

ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსებული ატრაქციონის დემონტაჟსა და გატანაზე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუქციონი გამოაცხადა. საუბარია „პანორამულ ბორბალზე“ („ეშმაკის ბორბალი“- როგორც მას ფოთელები მოიხსენიებენ), რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შპს „კულტურისა და დასვენების პარკის“ ბალანსზე ირიცხება.
ატრაქციონი, რამდენიმე წელია მწყობრიდან გამოსულია და აღარ ფუნქციონირებს. მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აუქციონის წესით ბორბლის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სპეციალისტებმა ატრაქციონი ავარიულად მიიჩნიეს. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის საპროექტო და დიაგნოსტიკური ცენტრის 2010 წ.ის 18 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ ბორბალი ექსპლუააციისათვის უვარგისია, აღმოჩენილი დეფექტების გამო.
ია ტუღუში მერიის ადმინისტრაციის უფროსი:
„მაშინაც კი, თუ ატრაქციონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მისი ექსპლუატაციის ვადა, მხოლოდ 2 წელი იქნება, შემდეგ მაინც დემონტაჟი გახდება საჭირო. სარემონტო სამუშაოებზე საბიუჯეტო სახსრების დახარჯვას, ვამჯობინეთ, ის საერთოდ აგვეღო“.
საპრივატიზებო ქონების(პანორამული ბორბლის) საწყისი ფასი 4 859 ლარია. შეძენის მსურველმა, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბილეთის საფასური - 30 ლარი და ე.წ. „ბე“ – 1457,7 ლ , შპს „კულტურისა და დასვენების პარკის“ ანგარიშზე , „ვითიბი“ ბანკში უნდა გადაიხადოს.
გამარჯვებულმა, საკუთრების გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ატრაქციონის შეძენის საფასური უნდა გადაიხადოს, საკუთრების მოწმობის აღებიდან 60 დღეში კი, ატრაქციონის დემონტაჟი და გატანა განახორციელოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, აუქციონის შედეგები გაუქმდება და გადარიცხული თანხა გადამხდელს უკან აღარ დაუბრუნდება.
მერიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პარკის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობას გეგმავს, რათა დასვენებისა და გართობის კერად აქციოს, ამისათვის კი ჯერ ტერიტორიის გათავისუფლება-დასუფთავება უნდა მოხდეს.
რაც შეეხება კეთილმოწყობის საუშაოებს, ტუღუშის თქმით, დეტალებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ საპროექტო სამუშაოებიც კი არაა დაწყებული. თუმცა პერსპექტივაში ადგილობრივი სამსახურები პარკის თანამედროვე ატრაქციონებით აღჭურვასა და მრავალფეროვანი მწვანე ნარგავების დარგვასაც აპირებენ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში, გათვალისწინებული არ არის თანხები არც საპროექტო და არც კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შეტანა 25 მარტამდე, ქალაქის მერიაში შეუძლიათ.
P. S. აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია : „აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია: აუქციონით განსაკარგ მიწის ნაკვეთზე უმაღლესი ფასის შემოთავაზება.“ ანუ წინადადების შინაარსის მხედვით, აუქციონში გასამარჯვებლად საჭიროა მიწის ნაკვეთზე უმაღლესი ფასის შეთავაზება.
მიწის ნაკვეთი, სადაც ატრაქციონია განთავსებული შპს „კულტურისა და დასვენების პარკის“ საკუთრებაა; პარკები და სკვერები განუსხვისებელ ქონებად ითვლება (საქართველოს კანონი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ. მუხლი.2) და რაც მთავარია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ატრაქციონი დგას, მიწაზე გადასახადი საკმაოდ სოლიდურია, დასახელებული თანხა კი რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლები.
„თავისუფალი სიტყვა“ დაინტერესდა, ატრაქციონის დემონტაჟსა და გატანაზე გამოცხადებულ აუქციონზე, რატომ ითხოვდა თვითმმართველობა ატრაქციონის მყიდველისაგან, გასამარჯვებლად მიწის ნაკვეთზე უმაღლესი ფასის შეთავაზებას?!
ამ კითხვით ადმინისტრაციის უფროსს, ია ტუღუშს მივმართეთ. მისი განმარტებით, განცხადების ტექსტში შეცდომა ტექნიკური ხასიათისაა და ტექსტის აკრეფის დროს „განსაკარგი აუქციონის“ ნაცვლად, „განსაკარგი მიწის ნაკვეთია“ ჩაწერილი. იმის დასტურად, რომ მიწა კი არა ატრაქციონი იყიდება, ტუღუშმა ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის 3/15 განკარგულება მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც საუბარია არა ნაკვეთზე, არამედ ატრაქციონზე. მოგვიანებით, მერიის საინფორმაციო სამსახურმა ტექსტი მერიის ვებ-გვერდზეც ჩაასწორა.
No comments:
Post a Comment