
"სახალხო პარტიის" ფოთის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა დოლბაიას, დღეს დილით საკუთარი ავტომობილი (BAN 788) ჩამოართვეს.
"დილის შვიდ საათზე, ორგანიზაციის ოფისში მიმავალი, საპატრულო პოლიციამ გამაჩერა. გამომიცხადეს, რომ ჩემი ავტომობილი დაყადაღებულია და უნდა ჩამომართვან. შეწინააღმდეგებისას სიტუაცია დაიძაბა. პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, ავტომობილი გავატანე. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ორგანიზაციის სხვა ლიდერებიც, სევერინ შენგელია და ნუგზარ ტყებუჩავა."-განაცხადა დოლბაიამ "თავისუფალ სიტყვასთან" სატელეფონო საუბრისას. ის ამბობს, რომ ავტომობილი იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა, შესაბამისად მას არც ყადაღა ადევს.
„დაყადაღებული რომც მქონოდა, დაყადაღებული ქონების ჩამოსართმევად აღსრულების ბიურო არსებობს. საპატრულო პოლიციას არავითარი უფლება არა აქვს ქონება ჩამომართვას. მსგავსს სიტუაციაში არიან მიკროავტობუსების და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებიც. „-განაცხადა დოლბაიამ. „სახალხო კრების“ წარმომადგენლები, ამ ეტაპზე თავს იკავებენ მძღოლების ვინაობის დასახელებისაგან.
„მოქმედი ოქმების გატარებამდე, არა მაქვს უფლება რაიმე გითხრათ“-ამ კომენტარით შემოიფარგლა „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას ფოთის საპატრულო პოლიციის მორიგე, პაატა ქათამაძე. მონაწილეობდა თუ არა საპატრულო პოლიცია დაყადაღებული ავტომობილების ჩამორთმევის პროცესში და რამდენი მანქანაა გადაყვანილი საჯარიმო სადგომზე? საპატრულო პოლიციიდან ამ კითხვებზე პასუხის მიღება, ამ დრომდე შეუძლებელია.
დოლბაიას თქმით, ფოთიდან გამგზავრება ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილმა სხვადასხვა საშუალებებით მოახერხეს, ისინი უკვე დედაქალაქში იმყოფებიან.
No comments:
Post a Comment