წუხელ ღამით, სახალხო კრების ოფისში დაკავებულ 12 აქტივისტიდან - რვას, ბათუმის სასამართლომ 2 თვიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა. ესენია: როლანდ ხოზრევანიძე, თემურ ჭანტურიშვილი, ჯამბულ შარაშიძე, მარადი სოლომონიძე, როლანდი აბულაძე, დიმა ჭეიშვილი, ემზარ ქადიძე და ერთი პიროვნება, გვარად ნადირბაძე, რომლის სახელიც „სახალხო კრებისათვის" უცნობია.
კიდევ ოთხი აქტივისტი: ანზორ სოლომონიძე, ხვიჩა გამარჯვებაძე, ოზურგეთელი სიორიძე (სახელი უცნობია) და დავით სამნიძე შსს-ს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ჰყავთ დაკავებული.
"საუბარია მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე,"- ინფორმაცია ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მურმან დუმბაძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე არ შეუშვეს დაკავებულთა ადვოკატები და ახლობლები, შესაბამისად, სხვა დეტალები მათთვის უცნობია.
-„აყვანილები არიან, „შეფიცულთა“ ჯგუფის წევრები, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით ინფორმაციას „სახალხო კრების“ აქტივისტების შესახებ, მათ მისამართებს, ტელეფონის ნომრებს და ა.შ. რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მხარდამჭერთა დიდი რაოდენობის მობილიზება. გარდა ამისა, ეს დარბევა დანარჩენი მხარდამჭერების დაშინებასაც ემსახურებოდა, რათა ადამიანებს შეეშინდეთ "სახალხო კრების" ოფისთან მოსვლა, “-ამბობს დუმბაძე. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნაცემია 60-მდე ადამიანი, ოთხი კი, უმძიმეს მდგომარეობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე იქ რჩებიან.
-„ასეთი, "მაღალი კლასის" დარბევა არც მაგონდება. ეს გააკეთა ღამით "სახალხო კრების" ოფისთან პერიმეტრს 150 კაცამდე სპეცრაზმელი და სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამინი აკონტროლებდა. ღამის ორ საათზე 50-ზე მეტი ოფისში შემოიჭრა. ასეთი ვანდალური დარბევა 2003 წლის მაისის მერე არ მახსოვს. იყვნენ ხელკეტებით,ხალხს კონდახებით დაუტეხეს თავები. აივნიდან გადამხტარ ორ ადამიანს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიაც მიაყოლეს. ოფისში მყოფი ერთ-ერთი სამოქალაქოფორმიანის ბრძანებით, ჩემზე და კიდევ ერთ ლიდერზე, თემურ შაშიაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ,“-აცხადებს დუმბაძე.
„სახალხო კრების“ ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბათუმში ლოკალური მიტინგები გაგრძელდება. სამ საათზე დაგეგმილია დიდი აქცია, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ დედაქალაქს თუ ბათუმში გაგრძელდეს საპროტესტო აქციები.
No comments:
Post a Comment