Thursday, May 26, 2011

დამოუკიდებლობის დღე ფოთში





ფოთში, მშენებარე თეატრთან დამონტაჟებულ სცენაზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა. სცენასთან შეკრებილებს შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ.

მერაბ ასანიძე, ფოთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი:

„ეს ქალაქის სახელით დაგეგმილი ღონისძიებაა. რიგითი ღონისძიება რომ იყოს, დაღუპულების გამო რაღაც ზომებს მივიღებდით. მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეა და ღირსებით უნდა ჩავატაროთ. პატივს მივაგებთ დაღუპულებს და მათ ოჯახებს სამძიმარსაც გამოვუცხადებთ. ისინი ხომ შეეწირნენ რუსეთის ახალ ავანტიურას. ერთი იყო წაქეზებული, მეორე კი კბილებით იცავდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. მაგრამ, დღეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის 20 წლისთავი და საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.“

ვახტანგ დარცმელიძე, ფოთის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე:
„ჩემი აზრით, დღევანდელი დღის საზეიმოდ აღნიშვნა საკამაოდ გამართლებულია. თბილისში აქციის ორგანიზატორები არაერთჯერ, ათასჯერ გააფრთხილეს, რომ აქციის ადგილზე იგეგმებოდა კონცერტი და მიტინგი სხვა ადგილას ჩაეტარებინათ. მაგრამ მათ არ ისურვეს. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არაა გამორიცხული, რომ ერთეულმა პოლიციელებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას, მაგაზე გადაწყვეტილებას ალბათ კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ.“

ანზორ შამათავა, მოქალაქე:
„ჩემი შვილიშვილი გამოდის და მაგიტომ მოვედი. აღნიშვნაზე კიდევ, რა გითხრათ, პოლიტიკის არაფერი არ ვიცი. შვიდობა და სიმშვიდე გვინდა. უნდა ვაცალოთ ამ მთავრობას და ვნახავთ, რა იქნება მომავალში.“

ნანა კორტავა, მოქალაქე:
„ჩვეულებრივად, ისე ტარდება როგორც სხვა ქალაქებში. შეიძლება, არაა მიზანშეწონილი, ხალხია მკვდარი, მაგრამ მაინც გამოვედით საყურებლად.“

ალეკო ფიფია, მოქალაქე:
„უხარიათ ფოთელებს ფოთში კონცერტი რომაა და მოვიდნენ. ისე, არა მგონია, საკონცერტოდ გვქონდეს საქმე იმის მერე, რაც მოხდა.“

ფოთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, მერაბ ასანიძის თქმით, ღონისძიების პროგრამიდან, მხოლოდ ფეიერვერკი ამოიღეს.

No comments:

Post a Comment