ფოთელ აქტივისტს, კობა ჯანჯღავას ორგანიზაციის ლიდერები 26 მაისის ღამის შემდეგ ეძებდნენ. ის დღეს, თანაპარტიელებს დაუკავშირდა და თავისი ადგილსამყოფელი აცნობა. "თავისუფალი სიტყვა" კობა ჯანჯღავას ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, აქციის დარბევის შემდეგ, სპეცრაზმელებმა დააკავეს და ორი დღე თბილისის მეშვიდე სამმართველოს შენობაში გაატარა.
კობა ჯანჯღავა, "სახალხო კრების" ფოთის ორგანიზაციის აქტივისტი:
"დარბევა რომ დაიწყო, კინო "რუსთაველში" შევვარდით. გვეგონა უკანა გასასვლელიდან გავიდოდით.გასასვლელი ვერ ვნახეთ და ავედით დარბაზში. შემოვარდნენ დარბაზში, ხელკეტებით გვირტყეს, დაგვაწვინეს, ხელები შეგვიკრეს. მერე, ავტობუსებით მეშვიდე სამმართველოში წაგვიყვანეს, ასე 120 კაცი.
მიგვიყვანეს მეშვიდე სამმართველოსთან, იქ პატრულმა ამოარჩია 10 კაცამდე, არ ვიცი ვინ იყვნენ და თვითონ წაიყვანეს საპატრულოში. ერთ ოთახში ვყავდით და ფეხზე ვიდექით. გვცემდნენ ყოველ გავლაზე და გამოვლაზე. რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს ხოლმე. საშინელი სიტუაცია იყო. ჩაჯდომაზეც კი ხელკეტს გვარტყამდნენ.
აბსოლუტურად არაფერი არ უთქვიათ, რატომ ვიყავით დაკავებული. ტელეფონები და რაც გვქონდა წაგვართვეს, არაფერი არ აუხსნიათ. სახელები, გვარები, მისამართები ყველაფერი ჩაიწერეს ჩვენი, ვინც იქ ვიყავით. წყალიც კი არ გვქონდა.
ამ დილით გვითხრეს პირდაპირ "წადითო" და გამოგვიშვეს. ტელეფონი დამიბრუნეთ-მეთქი ვუთხარი და წადი აქედან სანამ სამუდამოდ დაგტოვეთ აქო მითხრეს."
ჯანჯღავა ფოთში დაბრუნებას უახლოეს დღეებში აპირებს.
No comments:
Post a Comment