
საქართველოს კონტროლის პალატამ საჯარო სკოლების აუდიტი დაიწყო. აუდიტი შეისწავლის, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვას, ისე სკოლების საკუთარი შემოსავლების კანონიერებას, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ თანხებს, ადმინისტრაციულ და კომუნალურ ხარჯებს. შესამოწმებელ სკოლათა ნუსხაში ფოთის ნომერ მეხუთე საჯარო სკოლაც მოხვდა.
ფოთის განათლების რესურსცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განმარტებით, ინფორმაცია, რომ მეხუთე სკოლას კონტროლის პალატის აუდიტი შეამოწმებს, სამინისტროს ვებ–გვერდიდან შეიტყო და დამატებითი ინფორმაცია, რატომ გადაწყდა სკოლის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა რესურსცენტრში არ აქვთ.
ქორქიამ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს შემოწმება სკოლის პედკოლექტივმა მოითხოვა, და განაცხადა რომ პედკოლექტივს წერილობით არც რესურსცენტრისა და არც სამინისტროსათვის არ მიუმართავს.
მეხუთე საჯარო სკოლა საზოგადოების ყურადღების ქვეშ პირველად არაა მოქცეული, რამდენიმე კვირის წინ, სკოლის დირექტორი, ნანა თოფურია, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. თუმცა რეალური მიზეზი, მოსწავლესთან მომხდარი უსიამოვნებაა, რომელიც სკოლის მანდატურმა დააფიქსირა და დირექტორი თანამდებობიდან მოხსნამდე საკუთარი განცხადებით გადადგა.
მოზარდთან დაკავშირებული შემთხვევა პირველი უსიამოვნება არ არის, რომელშიც ნანა თოფურია მეხუთე სკოლის დირექტორად მოსვლის შემდეგ გაეხვია. მისივე პედაგოგმა, ირინე ეფრემიძემ თოფურია მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. (თავისუფალი სიტყვა, #44(134), 12–17 ივლისი, 2010 წელი). ეფრემიძე პრეტენზიებს სკოლის ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებითაც გამოთქვამდა. „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას ნანა თოფურიამ ეფრემიძის ბრალდებები უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.
გოჩა ქორქიას თქმით, აუდიტი მეხუთე სკოლაში მუშაობას თბილისისა და რუსთავის სკოლების შემოწმების დასრულების შემდეგ დაიწყებს.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment