Friday, May 27, 2011

„ იზოლატორში გაშლილი ხელებით გვცემდნენ, რომ არ დაგვმჩნეოდა“







„სახალხო კრების“ ფოთელი აქტივისტები, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, 26 მაისის ღამეს, აქციის დარბევის დეტალებს იხსენებენ.
ხათუნა ფაჩულია და ზაზა როდონაია, ფოთელი აქტივისტებიდან პირველები არიან, ვინც ჟურნალისტებთან საუბარს დათანხმდნენ.
ზაზა როდონაია:
„ ფაქტიურად ხალხი გაწირეს. იქ არ ფიქრობდნენ მოკლავდნენ, არ მოკლავდნენ, ვინმე ხომ არ შემოაკვდებოდათ. დარბევა რომ დაიწყო, გავიქეცით. თავს ვაფარებდით კინოთეატრ „რუსთაველში“, სარდაფში. სულ ცხრა ვიყავით. სპეცრაზმელებმა „რუსთაველში“ შეკრებილ ხალხს შესთავაზეს კორიდორს გავაკეთებთ და გაგიშვებთო. მაგრამ გარეთ გამოსულებს სასტიკი ცემა დაუწყეს. ეს, რომ დავინახეთ, აღარ გამოვედით. მოგვიანებით, კრიმინალისტებმა გვიპოვეს, როცა შენობას ათვალიერებდნენ. გამოგვიყვანეს და ავტობუსით წაგვიყვანეს, გზაზე ტელეფონით საუბრობდნენ, რომ ადგილი არსად არ იყო და რუსთავის იზოლატორში წაგვიყვანდნენ. მათგან შეურაცხყოფა არ ყოფილა, მაგრამ, იზოლატორში საშინელება იყო. გაგვაშიშვლეს და გაშლილი ხელებით გვცემდნენ, რომ არ დაგვტყობოდა. მერე „დუბინკებით“ ფეხის თითებზე გვირტყამდნენ. ასაკიანი კაცი იყო, იმასაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს. შვიდი საათი ვიდექით ფეხზე.
შარვლებზე ღილები და „ზმეიკებიც“ მოგვიძვრეს. დილით, ისევ ავტობუსით წამოგვიყვანეს, თბილისში პროკურატურასთან. ცოტა ხანში, დაგვიწყეს ვითომ ხუმრობით ლაპარაკი, თქვენთვის ადგილები არ არისო. ისევ ავტობუსით წაგვიყვანეს, სადღაც, გლდანში, ტყეში. არ ვიცი რა ქვია იმ ტყეს. იქ დაგვტოვეს. ვიღაც, შემთხვევითმა გამვლელმა წამოგვიყვანა მიკროავტობუსით.
„რუსთაველის“ კინოთეატრი აქციის მონაწილეებს არ დაურბევიათ. მხოლოდ კარი გავტეხეთ, რომ შევსულიყავით. მერე სპეცრაზმელებს, რომ უნდოდათ შემოყრა გაზის და რაღაცეების იმათმა დალეწეს. გამოსულებს რომ დაუწყეს ცემა, მღვდელმა დაუწყო თხოვნა ნუ ცემთო. ხელი კრეს, წააქციეს და სიტყვიერად ლანძღავდნენ.
ასეთი საშინელება არ მახსოვს. ახლაც შოკში ვარ. ისე გაგვიკრეს ხელები, ახლაც მეტყობა. გაკოჭილები ვიყაით.“
ზაზა როდონაიას თქმით, მასთან მყოფებთაგან არავის იცნობდა. ახსოვს, რომ ტელეფონით საუბრისას, პოლიციელები ამბობდნენ, რომ ადგილები არ არის და დაკავებულები ბოლნისშიც კი გადაყავდათ. ფოთელებზე არაფერი იცოდა, სანამ სხვისი ტელეფონით ორგანიზაციას არ დაუკავშირდა.

ხათუნა ფაჩულიას სხეულზე რეზინის ტყვიის კვალი აქვს. ერთ ცალ ტყვიას სახსოვრად ინახავს.
„რომ გავქცეულიყავით, გზაც კი არ იყო. პატარა ბილიკიც კი. გვეტყოდნენ აქ გასვლა შესაძლებელიაო და იქვე კუთხეში, უკვე გველოდებოდნენ. ასე ცემით მიგვიყვანეს რუსთაველზე, მგონი მუზეუმის უკან, მშენებარე კორპუსამდე. ჩემს თვალწინ, მამაკაცი საფეხურებიდან ორმოში ჩავარდა. არ ვიცი, გადარჩა თუ არა. თვალებში მხედველობა თითქმის არ მქონდა. შეგვყარეს ასამდე ქალი. გამოსასვლელში ყვითელი ავტობუსი იდგა, მეორე მხარეს, ისევ სპეცრაზმელები. გახსენებაც კი ძნელია. ერთ ადამიანზე ალბათ, ათი მაინც მოდიოდა. მერე თქვეს, ქალები გავუშვათო. ვაი ამ გაშვებას, როგორც გამოდიოდა თითო ადამიანი, ისე ცემდნენ ხელკეტებით. ვიღაც ქალი დამეხმარა გამოსვლისას. მერე კოლმეურნეობის მოედანზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ახალგაზრდა ბიჭებმა მანქანა გამიჩერეს. მისამართი ვუკარნახე და სახლამდე მიმიყვანეს. ფოთში, გვიან ღამით წამოვედი. ახლობელი დამეხმარა. ასეთი რამე ცხრა აპრილს არ ყოფილა. კი, მაშინ მეტი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ხალხს გასაქცევი ქონდა. ახლა, ყველა გზა ჩაკეტილი იყო.„

1 comment:

  1. ცუდად არ მოქცევია პოლიცია რა გინდათ?! 1991 წლი 22 დეკემბერს ამისთანებს ავტომატები ჩამოურიგა მტერმა და სროლა დაიწყეს გამსახურდიას წინაარმდეგ, დღესაც რომ ცამოერიგა გამყიდველ ბათიაშვილს რუსული ავტომატები ამათთვის იგივეს გაიმეორებდნენ მაგრა ერთი რამ ვერ გათვალეს>მიშა ზვიადა არ არის და ცასარეცხი ცაირეცხება საბოლოოდ!!!

    ReplyDelete