Thursday, June 2, 2011

სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილები







ზუგდიდის სოციალური მომსახურეობის ცენტრში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხის რიგი დგას. მათ ერთი საერთო აქვთ – მოხსნილი სოციალური დახმარება, რომელსაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფნის გამო იღებდნენ. თუმცა, მათთვის გაურკევევლია, რისთვის მოუმატეს ქულები სოციალურმა აგენტებმა, როცა მათი სოციალური მდგომაარეობა არ გაუმჯობესებულა.

ზუგდიდის სოციალური მომსახურეობის ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის იანვრის დასაწყისში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებას სულ 4283 ოჯახი იღებდა. 2010 წლის დეკემბერში კი მის გარეშე 1334 ოჯახი დარჩა.

ძაკული შანავა, ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში მარტო ცხოვრობს და პენსიით ირჩენს თავს. ის სოციალურ დახმარებას უკვე რამდენიმე წელია იღებდა, თუმცა, გასული წლის დეკემბრიდან დახმარება შეუწყდა. მას პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც მცირეოდენი სიმინდი მოჰყავს. – „დეკემბრის თვეში შეამოწმეს რა პირობებში ვცხოვრობდი. ყველაფერზე ნული დავწერე, არ შეგეშინდეს, შენ არავინ მოგიხსნისო, მითხრეს, მაგრამ უკვე ნახევარი წელია სოციალური დახმარება არ ამიღია. ნახევრად ვშიმშილობ და ისე ვთოხნი ამ პატარა ყანას,“ – ამბობს შანავა. მან რამდენჯერმე მიაკითხა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, თუმცა უშედეგოდ.

ვალტერ მანია, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ის ჯერ საპენსიო ასაკს მიღწეული არაა. სოციალური დახმარება კი სამი თვის წინ შეუწყდა.ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. ვალტერ მანია კალათებს ამზადებს, შემდეგ ბაზარში ყიდის. მანიებს მიწის მცირე ნაკვეთი აქვთ, სადაც წელიწადში ერთხელ ცოტაოდენი თხილის მოსავალს იღებენ. ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს. -„ სოციალური დახმარება თებერვლის თვიდან არ აგვიღია. არ ვიცი რატომ შეგვიწყვიტეს, ამის იმედად ვიყავით. მე კვირაში მხოლოდ ერთი კალათის გაკეთებას და გაყიდვას ვახერხებ. ხელი მტკივა და ძალაც არ მაქვს, რომ სწრაფად ვიმუშავო. შინაური პირუტყვიც არ გვყავს, მხოლოდ ეს 100 კილო თხილი გაქვს“,– ამბობს ვალტერ მანია.

დარეჯან ქობალიაც სოფელ კორცხელში ცხოვრობს. 6-წვრიან ოჯახში ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რასაც 13 წლის შვილიშვილის მარჩენალდაკარგულის პენსია ემატება. მათი საცხოვრებელი ადგილი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მანიების ოჯახის მსგავსად მათაც, მცირე მიწის ნაკვეთი აქვთ, სადაც მცირეოდენი თხილი და სიმინდი მოჰყავთ. – „აპრილის დასაწყისში მოვიდა სოციალური აგენტი. ამის შემდეგ დახმარება აღარ მიგვიღია. ძალიან ცუდ დღეში გვიწევდა ცხოვრება და ახლა კიდევ უფრო გაგვიჭირდა. ერთი ძროხა გვყავდა და ისიც მოგვიკვდა,“ – ამბობს დარეჯან ქობალია.

ოჯახი, რომელიც სოციალური აგენტის შემოწმების შემდეგ ვერ მიიღებს სოციალურ დახმარებას, ერთი წლის გასვლამდე სოციალური მომსახურეობის ცენტრისთვის დახმარების მოთხოვნით მიმართვა არ შეუძლია. ზუგდიდის სოციალური მომსახურეობის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნატო ქირიას განცხადებით, გამონაკლისია ის შემთხვევა, თუ ოჯახში შეიცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა ან გაიყიდება რაიმე სახის ქონება: –„ოჯახი, რომელიც არ ეთანხმება მინიჭებულ ქულას და ვერ მოხვდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, უნდა მიმართოს გამგებელს. გამგებელი კი შუამდგომლობით მიმართავს სოციალური მომსახურეობის რეგიონული ცენტრის უფროსს. ჩვენთან ხშირად შემოდის შუამდგომლობები გუბერნიიდან და გამგეობიდან. ჩვენ თითოეულ შუამდგომლობაზე ვახდენთ რეაგირებას,“– განაცხადა ნატო ქირიამ.

სოფო ხუბულავა

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete