ზუგდიდის ორ მთავარ ხეივანს შორის აღმართული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალი, დღეს. მხოლოდ ჩხოროწყუდან ჩამოსულმა მამა–შვილმა სოსელიებმა შეამკეს ვარდების თაიგულით.ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ 26 მაისის ღონისძიებათა ნუსხაში, მსგავსი რამ განსაზღვრული არ ყოფილა.
თამაზ სოსელია 62 წლისაა. ის ადრე „ეროვნული მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას კომენტარი ვთხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, სოსელიამ 2009 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ ხმა დაკარგა, რის გამოც ვერ დაგველაპარაკა, თუმცა „თავისუფალი სიტყვის“ ჟურნალისტის ბლოკნოტში კომენტარი თავის ხელით ჩაგვიწერა: -„7 ნოემბერს აქციაზე ვიყავი. როცა გაზი გაუშვეს გონება 20 წუთით დავკარგე გონზე, რომ მოვედი ხმა აღარ მქონდა. ამ ბარბაროსებისგან მაშინ მოწამვლა მივიღე, რის შედეგაც ყელის სიმსივნე განმივითარდა. ხორხი ამომაცალეს, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავ, თუმცა ეს დღე 9 აპრილს უნდა ყოფილიყო. მოვედი აქ და პატივი მივაგე საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.“
მისი შვილის, ასიდა სოსელიას თქმით, ის რიგითი მოქალაქეა, თუმცა საჭიროდ მიიჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატივი მიეგო საქართველოს პირველი პრეზიდენტისათვის, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. – „რა მამულიშვილი ვიქნებოდი თუ პირველ პრეზიდენტს პატივს არ მივაგებდი. გული მწყდება, რომ ამ დღეს პრეზიდენტის მემორიალთან თაიგული არ იდო“.
ლორა ქობალია
No comments:
Post a Comment