
დღეს, ადგილობრივ მედიასაშუალებებთან შეხვედრისას, ფოთის მერმა, ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა. „სისწრაფეზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიწყებთ“- განაცხადა მან. თუმცა, მომავლის პერპექტივებამდე, ვახტანგ ლემონჯავას დანგრეულ ავტოფარეხებზე, წყლის მაღალი ტარიფისა და ფოთის მშენებარე აეროპორტის გასაიდუმლოებული პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, ავტოფარეხების აღების კამპანია, 2010 წლის შემოდგომაზე, ფოთის მერის ინიციატივით დაიწყო. შესაბამისი დოკუმენტი, ადგილობრივ ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია. 3000 ავტოფარეხიდან დანგრევას 270 გადაურჩა. ავტოფარეხების მეპატრონეები პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ დანგრევის გადაწყვეტილება სამსახურის დაკარგვის ან მომავალში შესაძლო გართულებების შიშით მიიღეს.
„ეს არ არის კრიმინალური პროცესი. არც ერთი ავტოფარეხი, პატრონთან შეთანხმების გარეშე არ დაგვინგრევია“- განაცხადა ლემონჯავამ და აბსურდი უწოდა კერძო საკუთრების ხელყოფისა და მოქალაქეების დაშინების ფაქტებზე მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. თუმცა, არ უარყვია ის ფაქტი, რომ დანგრევას გადარჩენილი, 270 დაკანონებული ავტოფარეხის მეპატრონეთათვის კომპენსაციის შეთავაზებას მერია არ აპირებდა და არც მომავალში აპირებს. მისი თქმით, საკომპენსაციო თანხას მთლიანად დასჭირდება 5 მლნ.ლარი, რომელიც ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული.
მერმა ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთა წყალსადენის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ, 24 -საათიანი წყალმომარაგების გრაფიკის პირობა მაინც ვერ დადო. მიზეზად, მილსადენზე სენაკისა და ხობის რაიონებში, მოსახლეობის თვითნებური მიერთებები და მილსადენში წყლის წნევის დაწევა დაასახელა. ლემონჯავას თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, წყალს 12-14 საათი განმავლობაში მივიღებთ, მაგრამ ტარიფის შემცირება არ იგეგმება.
ფოთის სასმელი წყლით 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტზე 27 მილიონი იმ პირობით დაიხარჯა, რომ ფმოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებდა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთანავე, კუბური მეტრი წყლის საფასური 35-დან 55 თეთრამდე გაიზარდა. ფოთელები 24 სათიანი მომსახურების საფასურს იხდიან, წყალი კი დღეგამოშვებით, 3-4 საათით მიეწოდებათ.
ლემონჯავამ, ფოთის მშენებარე აეროპორტის პროექტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აეროპორტის მფლობელი „რაკია“ პროექტს არ ასაიდუმლოებს. სარეგისტრაციო ორგანოების მიერ პროექტის რეგიტრაციაში გატარების შემდეგ, ის მედიისათვის ხელმისაწვდომი გახდება და აქვე დასძინა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურისაგან განსხვავებით, „რაკია“ აეროპორტის გასხვისებას არ აპირებს.
2011-2012 წლებში ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე მილიონის სამუშაოებს გეგმავს: 220 000 ლარის სათამაშო მოედნები, 1 მლნ. სახურავებისათვის, რამდენიმე მილიონი ფასადებისათვის.
2013 წლიდან კი, მერის განცხადებით,ქალაქში გაზის, წყლის, კანალიზაციის მაგისტრალების მშენებლობა დაიწყება.
„რივერსაიდი“- რიონის სანაპიროების მოწყობის პროექტი, პლაჟი, და ათეულ მილიონიანი საინვესტიციო პროექტები. ასეთია ფოთის მერის „მომავლის პერსპექტივები.“ ამათგან ყველაზე ორიგინალური- ქალაქის ზღვისკენ შემობრუნების გეგმაა.
ასეთი პროექტი რეალურად არსებობს. ქალაქის ზღვისკენ შებრუნების იდეა, ცნობილ არქიტექტორს, შოთა ყავლაშვილს ეკუთვნოდა. პროექტი პოლიტიკოსთა ყურადღებას არჩევნებიდან არჩევნებამდე იქცევს, თუმცა, მისი განხორციელება რეალურად ჯერ არავის უცდია. ამ შემთხვევაში, ლემონჯავას უკვე არსებული პროექტის შესახებ არაფერი უთქვამს.
„ეს არ არის ერთ და ორ წელიწადში შესრულებადი, მაგრამ მომავლის პერსპექტივაა“-განაცხადა მერმა და დასძინა:„დროში გაწელილი სამუშაოების პულსზე გვიდევს ხელი.“
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment