
დღეს, ზუგდიდში, “ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) ზუგდიდის რესურსცენტრმა პროექტის - „ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლება რეგიონში“- პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ზუგდიდის რესურსცენტრის მენეჯერის, მაკა კოდუას თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში საარჩევნო ცნობიერების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ზოგადი პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა. ორგანიზაცია საქართველოს 5 რეგიონში (ახალციხე, მარნეული, ზუგდიდი, ბათუმი და გურჯაანი) საკუთარი რესურსცენტერების გაძლიერებას გეგმავს.
მაკა კოდუას თქმით, ხუთივე რესურსცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის 6 თვის მანძილზე დისკუსია–შეხვედრები გაიმართება. პროექტი აშშ–ის განვითარების სააგენტოსა (USAID)და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერაა დაფინანსებული.
არაზუსტ სიებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მხოლოდ ა/ო „ხობის 21 საუკუნის“ დამფუძნებელმა დავით ჯაავამ გამოთქვა და წამოწყებულ პროექტს „დროული“ უწოდა:
-“ხობში სიების მხრივ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წყლის გადასახადს ვიხდიდი 6 ლარს მაშინ, როცა ოჯახში სამი წევრი ვიყავით. შემდეგ აღმოჩნდა რომ დამატებით ოთხ სულზე დარიცხული უნდა გადამეხადა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცეები ეწერნენ ჩემს ოჯახში. ასეთი რამოდენიმე შემთხვევა ვიცი“,-განაცხადა მან.
No comments:
Post a Comment