Tuesday, May 31, 2011

თურქეთში წასვლა მარტივდება







დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაეფ ერდოღანმა სარფის განახლებული საბაჟოს შენობა გახსნეს და ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესების მემორანდუმს სარფშივე მოაწერეს ხელი.

2012 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადალახვა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობით იქნება შესაძლებელი.ძალიან მალე კი საბაჟო კონტროლის მექანიზმებიც გამარტივდება და ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივ კონტროლს განახორციელებენ. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონში საბაჟო კონტროლის შესახებ უკვე შევიდა. საბაჟოს ახალ შენობას 7 გასასვლელი გააჩნია და კონტროლის უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ის გერმანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, რომლის მშენებლობაც ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

–„ მე მიხარია, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული კავშირებია. საბაჟო კონტროლის გაიოლება კი ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და უფრო დაგვაახლოვებს“,-აღნიშნა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და თურქეთის პრემიერ მინისტრს "სიტყვის კაცი" უწოდა და მადლობა გადაუხადა. – „ჩემთვის მისაბაძი ადრე ათა თურქი იყო, ახლა კი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც თურქეთი საგარეო ასპარეზზე გაიყვანა და ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დააყენა“, –განაცხადა სააკაშვილმა.

სარფიდან მიხეილ სააკაშვილი ბათუმს ეწვია, სადაც სავაჭრო, სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსის-“ბათუმი პლაზას” გახსნას დაესწრო, რომელიც ექვსი წელი შენდებოდა. ამის შემდეგ პეზიდენტმა ბათუმის შესასვლელთან მდებარე ახალი რესტორანი„ რივიერაც“ გახსნა. რის შემდეგაც ბათუმი დატოვა.

ზურა ბაუჟაძე

No comments:

Post a Comment