Thursday, May 26, 2011

ხალხის აზრი: მომიტინგეების დარბევისას,ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას?




- ამ კითხვით მოქალაქეებს ზუგდიდის ქუჩებში მივმართეთ.

მზია ლიპარტია, 55 წლის: "არ იყო ძალის გადამეტება, რადგან პოლიციელებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. მე პირიქით ვფიქრობ, უფლებებს და მოვალეობებს მომიტინგეებმა გადააჭარბეს. ძალიან ვწუხვარ დაღუპულების გამო."

მარინა ქოიავა, 53 წლის: "გამოყენებული იყო წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები, რაც არ არის ძალის გადამეტება. ვფიქრობ, დემოკრატიულ ქვეყანაში, დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის უფლებას არავის მისცემენ."

ანზორ მელია, 51 წლის: "რაც წუხელ მოხდა არის საქართველოს ტრაგედია. რა თქმა უნდა, იყო ძალის გადამეტება, როგორც მომიტინგეების , ასევე ხელისუფლების მხრიდან. პასუხისმგებლობას ალბათ ორივე მხარე აიღებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლობა ყოველთვის ცალმხრივად დგება."

ბადრი მაქაცარია, 40 წლის: "წუხანდელი დარბევა იყო მეორე 9 აპრილი, თუმცა იმ დროს რუსებმა გადაგვიარეს, ახლა კი ერთმანეთს გადავუარეთ. ეს ნამდვილი ეროვნული ტრაგედიაა."

დათუნა თორდია,42წლის: "ასეა თუ ისეა, არის ნორმალური ცხოვრება და მსგავსი აქციების მოწყობა უაზრობაა. მათ უნდოდათ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლა, რაც დაუშვებელია. მათი საქციელი ყოვლად მიუღებელია. პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს უნდა დაეკისროს."

ლადო თოდუა, 23 წლის: "ალბათ, უფრო -კი."

პაპუნა ჭეჟია, 41 წლის: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ძალიან ვწუხვარ გარდაცვლილების გამო. არ მეგონა, დამოუკიდებლობიდან 20 წლის შემდეგაც, ეროვნული ტრაგედიის მომსწრენი გავხდებოდით."

ზაზა რაფავა, 45 წლის: "არ ჰქონია პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი. მითუმეტეს 12 საათის მერე, მომიტინგეებს იქ ყოფნის უფლება არ ქონდათ."

ვახტანგ ჭკადუა, 50 წლის: "ცუდია, რაც მოხდა. დაღუპულების ცოდვა იმის კისერზე იყოს, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო."

მურმან ქაჯაია, 60 წლის: "არ მიყურებია ტელევიზორისთვის, რადგან არ მაინტერესებს მათი აქციები."

თეონა თორდია, 33 წლის: "მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდი, ძალიან განვიცადე რაც მოხდა. ძალის გადამეტებას ადგილი ქონდა ორივე მხრიდან და პასუხისმგებლობაც, ორივე მხარემ უნდა აიღოს."

როინ მატუა, 63 წლის: "რაც ტელევიზორში ვნახე, იქ ნამდვილად ქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას. ეს იყო მშვიდობიანი აქცია და არავის ჰქონდა მათი დარბევის უფლება. გასაგებია, მათ იქ ყოფნის უფლება 12 საათამდე ქონდათ, თუმცა აქციების და მიტინგების დარბევა ყოვლად დუშვებელია."

დალი გაგუა, 44 წლის: "ალბათ ქონდა, რადგან ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ ვისი მხრიდან დანამდვილებით ვერ გეტყვით. ვფიქრობ მომიტინგეებმა გადააჭარბეს უფლებებს, მაგრამ არც ხელისუფლების ნაბიჯი იყო სწორი."

ვაჟა ფიფია, 53 წლის: "დემოკრატიულ ქვეყანაში, დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის უფლება არავის აქვს. ეს შესანიშნავად იცოდნენ ბურჯანაძემ და ბიწაძემ. პოლიციას აუცილებლად უნდა აღეკვეთა ის, რაც იქ ხდებოდა. დარბევის კადრები არ მინახავს და შესაბამისად, ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას."

გიორგი მანია, 25 წლის: "ვფიქრობ, რომ ძალის გადამეტება პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა."

გივი ჯიქია, 67 წლის: "ზუსტად ამას მოველოდი, ვფიქრობ მომიტინგეები პროვოკაციაზე წავიდნენ. თბილისში, უამრავი ადგილია სადაც აქციების გამართვა შეიძლებოდა. დაღუპულების შესახებ რომ გავიგე, ცუდად გავხდი. ეს მთელი საქართველოს უბედურებაა. ვფიქრობ, დღეიდან საქართველოში რაღაც შეიცვლება..."

ახალგაზრდა მამაკაცი,(ვინაობა არ დაასახელა): "არა, არ ყოფილა. უარესის ღირსები იყვნენ."

სალომე კეკელია, 29 წლის: "რა თქმა უნდა, გადაამეტა პოლიციამ თავის უფლება მოვალეობას. ძალიან მეწყინა ხალხი რომ დაიღუპა. დამოუკიდებლობის დღეც არ მიხარია."

მიმოზა გაბედავა, 55 წლის: "ცოტათი იყო, მაგრამ უფრო მეტი დანაშაული მომიტინგეებს მიუძღვით."

ასიდა სოსელია, 30 წლის: "პოლიციელების წუხანდელი ქმედება, მორალურად გაუმართლებელი საქციელია. სიტყვები არ მყოფნის წუხანდელი დარბევის შესაფასებლად."


იგივე კითხვაზე ფოთში მოქალაქეებმაც გვიპასუხეს:

ვანო ჭეჟია, 48 წლის: "ჩემი აზრით, სამართალდამცავებმა ის გააკეთეს, რაც საჭირო იყო. ზედმეტი არაფერი მოსვლიათ.ძალიან დამწყდა გული, ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტი რომ გავიგე, მაგრამ გამოძიება დაადგენს, ვის მიუძღვის ბრალი მათ სიკვდილში"

რეზო (გვარი არ დასახელა),63 წლის :"მთავრობამ ხელი არ უნდა გადაუსვას. დასაჭერია ნინო ბურჯანაძეც, და ყველა დანარჩენები. პირველ რიგში ბურჯანაძე. ამხელა აღლუმი რომ ტარდება, მთელი მსოფლიო უყურებს და წყალი არ მიასხან კაცს? სხვა ქვეყნებში რას შვებიან? პირდაპირ ცემენ და კლავენ. ის ნაცემი ვინცაა, ყველაფერი თვითონ ოპოზიციამ გააკეთა.“"

ზვიად გვასალია,28 წლის:"რაც ხდებოდა, საერთოდ არაა წესი.მაგრამ ოპოზიციასაც რა უნდოდა? მაინც ვერაფერს ვერ მიაღწიე. ხომ იცოდნენ,რომ ასე ადვილად ხელისუფლება არ წავა და ამას რაღაც ცუდი მოყვებოდა?"

გულნაზი ციცქარავა,60 წლის: "პოლიციამ კი არა, ბურჯანაძემ აგოს პასუხი ახალგაზრდები რომ დაიხოცა და გაილახა. ამხელა თანამდებობის ქალმა, რა გააკეთა?! სამშობლოს ღალატიც აღარაა ეს. ახალგაზრდები დაწყდა, მისი შვილი რომ მომკვდარიყო? ხალხის წინაშე წარსდგეს და აღიაროს თავისი ცოდვები."

პაატა შონია, 31 წლის: "დეტალები არ ვიცი, მხოლოდ დილით ვნახე ტელევიზორში, მაგრამ ორივე მხარემ უნდა აგოს პასუხი. იქ რაღაცით განაწყენებული ხალხი იდგა. მათ რაც მოუვიდა, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გაიყოს."

ლილი გოგოლაძე 59 წლის:"პოლიციას რა ექნა სხვა? ყველაფერი ბურჯანაძის კისერზეა. რას გვთავაზობდა უკეთესს? ძლივს სული მოვითქვით, რაღაცა კეთდება ხალხისთვის და რა უნდოდა? ვინ ყავს ამ მთავრობაზე უკეთესი?"

გრიგოლ ბერაია,72 წლის: "ხელისუფლება უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ. პირველ რიგში, სააკაშვილი. რაც გააკეთეს ეს დემოკრატიაა?"

ელგუჯა კუპრეიშვილი,39 წლის: "უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ვინც მიტინგს ატარებდა და ხალხს მოუწოდებდა წესრიგის დარღვევისკენ, იმათმა გადაამეტეს ზუსტად თავის სურვილებში."

ილო შონია, 67 წლის: "ქართველ ხალხს არ ეკადრება ასე მოქცევა, არც ერთ მხარეს. რაც მოხდა ამის მერე, პასუხი სააკაშვილს უნდა მოთხოვო, მაგრამ არც მიტინგზე მყოფების საქციელი იყო ლამაზი და მისაღები."

ვიტალი(გვარი არ დაასახელა) 44 წლის:"უთხრეს წადით სახლშიო, გააფრთხილეს, მეტი რა უნდოდათ? არ ვთვლი, რომ პოლიციამ რამე ზედმეტი გააკეთა."

ნანა ფილია, 37 წლის:"ქართველები იყვნენ ორივე მხარეს, ამდენი მაინც არ უნდა გაეკეთებინათ. არ ვიცი, პოლიტიკაში არ ვერკვევი, მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტი იყო ორივე მხრიდან."

თამაზი ფაცია,35 წლის: "სიმართლე არ არის არც მთავრობის და არც ოპოზიციის მხარეს. ოპოზიციას მაინც არ ვამართლებ. უდანაშაულო ხალხმა რა დააშავა? ამდენი შეგნება არაა აქვთ? სინამდვილე ვინც იქ იყო, იმან იცის, ჩვენ რას შევაფასებთ? მაგრამ გამართლება - არც ერთს არა აქვს."












სოფო ხუბულავა
ლორა ქობალია

ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment