


დღეს, 18 საათზე, ფოთის ბავშვთა ფედერაციის რეაბილიტაციის ცენტრის 11 მოზარდი ფოთის თეატრში სპექტაკლს ითამაშებს. ბავშვთა საერთაშორისო დღის ორიგინალურად აღნიშვნის იდეა საესტრადო სტუდია „თეთრი თოლიას“ პედაგოგებს ეკუთვნით. სტუდია, რამდენიმე თვეა ცენტრის ბავშვებს უსასყიდლოდ ამზადებს.
როგორ ემზადებოდნენ ბავშვები პირველი სპექტაკლისათვის, ამის გასაგებად ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს ვესტუმრეთ და ბავშვებსა და ცენტრის ხელმძღვანელს გავესაუბრეთ.
ცენტრი ფოთში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ის საბჭოს ქუჩაზე, კერძო ნაქირავებ სახლშია განთავსებული, რომელშიც 11 მოზარდი ცხოვრობს სოციალურად დაუცველი, კონფლიქტური და სხვა პრობლემური ოჯახებიდან.
ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კალანდაძის თქმით, ეს ბავშვები მსგავსი, ოჯახური ტიპის ცენტრებში უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე ბავშვთა სახლებში. „ცოტა ვიწროდ ვართ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთარ ოჯახებში მათ ელემენტარული პირობებიც არა აქვთ, ოთხჯერადი კვება, სასკოლო ფორმები და სახელმძღვანელოები, დროული სამედიცინო მომსახურება, კომპიუტერები ამ ბავშვებისთვის კარგი პირობებია,“-ამბობს კალანდაძე.
ცენტრს, შენობის პირველ სართულზე ხუთი ოთახი უჭირავს. ოთახების კედლებზე ბავშვების ნახატები და ფოტოებია გამოფენილი. -„სურათები ბაკურიანში გადავიღეთ, როცა დასასვენებლად ვიყავით,“-ამბობს 9 წლის მაია, რომელიც ცენტრში ორ უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს.
17 წლის ლევანი მეთერთმეტე წელია ცენტრში ცხოვრობს. მას უფროსი, უკვე დაოჯახებული ძმები ჰყავს, თუმცა იშვიათად ნახულობს. ის რამდენიმე თვეში სრულწლოვანი გახდება და ცენტრიდან წასვლა მოუწევს. „სამწუხაროდ, არ ვიცით, როგორ გადაწყდება მისი საკითხი. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, მას ვეღარაფრით დავეხმარებით,“-ამბობს კალანდაძე.
ცენტრის თანამშრომელის თქმით, ბავშვების უმეტესობას ოჯახის წევრები რამდენიმე თვეში ერთჯერ აკითხავენ ან ორიოდ დღით სახლში მიჰყავთ. „სახლში ყოფნას, აქ მირჩევნია. აქ უკეთესია,“- არ მალავს 12 წლის დიანა.
თეატრში წასვლამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ბავშვებმა ტელევიზორს უყურეს.„ჩვენი სპექტაკლი -„კიარას თავგადასავალი“ -სევდიანი ისტორიაა კეთილი დასასრულით,“-ამბობს ლევანი.
ბავშვებმა ღიმილით გამოგვაცილეს და სპექტაკლზე დაგვპატიჟეს.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment