


ფოთში მოქმედი ოპოზიციური პარტიები 26 მაისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.
„დარბევა კი არა, ეროვნული სულის ჩაძაღლება იყო“ - ასე აფასებს ხელისუფლების მიერ 26 მაისს აქციის დარბევას „თავისუფალი საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერი, თამაზ სოსელია. მისი თქმით, აქციაზე გამოსული ხალხი ქართულ სულს და ქართულ დემოკრატიას იცავდა. 26 მაისის ღამის მოვლენებს, სოსელია ხელისუფლების დადგმულ სცენას უწოდებს.
„როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი „რაგატკებით“ და ხელკეტებით უნდა გადაგვეგდო? სპეცრაზმელები წყლის ჭავლებით მოდიოდნენ, ხელკეტებით, ტყვიით, ხელბორკილებით, და 200-300 კაცი მაგათ რამეს უზამდა? ან სად არის ის „მოლოტოვის კოქტეილები“, ხელისუფლება რომ იძახის? დონაძემ, რომ პარკით მიიტანა და დადო ზეთჩასხმული ბოთლები, ეგ არის? სააკაშვილს ჰგონია, რომ ქვეყანაში მისი მომრევი არავინაა, მაგრამ ხალხის იმედი მაქვს. სახელისუფლებო ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მიშა მალე წავა.“-აცხადებს სოსელია.
მან ქართულ ტელეარხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცენტრალურმა ტელევიზიებმა მოვლენების დემაგოგიური და აბსურდული გაშუქებით, ქვეყანაში დიქტატურის არსებობა დაადასტურეს.
„ლენინის არ იყოს, დღეს ხელისუფლების მომხრეები ფიქრობენ, რომ მიშა არის და მიშა ყოველთვის იქნება. მაგრამ, არ იქნება მიშა ყოველთვის. უკვე სტუდენტებიც კი მიხვდნენ, რომ ცუდად მიდის საქმე და გამოცოცხლდნენ. მე მგონი, უკვე სააკაშვილის დასასრული იწყება.“
ფოთში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გაიოზ ქინქლაძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ხელისუფლება, რომელიც თვითონ არღვევს კანონს და კონსტიტუციას, თავად აყენებს საკუთარ თავს კანონგარეშე. როცა სურდათ, არჩევნების თარიღი უცერემონიოდ გადაიტანეს 6 თვით. ასეთ ხელისუფლებას, არა ჰქონდა მორალური უფლება, რამდენიმე საათის გადაცილებისათვის აქცია დაერბია. პოლიციამ კი არა მთლიანად, ხელისუფლებამ გადაამეტა უფლებამოსილებას„
ქინქლაძის თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს, მაგრამ არ ეთანხმება მეთოდებს, რომელიც ამ ადამიანებმა აირჩიეს. „ეს ხალხი, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით გამოსულიყო, ჩვენი პარტია უპირობოდ დადგებოდა მათ გვერდით.“-განაცხადა მან.
„ქრისტიან დემოკრატების“ ფოთელი ლიდერის, ლაშა ბერაიას აზრით, პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებმა და ხელისუფლებამ უნდა გაინაწილონ: “აქციის ორგანიზატორები გამოწვევაზე წავიდნენ, როცა აღლუმის ჩაშლა გადაწყვიტეს. ხელისუფლებამ კი აქციის დაშლის ნაცვლად, ძალას გადაამეტა და დარბევა განახორციელა.“ ბერაიას თქმით,მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შედარებით, აგრესიული ნაწილის კანონიერ ფარგლებში განეიტრალების ნაცვლად, სამართალდამცავებმა მომიტინგეები სასტიკად სცემეს.
ნინო თუნთია
ფოტოები აღებულია საინფორმაციო სააგენტო expressnews.ge-ს ვებ-გვერდიდან
No comments:
Post a Comment